რამდენად შეიცავს სიმართლეს ლეგენდა – “ფარაონის შეჩვენებაზე?”
დღესდღეობით ძალიან ძნელი დასადგენია,როდის და როგორ წარმოიშვა ლეგენდა “ფარაონის შეჩვენებაზე”.გასული საუკუნის ოცდაათიან წლებამდის მსოფლიო პრესა არაერთხელ დაბრუნებია ამ საკითხს.ამასთან უნდა შევნიშნოთ,რომ მეცნიერული თვალსაზრისით,ამ ზღაპარს ისეთივე ფასი აქვს,როგორც დიდი პირამიდის “რიცხვთა მისტიკას”,ან იმ სრულიად დაუსაბუთებელ ცნობას პრესაში დრო და დრო რომ გაიელვებს ხოლმე,თითქოს სამარხებში ნაპოვნ სამი-ოთხი ათასი წლი ძველეგვიპტურ ხორბლის მარცვლებს აღმოცენების უნარი არ დაუკარგავთო. (ავტორი გენია.ჯი)
სავარაუდოდ,აღნიშნულ ლეგენდას დასაბამი მისცა ცნობილი ეგვიპტოლოგისა და ტუტანჰამონის აკლდამის პირველი გამხსნელის (კარტერთან ერთად) – ლორდ კარნარვონის ნაადრევმა სიკვდილმა.მას მოსკიტმა უკბინა,რის შედეგადაც სამ კვირიანი საშინელი ტანჯვა-წვალების შედეგად აღესრულა.სწორედ ამის შემდგომ გავრცელდა ხალხში ხმა,რომ ინგლისელი “ფარაონთა შეჩვენებას” ემსხვერპლა.
მალევე ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა წერილი “ფარაონის შურისძიება”,რომელშიც დასახელებული იყო “ტუტანჰამონის შეჩვენების ახალი მსხვერპლი”.შემდეგ ამას მოჰყვა ცნობები “მესამე”,”მეშვიდე”,”მეცხრამეტე მსხვერპლზე”.ცნობა ამ უკანასკნელ “მეცხრამეტე მსხვერპლზე” გადასცეს ტელეგრაფით ლონდონიდან 1930 წლის 21 თებერვალს.ცნობაში ნათქვამი იყო: “დღეს სასიკვდილოდ დაიმტვრა სამოცდათვრამეტი წლის ლორდი ვესტბიური,რომელიც გადახტა თავისი ბინის ფანჯრიდან.ვესტბიური ცხოვრობდა მეშვიდე სართულზე,ლონდონში.ლორდ ვესტბიურის ვაჟიშვილი თავის დროზე ცნობილ არქეოლოგ კარტერის მდივანი იყო და მონაწილეობას იღებდა ტუტანჰამონის აკლდამის გათხრებში.გასული წლის ნოემბერში,დილით,ის მკვდარი იპოვნეს საკუთარ ლოგინში,თუმცა წინა საღამოს სავსებით ჯანმრთელად გრძნობდა თავს და არაფერს უჩიოდა.მისი სიკვდილის მიზეზი საბოლოოდ დადგენილი არაა”.
“მთელი ი9ნგლისი შიშითაა მოხული”, – წერდა ერთ-ერთი გაზეთი მას შემდეგ,რაც გარდაიცვალა არჩიბალდ დუგლას რეიდი,რომელსაც მუმიისთვის რენტგენის სურათის გადაღება დაუპირებია.ფარაონის ოცდამეერთე “მსხვერპლი”,ეგვიპტოლოგი არტურ ვეიგალი “ციების უცნობი სახეობით” გარდაიცვალა.
შემდეგ გამოქვეყნდა ცნობა მეისის გარდაცვალების შესახებ,სწორედ იმ მეისისა,რომელმაც კარტერთან ერთად გახსნა სამარხი კამერა.მაგრამ ამ ცნობაში ნათქვამი არ იყო,რომ მეისი უკვე დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა,რომ აკლდამაში მუშაობისას ის უბრალოდ ქედს არ უხრიდა იმ სენს,რომელმაც ბოლოს და ბოლოს აიძულა თავი მიენებებინა გათხრებისათვის.
