შარლ მორის დე ტალეირანის მოკლე დახასიათება…
საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი და საფრანგეთის პირველი პრემიერ-მინისტრი - შარლ მორის დე ტალეირანი (1754-1838 წლები) გახლდათ ფხიზელი,რეალისტი,გამჭრიახი მოაზროვნე,ცინიკოსი და დაურიდებელი შეგირდი მაკიაველისა. (ავტორი გენია.ჯი) მას ეკლესიამ ასწვლა ანა-ბანა და რევოლუციის ქარცეცხლი – ცხოვრების ეს უმაღლესი სკოლა – ჰქონდა გავლილი.მას ახასიათებდა უსინდისო გულცივობა ფულისა და პატივის საკითხებში,ურცხვი სამსახური რესპუბლიკის,დირექტორიის,კონსულტატის,იმპერიის და მეფის წინაშე.გარდა ამისა,ტალეირანისათვის დამახასიათებელი თვისება იყო უპირული მსახიობური უნარი: იგი ხან რევოლუციონერად გვევლინებოდა,ხანაც სენატორად,მინისტრად და მეფის მსახურად.შარლს ბატონკაცურად ეჭირა თავი და სამსახურეობრივ მოვალეობას თავადურად,ცივად,გულგრილი დიდსულოვნებით ასრულებდა.იყო როგორც ცბიერი,ასევე პატივმოყვარე სახელმწიფო მოხელე.განუზომლად უყვარდა ფული,თუმცა როგორც არისტოკრატი,საკმაოდ მფლანგველიც გახლდათ.აზარტული თამაშების მოყვარულ ტალეირანს ხშირად ხედავდნენ ბანქოს სათამაშო მაგიდასთან.ოქროთი ავსებდა ლამაზ მანდილოსნებს.შესაძლოა ითქვას,რომ შარლისათვის ძალაუფლება მარტოოდენ საშუალება იყო განცხრომის უზრუნველსაყოფად ამქვეყნიური სიამენით: ფუფუნებით,ქალებით,ხელოვნებითა და გემოთმოყვარეობით.
ნატიფ,ძველთაძველ კულტურაზე აღზრდილი ტალეირანი,მეთვრამეტე საუკუნის სულით გაჟღენთილი,მოქნილი გონების ადამიანი გახლდათ.მას უყვარდა დიპლომატიური თამაში, და აკი იყო კიდეც ყოფიერების ერთ-ერთი წარმტაცი სახიობთაგანი.გამოირჩეოდა სიზარმაცით (საკუთარი ხელით წერილის დაწერაც კი ეზარებოდა) და მთელ შავ სამუშაოს სხვებს აკეთებინებდა.შედეგს – თავად იმკიდა… იყო ალღოიანი და ელვისებურად სჭვრეტდა ყველაზე დახლართულ ვითარებებს.ბუნებით კარგსა და ცხოვრების მიერ გამობრძმედილ ფსიქოლოგს,როგორც ნაპოლეონ ბონაპარტი იტყოდა – მკითხაობა არ სჭირდებოდა.ადვილად სწვდებოდა სხვათა აზრებს და ჭირივით სძულდა წვრილმანების დევნა.გააჩნდა აფორიზმების შექმნის დიდი ნიჭი და ახასიათებდა სწრაფი,მოსწრებული სიტყვა.ასეთად დაგვიხასიათა მედროვეობისა და უპრინციპობის სინონიმად ქცეული შარლ მორის დე ტალეირანი ისტორიამ. (ავტორი გენია.ჯი)