გალაკტიონ ტაბიძე – “უცვლელად საერთო”
უცვლელად საერთო
ისმოდა ჩივილი:
“ეს არის ჩვენი ხმა
და გულის ტკივილი -
მასის და კულტურის
მწუხარე გათიშვა.
წიგნები რად გვინდა,
თაეტრი რად იშვა?
ამაოდ აგებენ
მშვენიერ თეატრებს,
ქუდი რომ შეუგდონ
კაცს ვერვინ შეათრევს.
ამაოდ აწყვია
ყდა კარგი წიგნების,
მნატვრელი ვინაა
იმათი მიგნების?
ვინაც ჰქმნის კულტურის
რაიმე შვენებას
იგი ხალხს გაურბის
ვით სასტიკ ჩვენებას.
და ხალხიც: რა გვნახეთ,
რა მათი საფერი?
ეს ხომ გათიშვაა
და სხვა არაფერი.
კულტურის გზა ხალხთან
არაა ადვილი.
ინგლისში ქურდების
აყვავდა რომანი,
პარიზში (ამაზე
სწუხდა ლენორმანი)
არსებობს შეძლებულ
წრეების ფართობი,
თეატრი სჭირდებათ
როგორც გასართობი.
ეს არის მაძღართა
უგულო სკეპსისი,
მაგრამ თუ ასეა -
ვისია მერმისი?
და მძლავრი ხმა ისმის:
მუშათა მასების!
იქ დიდი კულტურის
წყურვილი არსებობს.
წავიდეთ.დიადი
გვექნება მგზავრობა;
თუ ხალხის ამ მხარეს
არ იცნობს მთავრობა,
ცენზურა სასტიკი
ცხადი,ან ფარული -
ჩვენ გვიცდის შეხვედრის
დიდი სიხარული!
ჩვენ გავგლეჯთ საზიზღარ
ეკლიან მავთულებს
გულწრფელად ჩვენ მისვლას
ხალხთან რომ ართულებს”.
და მართლაც მიდიან…
რამდენი ხანია…
- ვინ არის ის,ხალხში?
- რომენ როლანია!