ტომას მორის წიგნიდან – “უტოპია”
“ჩემი აზრით,სრულიად უსამართლოა ფულის წართმევისათვის ადამიანს სიცოცხლე წაართვა.მიმაჩნია,რომ ერთი ადამიანის სიცოცხლეც არ შეიძლება შეედაროს მთელი ქვეყნიერების სიმდიდრეს,ხოლო თუკი მეტყვიან,რომ ეს სასჯელი არის შურისძიება არა ფულისთვის,არამედ სამართლიანობის შებღალვისათვის,კანონების დარღვევისათვის,მაშინ,რატომ არ შეიძლება ამ უმაღლეს სამართალს უმაღლესი უსამართლობა ვუწოდოთ? მართლაცდა,როგორ შეიძლება მოვიწონოთ მანლიუსის კანონები (ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში რომის დიქტატორი – ტიტუს მანლიუსი,ვის მიერ შემოღებული კანონები განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდა – ავტორი გენია.ჯი),რომლებიც მოგვიწოდებენ მახვილის აღმართვას წესრიგის უმნიშვნელო დარღვევისთვისაც კი, და გასაკიცხია სტოელთა (ფილოსოფიური მიმდინარეობის – სტოიციზმის მიმდევრები) ის დებულებანიც,რომლებიც ყოველგვარ შეცოდებას იმდენად ერთნაირად თვლიან,რომ,მათი აზრით,არავითარი განსხვავება არ არის ადამიანის მოკვლასა და მისთვის გროშის მოპარვას შორის.სინამდვილეში კი ეს ორი დანაშაული,თუ ოდნავ მაინც მიუკერძოებლად განვიხილავთ,არაფრით არა ჰგავს ერთმანეთს.ღმერთი ხომ სასტიკად კრძალავს ადამიანის მოკვლას,ვინც არ უნდა იყოს იგი.ჩვენ კი ასე ადვილად ვუსწრაფებთ სიცოცხლეს მას უმნიშვნელო ფულადი თანხის წართმევისათვის.ხოლო თუ ვინმე მოინდომებდა ამის ახსნას ისე,თითქოს ღვთის ეს შეგონება კრძალავს მკვლელობას ყველა შემთხვევაში,გარდა ისეთისა,როდესაც იგი დაშვებულია ადამიანური კანონებით,მაშინ რაღა უშლის ხელს ადამიანებს ზუსტად ასევე შეუთანხმდნენ ერთმანეთს გარყვნილების,აღვირახსნილობისა და ფიცის დარღვევის შესახებ? (ავტორი გენია.ჯი) ღმერთმა წაგვართვა არა მარტო სხვისი მოკვლის უფლება,არამედ საკუთარი თავისაც კი.მაშ,განა ადამიანთა მიერ მიღებულ შეთანხმებას ერთმანეთის მოკვლის შესახებ,რომელიც გარკვეულ სამართლებლივ პირობებში მიიღეს,ისეთი ძალა აქვს,რომ მის შემსრულებლებს ათავისუფლებს ღვთის ამ შეგონებისაგან? ისინი ხომ ღმერთის ყოველგვარი მითითების გარეშე კლავენ მას,ვისაც განაჩენი ადამიანთა მსჯავრმა გამოუტანა? ხომ არ იქნება ღვთის ეს შეგონება უფლებამოსილი მხოლოდ იმდენად,რამდენადაც ამას ადამიანური სამართალი დაუშვებს? ეს თუ ასეა,ადამიანებს ამგვარადვე შეუძლიათ საერთო დადგენილების მიღება იმაზე,თუ რამდენადაა საჭირო ღვთის სხვა მცნებათა შესრულება.დასასრულ,მოსეს კანონიც მთელი მისი უმოწყალობისა და სიმკაცრის მიუხედავად (ის ხომ მონათა და თანაც ჯიუტ მონათა წინააღმდეგ იყო გამოცემული),ქურდობისათვის მაინც ფულადი გადასახადებით სჯიდა ადამიანს და არა სიკვდილით.არ უნდა ვიფიქროთ,რომ მოწყალების ახალ კანონში,რომელშიც ღმერთი ისე გვარიგებს,როგორც მშობელი შვილებს,იგი მეტ თავისუფლებას გვაძლევს ერთმანეთის წინააღმდეგ გასალაშქრებად.
ამიტომ მიმაჩნია,რომ სიკვდილით დასჯა დაუშვებელია,ხოლო თუ რამდენად უაზროა და დამღუპველიც სახელმწიფოსათვის ქურდისა და მკვლელის ერთნაირად დასჯა,ეს,მგონი,ყველასათვის გასაგებია.რაკი მძარცველმა იცის,რომ მარტო ქურდობისათვის მას იგივე სასჯელი ელის,რაც მკვლელობისათვის,ესეც უბიძგებს მას იმის მოკვლისკენ,ვისაც მხოლოდ გაძარცვავდა სხვა გარემოებაში.მართლაც,დაჭერის შემთხვევაში საფრთხე მისთვის სრულიადაც არ იზრდება,ხოლო მკვლელობის შემთხვევაში მცირდება კიდეც,ვინაიდან დანაშაულის მოწმის მოსპობის მერე მიმალვა უფრო ადვილია.ამიტომ მძარცველებს მეტისმეტი დაშინების სურვილით კარგი ადამიანების მოსპობისაკენ უფრო ვუბიძგებთ”. (ავტორი გენია.ჯი)