ხუტა ბერულავა – “დავითიანის” გადამრჩენელი
მას ეპატიოს,ვით ჭაბუკ დესპანს,
შეხედვა უნდო და იჭვიანი,
როცა მოხუცმა მიმართა ლექსად
და გაუწოდა “დავითიანი”.
* * *
მას ეპატიოს,რომ უცხო ხალხში
უკვდავებასთან იდგა მეფურად…
მხსნელი ვარსკვლავი იპოვა მაშინ
მშობელ ქვეყანას მოშორებულმა.
* * *
და ჩააბარა,როგორც შვილს შვილი,
ის,რაც სიცოცხლის ნუგეშად დარჩა.
შიგ იყო კაცის დარდი,შიმშილი,
ოცნება,ფიქრი,იმედი,გარჯა…
* * *
მირიანს უბით მოჰქონდა ფრთხილად
ლტოლვილი მოძმის ხელით ნაწერი -
ყველა სიკეთის და სიმწრის ხილვა,
მთელი სიცოცხლის ნამოღვაწევი.
* * *
მე ახლაც ჟრჟოლა მივლის და მზარავს:
რას ვიღონებდით,რა გვექნა მაშინ,
რომ წასწყდომოდა მხედარი ქარაფს
და ჩავარდნოდა მერანი ხრამში.
* * *
მაშინ რა გვექნა,მდინარის ტალღებს
რომ გაეტაცათ მგზავრი დაღლილი,
ვინღა იტყოდა დავითის ნაღველს,
როგორ გაგვეგო მისი ძახილი?!
* * *
…ყოველთვის,როცა დიდი წინაპრის
ღვთიური წიგნი მიპყრია ხელში,
მე თვალწინ მიდგას სახემბრწყინავი
და ფიქრიანი ჭაბუკი ელჩი.
* * *
მხოლოდ მადლობის სიტყვა თუ კმარა?
არა მშურს ჯილდო არავითარი
მისთვის,ვინც მამულს არ დაუკარგა
განძი მდიდარი,ნადავითარი;
* * *
ვინც გვაზიარა უკვდავ საუნჯეს,
ვინც დაგვიბრუნა ბრძენი მრჩეველი,
და… დავიწყებას მსურს გადაურჩეს
“დავითიანის” გადამრჩენელი.
P.S. ცნობისათვის,გენიალური ქართველი პოეტის – დავით გურამიშვილის გენიალურივე ქმნილება – “დავითიანი” კრემენჩუგში (უკრაინა) მყოფმა დავითმა საქართველოში ქართველ ელჩს – მირიან ბატონიშვილს გამოატანა.შესაბამისად,მირიანმა უდიდესი წვლილი დაიდო იმაში,რომ ქართველ ხალხს “დავითიანი” შემოუნახა. – (ავტორი გენია.ჯი)