მორის მეტერლინკის წიგნიდან – “დამარხული ტაძარი”
“უბედურება,რომელიც ცხოვრებას გვინგრევს და რომელიც ემუქრება ჩვენი გონებისა და ხასიათის მთლიანობას,ის კი არ არის,რომ მოვტყუვდეთ ან გაურკვეველი ჭეშმარიტება გვიყვარდეს,არამედ იმის ერთგულად დარჩენა,რისიც მთელი სულითა და გულით აღარ გვწამს.
წუთისოფლის დამმარცხებლებმა,ვინც დროს არ კარგავს,ვინძლო ჰორიზონტი წარმოსახვითი უმოძრაობითა და უცვლელობით ჩაკეტოს,ვინც თითქოს ყოველ დილას ახლიდან იბადება იმ სამყაროში,განუწყვეტლივ რომ იშვება მომავლისთვის, – ასეთებმა ინსტიქტურად იციან,რომ ის,რაც თითქოს უკვე გამქრალია,სინამდვილეში ყოველთვის ხელუხლებლად არსებობს, და ისიც,რაც თითქოს დასრულებულია,არსებითად,მხოლოდ განსრულების პროცესშია; რომ დროის დინებით წაღებული წლები ჯერ კიდევ მუშაობენ და, ახალი პატრონის საფარველქვეშ,ისევ ძველ პატრონს მორჩილებენ; რომ მათი წარსული მუდმივ მოძრაობაშია; რომ გუშინდელი დღე – პირქუში,სნეული თუ ერთობ დანაშაულებრივი – უკანვე დაუბრუნდებათ სრულებით მხიარული,უმანკო,გაჭაბუკებული,ხვალის გზაზე დამდგარი; რომ მათი სახე ჯერ სამუდამოდ არ ამოტვიფრულა ჩავლილ დღეებში და ერთი გადამწყვეტი აზრი ან მოქმედება საკმარისია ყველაფრის ამოსაბრუნებლად; იციან: რა მოტეხილ-დათრგუნულიც უნდა იყოს ზურგსუკან დარჩენილი აჩრდილი,მხიარულების თუ იმედის ერთი ჟესტიც კმარა,რომ აჩრდილმა ეს ჟესტი გაიმეოროს,თვით შორეული ბავშვობის პაწია ნანგრევებამდე დააგრძელოს და ამ ნაშთებიდან მოულოდნელი საგანძური ამოიღოს; რომ ყველაფერი შეიძლება გამშვენიერდეს და ორმხრივად საუკეთესო გახდეს და რომ თვით მკვდრებიც კი გააუქმებენ თავიანთ განაჩენს თავ-თავის საფლავებში,რათა ახლებურად განსაჯონ წარსული,რომელსაც დღევანდელი დღე აღორძინებს და ასხვაფერებს.
მაშ,დაუღალავად მოვიაროთ ჩვენი ცნობიერებიდან ჩვენივე არაცნობიერისკენ მიმავალი ყველა გზა.ასე დავადგებით ბილიკს,რომელიც დიდ,გაუკვალავ,”ხილულიდან უხილავისკენ”,კაციდან ღმერთისკენ და ინდივიდიდან სამყაროსკენ მიმავალ გზებს შორის მიიკლაკნება.ამ გზების ბოლოში ცხოვრებისა და სიცოცხლის მთავარი საიდუმლო იმალება.მანამდე კი,მივიღოთ ჰიპოთეზა,რომელიც გამბედაობას გვმატებს იმ საყოველთაო სიცოცხლეში,თავისივე საიდუმლოების ამოსაცნობად რომ ვჭირდებით,რადგან სწორედ ჩვენ ვართ ისინი,ვისშიც ეს საიდუმლოებები უსწრაფესად და უმჭირვალესად კრისტალდება”. (ავტორი გენია.ჯი)