შოთა რუსთაველის შესახებ…
გენიალური ქართველი პოეტი და მსოფლიო პოეზიის შედევრი ქმნილების – “ვეფხისტყაოსნის” ავტორი – შოთა რუსთაველი დაიბადა დაახლოებით 1160 წელს მესხეთში განთავსებულ გეოგრაფიულ პუნქტში – რუსთავში (შესაძლოა იყოს სოფელი,ან ციხე-სიმაგრე).დაბადება,აღზრდა და ცხოვრება შოთასი ბინდბუნდით არის მოცული და მის შესახებ დაბეჯითებით თითქმის არაფერი ვიცით. (ავტორი გენია.ჯი) საყურაღებოა,რომ დაუმჭკნარი პოემის ავტორის შესახებ არავითარი წერილობითი ცნობები არ მოგვეპოვება.”ქართლის ცხოვრება”,ფრიად მდიდარი ცნობებით თამარ მეფეზე და მის პერიოდზე,კენტი სიტყვითაც კი არ იხსენიებს რუსთაველს… რაც კი მისი ბიოგრაფიიდან ვიცით,მხოლოდ ზეპირსიტყვიერების დამსახურება გახლავთ.
ჩვენს სასიქადულო პოეტს სახელად რქმევია საალერსო სახელი “შოთა”.უწინდელ დროში ქართველებს ძლიერ უყვარდათ საყმაწვილო სახელების ხმარება დიდების შესახებ.უწინ სამოც-ოთხმოცი წლის მოხუცებულებს ეძახდნენ: კოტე,სანდრო,ვანო,ილიკო და სხვანი.აი,ამ ჩვეულების წყალობით რუსთაველს შერჩენია ბავშვობის სახელი “შოთა”.თუ რა გავრის გახლდათ სინამდვილეში რუსთაველი,ჩვენდა სამწუხაროდ,არავითარი ცნობა არა გვაქვს.ვიცით მხოლოდ იმ ადგილის სახელი,სადაც ის დაიბადა,საიდანაც წარმოსდგა კიდეც “რუსთაველი”.უწინდელ დროში ქართველებს ჩვეულებად ჰქონდათ სახელგანთქმული მამაკაცების გვარების ნაცვლად მათი დაბადების ადგილი ეხმარათ.შოთას შესახებაც მისი დაბადების ადგილი უხმარიათ გვარის ნაცვლად,რის გამოც მისი ნამდვილი გვარი დავიწყებასა და დაკარგვას მიეცა.
შოთას დედ-მამა ბავშვობის დროსვე გარდაეცვალა და ობლად დარჩენილა.მას მზრუნველად აღმოჩენია ბიძა,რომელიც სასულიერო პირი (ბერი) გახლდათ.სწორედ მან მიაბარა თავდაპირველად იგი რუსთავის სასულიერო სკოლაში.უნდა იცოდეთ,რომ ადრეულ ეპოქებში ეკლესიებთან იყო საგანმანათლებლო დაწესებულებები გამართული,სადაც მაშინდელი მხნე მღვდლები ასწავლიდნენ წერა-კითხვასა და საღმრთო წერილს სწავლის მოსურნე ბავშვებსა და ახალგაზრდებს.რამდენიმე ხანში საეკლესიო სკოლიდან შოთა მახლობელ ტბეთის მონასტრის სკოლაში გადაიყვანეს.მას შემდეგ,რაც რუსთაველმა ტბეთის სკოლა დაამთავრა,იგი ბიძამ კახეთში წაიყვანა და სწავლა გრემის სასწავლებელში განაგრძობინა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ გრემის სასწავლებლის საგანმანათლებლო კურსი თანამდეროვე სასულიერო სემინარიის კურსის საპირწონე იყო.აღნიშნულ სასწავლებელში შოთამ ხუთი წლის განმავლობაში ისწავლა,რის შემდეგაც,ბიძისვე ინიციატივით სწავლა დავით აღმაშენებლის მეფობის ჟამს ეპისკოპოსს – არსენ იყალთოელის მიერ დაარსებულ იყალთოს დიდებულ აკადემიაში განაგრძო.რუსთაველმა იყალთოს აკადემიის სრული სასწავლო კურსი გაიარა და მოგვიანებით საბერძნეთში,კერძოდ კი იმ ათენში გაგზავნეს,რომელიც იმ პერიოდში პირველი ქვეყანა გახლდათ სწავლა-განათლების მხრივ და სადაც მიდიოდა კიდეც ნასწავლი ახალგაზრდობა ყველა ქვეყნიდან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დასაუფლებად. (ავტორი გენია.ჯი) ათენში ყოფნის დროს რუსთაველმა შეიწავლა ფილოსოფია,მჭერმეტყველება,პოეზია,ვარსკვლავთმრიცხველება და ბერძნული და ლათინური ენები.სწავლის დასრულების შემდგომ,ჩინებულად მომზადებული და ქვეყნის სამსახურში ჩადგომის მსურველი შოთა გემზე ასულა და შავი ზღვის გადმოცურვის მეშვეობით სამშობლოს დაბრუნებია.