შემდეგ “სულიერი დეპრესიის დროს თავი მოიკლა ლორდ კარნარვონის ნახევარძმამ,ობრი ჰერბერტმა.დაბოლოს,ეს კი,მართლაც რომ თავზარდამცემი ცნობა იყო – 1929 წელს რომელიღაც მწერის ნაკბენისაგან გარდაიცვალა – ლედი კარნარვონი.
გავრცელდა ხმა,თითქოს ტუტანხამონის აკლდამაში აღმოჩნდა წარწერა,რომელმაც მიიღო “ფარაონის შეჩვენების” სახელი.მისი ერთ-ერთი მრავალრიცხოვან ვარიანტთაგანი ასე გამოიყურებოდა: “სიკვდილი მსწრაფლ მოუღებს ბოლოს მას,ვინც ფარაონის მყუდროებას დაარღვევს”. (ავტორი გენია.ჯი)
ერთ მშვენიერ დღეს ცნობილი გახდა,რომ ამერიკაში მეტად უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა ვინმე კარტერი (მხედველობაში ჰყავდათ ტუტანჰამონის აკლდამის გათხრების საექსპედიციო ჯგუფის ინგლისელი ხელმძღვანელი – ჰოვარდ კარტერი).აი,ფარაონი კარტერის ოჯახის წევრებს უსწორდება,რითაც თვით კარტერს აფრთხილებსო.ამ სისულელეებმა ისე აღაშფოთეს არქეოლოგები,რომ მათ საქმეში ჩართვა იკადრეს.
ყველაზე ადრე თვით ჰოვარდ კარტერი გამოვიდა.ცხადია,თავის საქმეს იგი დიდი მოწიწებითა და სრული პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებოდა,მაგრამ იმ შიშისა და ძრწოლვის გარეშე,რომელიც ესოდენ იზიდავს სენსაციების მოყვარულ ბრბოს.”ფარაონის შეჩვენებას” კარტერმა “სასაცილო მონაჭორი” და “ჩვეულებრივი ცრუმორწმუნეობის თავისებური სახეობა” უწოდა.შემდეგ მან საკითხი არსებითად განიხილა.ყველა ცნობაში ნათქვამი იყო,თითქოს აკლდამაში ნამყოფ ყოველ ადამიანს სიკვდილი მოელოდა; კარტერი ასაბუთებდა ამ შეხედულების უსაფუძვლობას.მისი სიტყვით,აკლდამა საგულდაგულოდ იყო შესწავლილი და მისი სტერილობა არავითარ ეჭვს არ იწვევდა.კარტერის უკანასკნელი სიტყვები საკმაოდ მწარედ გაისმა: გასაოცარია,რომ ამ სულელურ ლაქლაქში მოვლენების ელემენტარული გაგების ნასახიც კი არ არის.როგორც ჩანს,გონებრივი პროგრესის გზაზე ჩვენ არც ისე წინ წავსულვართ,როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ”.
1933 წელს გამოვიდა გერმანელი ეგვიპტოლოგი,პროფესორი გეორგ შტაინდორფი,რომელმაც განაცხადა,რომ ამერიკაში დაღუპულ კარტერს გვარის გარდა არაფერი ჰქონდა საერთო სახელგანთქმულ არქეოლოგთან.მანვე დაამტკიცა,რომ ორივე ვესტბიურის გვარის წარმომადგენელს არავითარი კავშირი – არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი – არა ჰქნიათ არც აკლდამასთან და არც მუმიასთან.მისივე ცნობით,ტუტანჰამონის აკლდამასთან შეხება არ ჰქონია ბევრ იმ ადამიანსაც,რომლებსაც “ფარაონის შეჩვენების” მსხვერპლად მიიჩნევდნენ.დაბოლოს,მთელი რიგი არგუმენტების შემდეგ მას მოჰყავს მთავარი არგუმენტი: “ფარაონის შეჩვენება საერთოდ არ არსებობს.იგი არასოდეს თქმულა და არც არასოდეს დაწერილა.
მან დაადასტურა ის,რაც გაკვრით აღნიშნა კარტერმა: “ეგვიპტურ დასაკრძალავ რიტუალში საერთოდ არ არსებობს ასეთი შეჩვენების წესი,ეს რიტუალი მხოლოდ მოწიწებასა და პატივისცემას მოითხოვს მიცვალებულების მიმართ”. – (ავტორი გენია.ჯი)
ჰოვარდ კარტერი