ლაშა ბიბიჩაძე – “მე,შენ და არავინ”
მე,შენ და არავინ,არავინ ზედმეტი,
მე,შენ და საგზლად კი ლექსები ტერენტის.
გავექცეთ ღამეს და დავტოვოთ ეჭვები
და აღარც ცხოვრება ვათრიოთ ბეჭებით.
გავიქცეთ იქ,სადაც არაა მესია,
იქ,სადაც სიყვარულს არასდროს ესვრიან,
ნაპირთან მოვნახოთ სიმშვიდის სავანე,
ნაპირთან,ღმერთი რომ წმინდანად განბანეს.
ავაგოთ ნავი და პატარა ქოხურა,
კარებს რომ უკუნი სიბნელე მოხურავს,
ვუშველოთ მომავალს,ვუშველოთ გაქცევით,
დაგიკრეფ გვირილებს და პურის მარცვლებით
მძივებსაც აგიწყობ,მოგირთავ საყელოს,
მოგიძღვნი პოემებს (თუნდაც უსახელოს)
დავირქმევ გედიას,შენ კიდევ – მარიტა,
ვიცი,რომ ჩემს გამო ტალახსაც აიტან.
არ გვინდა ფარდა და არ გვინდა სამოსი,
გავლიოთ ლამაზად ბოლომდე სამოცი
წელი და ცოტასაც უფალი გვაჩუქებს,
ჯილდოდ რომ გავუძლეთ წაბილწულ ამ ქუჩებს,
ჯილდოდ რომ სიყვარულს ბალზამად დაწურავ,
ჯილდოდ რომ სხეულში სისხლივით დაცურავ.
გავიქცეთ იქ,სადაც არაა მესია,
იქ,სადაც,სიყვარულს არასდროს ესვრიან…