ნიკოლო მიწიშვილის წერილიდან – “ფიქრები საქართველოზე”
“მე არ ვიცი – ვის უყვარს საქართველო ჩვენზე მეტად.დღეს ყოველ გაკოტრებულ პოლიტიკოსს თავისი თავი წმინდა სებასტიანე ჰგონია,რომელიც დაისრულია სამშობლოთი და სამშობლოსათვის.ყოველი მეშჩანინი,რომელიც ვერ ახერხებს ნამდვილი საქონლით სპეკულაციას – სპეკულანტობს დღეს საქართველოს სიყვარულით.
საქართველო და პატრიოტობა დღეს ჩვენში შეიქნა ყოველი კარიერაშერყეული ქართველის ჯაგლაგით,რომელსაც მიაჩანჩალებს დონ კიხოტივით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“როცა გადავხედავ ჩვენს ისტორიას – იქ მე ღვთის ხელს ვერ ვნახულობ.ჩვენი არსებობა დაცინვაა განგებისა ჩვენს თავზე.ჩვენშია ჩამჯდარი ლომი და რწყილი,ეშმაკი და ანგელოზი,ნიჭი და ყიყვი… არის რაღაცა შეკოწიწებული და გადაყრილი,მიბნეულ-მობნეული.ხერხემალს ქართულის იდეისა მე ვერ ვპოულობ და ვერც აზრს საქართველოისას წარსულში.
იქნება საქართველო წარსულში გაამართლოს ჯვარმა,რომლისთვისაც ის იგლიჯებოდა ყოველი მხრიდან.მაგრამ ჯვარისაგან ხომ კურთხევა უნდა გამოდიოდეს და სადაა ეს კურთხევა? ნუთუ ორიათასი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ძალამ ვერ შვა მოვლენა,რომელიც გამოირკვევდა საქართველოს,როგორც მოწოდებას,საკუთარის აზრით და დანიშნულებით.ნუთუ საბოლოოდ და სამუდამოდ მოკლებულია საქართველო იმ “ნათლის სვეტს”,რომელიც წინ მიუძღვის ყოველს ხალხს ახალი სიტყვისა და შემოქმედებისაკენ.
ორიათასი წლის განმავლობაში მე ვერ ვხედავ ამას და მეეჭვება თვით რუსთაველიც: თუ ის ჩვენი ცხოვრებისაგანაა – უსათუოდ გაუგებრობაა ის; თუ არადა – ან რუსთაველი არაა ქართველი,ანდა მისი პოემა ადვილად ნაშოვნია სადმე.
მე ვიბნევი და მეშინია ასეთი საკითხების; მაწუხებს ეს აქ,ისე როგორც არასოდეს და ირყევა ჩემი სიმტკიცე და გული”.
* * *
“საქართველო პასიური მოვლენაა.
მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა,მისი გარეშე მყოფ მოვლენისაგან (ენერგია ჭიის,როცა მას ფეხს აჭირებენ).
საკუთარ შინაგან აქტივობას მოკლებული იყო საქართველო და მოკლებული იყო,მაშასადამე,შემოქმედების გენიასაც.
მოკლებულია აქედან გამართლებას,მსოფლიო გამართლებას,საკუთარ რელიგიას,მოწოდებას,აზრს,შინაარსს.
ამითაა,რომ მშრალია და ფუყე საქართველო.აქედანაა მისი “უშვილოსნობა”,თუ ბერწობა.
ამის შედეგია,ჩემის ფიქრით,სიმჩატე ქართველი არსებისა,ქართული ჭკუისა,განწირვა ქართული ხელოვნების,პოეზიის.
მე მგონია ესაა მიზეზი იმისა,რომ ყველაფერი ქართული უდღეოა,რომ ქართული ბედი სწყდება და ტყდება ყოველთვის შუა გზაზე,დაუმთავრებელი,მიუღწეველი…” – (ავტორი გენია.ჯი)