რუსთაველის სამშობლოში დაბრუნება მომხდარა თამარის შუა მეფობაში..ამ დროს კი თამარ მეფისა და საქართველოს ძლიერება უმაღლეს ხარისხამდე იყო განვრცობილი.თავის სახელოვან დედოფალს მთელი ერი აღმერთებდა და მას მრავალი ქართველი მწერალი და მგოსანი უმღეროდა დითირამბებს.ამგვარივე განცდა დაეუფლა თამარის მიმართ რუსთაველის ყმაწვილ გულსაც.მან დედოფალს რამდენიმე ისეთი ლექსი უძღვნა,რომელშიაც დიდი ხელოვნება გამოაჩინა.საინტერესოა ის გარემოება,რომ შოთა მიმართ განათლების მოტრფიალე თამარის ყურადღება სწორედ აღნიშნულმა ლექსებმა განაპირობა. და აკი გაუხსნა კიდეც მის ნიჭს ფართო გზა: თამარ მეფემ რუსთაველს ჩააბარა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამდებობა,სახელდობრ,მოლარეთუხუცესობა,რომელიც თავის მხრივ,სრულიად არ შეურყევდა ხელს პოეტს მყუდრო ცხოვრებასა და მწერლობაში.
მალევე შოთა პოემის წერას შეუდგა.მან მოიწადინა გამოეხატა თამარი თავისი მშვენიერებით,სათნოებით და სიბრძნით,საქართველოს წარჩინებულნი პირნი და აგრეთვე ღირსებანი და თვისებანი ქართველი ერისა.რადგანაც თანამედროვე პირობების პირდაპირი დასახელება მოუხერხებელი იყო,ამიტომ პოემას მისცა არაკის ფორმა,მოქმედება გადაიტანა არაბეთში და სხვა უცხო ქვეყნებში და მოქმედნი პირნი არაბების სახელებით გამოიყვანა.თავის ქმნილებას კი რუსთაველმა “ვეფხისტყაოსანი” დაარქვა,რადგანაც პოემის მთავრ გმირს – ტარიელს ვეფხის ტყავი ემოსა.მას შემდეგ,რაც თამარს რუსთაველმა პოემა გააცნო,იგი იმდენად მოიხიბლა პოეტური ქმნილებით,რომ სპეციალური წვეულებაც კი გამართა.წვეულებაზე მიწვეული იქნა ყველა წარჩინებული ქართველი და მათ წინაშე ავტორს წააკითხა თავისი თხზულება.პოემა იმთავითვე საუცხოო ნაწარმოებად იქნა მიჩნეული.მსმენელები გააოცა პოემის ღრმა და მდიდარმა შინაარსმა,ლექსთწყობამ და სამაგალითო ენამ; აგრეთვე ძლიერ მოეწონათ მიმართულება პოემისა,რომელშიც ნათლად იყო დახატული მაშინდელი ქართველების ღირსებანი: პატივისცემა ქალისა,მფარველობა დაბალი წოდებისა,ძვირად დაფასება ნიჭისა,სამაგალითო ძმობა ჭირსა და ლხინში,ძლიერება სულისა,უშიშრობა ხიფათის წინაშე და სხვანი.მათ ერთხმად გადაწყვიტეს,რომ ასეთი მაღალი ღირსებით სავსე თხზულება ჯერ ქართულ ენას არ უნახავსო, და აღიარეს კიდე შოთა რუსთაველი პირველ პოეტად.თავის მხრივ კი,პოემით აღფრთოვანებულმა თამარ მეფემ ხელიდან ძვირფასი ბეჭედი წაიძრო და მადლობისა და წყალობის ნიშნად რუსთაველს გადასცა.თამარის მეუღლემ – დავითმა ხმალი მოიხსნა და თავის ხელით შემოარტყა იგი ავტორს.წვეულებაზე მყოფმა საზოგადოებამ კი შოთას საჩუქრად გადასცა ძვირფას ქვემში ჩასმული უნიკალური კალამი.
მალე მოიფინა ქება რუსთაველის და მისი “ვეფხისტყაოსნისა”.საუბრისა და ბაასის დროს,თავისი აზრის დასამტკიცებლად,ქართველებმა იწყეს მოყვანა “ვეფხისტყაოსნის” სიტყვებისა ისე,როგორც საღმრთო აზრების შესამიწმებლად დაბადებიდან მოჰყავდათ ტექსტები.ამის გამო ბევრი ნათქვამი გენიალური შოთა რუსთაველისა იმ მშვენიერ ანდაზად გადაიქცა,რომელსაც დღემდე ფართოდ იყენებს ნებისმიერი ქართველი. (ავტორი გენია.ჯი)