მარიჯანი – “მზითვის სარკე”

ქორწილის წინ დედაჩემთან ვსაუბრობდი ცალკე,

დედამ მითხრა გაუფრთხილდი შვილო მზითვის სარკეს,

გამიგია გადმოცემა არის ხალხში ძველი,

თუ ოჯახში სარკე გატყდა,რაღაც საფრთხე გელის.

* * *

ამ სარკეს რომ ენა ჰქონდეს,რამდენს გეტყვის ამბავს,

ამ სარკის წინ მე ჩამაცვეს საქორწილო კაბა,

მახარებდა უნაზესი სამკაული თავის,

ყველაფერი თეთრი იყო,თმა კი შავზე შავი.

* * *

ნახევარი საუკუნე დგას ოთახში სარკე,

ნახევარი საუკუნე ჩემს ცხოვრებას ვარკვევ,

ვინ რა იცის თუ რამდენჯერ გული გამებზარა,

თუ რამდენჯერ გული გატყდა ის სარკე კი არა.

* * *

თუ ამდენ ხანს გიფრთხილდები და ზრუნვას არ გაკლებ,

შეგენახა ჩემი სახე მზითვის ცივო სარკევ,

ახლა მუდამ ფიქრი მდევნის,ფიქრი მდევნის მწველი,

რომ მაცვია შავი კაბა,თმა მაქვს თეთრზე თეთრი.

კომენტარის დატოვება