შალვა ფორჩხიძე – “ჩემს სამშობლოს”

ჩემს სამშობლოს მე თუ ლექსი ვერ ავუნთე,

გული ტრფობით ისე როგორ აფეთქდება?

მე დღეს ამ ლექსს იმერეთში ღამეს ვუთევ,

რომ ეს ლექსი გავდეს თვითონ გათენებას.

* * *

შორით თეთრად იწვის ლურჯი მწვერვალები,

მე ამ ცის ქვეშ როგორ უნდა დამეძინოს?

სულ არ ვდარდობ,თუ არავის ვენანები,

ოღონდ გულზე სუროს ტოტი დამეფინოს.

* * *

ერთი კონა სიმღერა ვართ შოთას ჯიშის,

სუროსავით ჩინარებზე მირითმული.

ხმლით და ლექსით ქვეყანაზე რაც კი ვიშვით,

ვარსკვლავების ჩუმი ცქერით იწვის გული.

* * *

მეც სამშობლოს სიმღერა ვარ გაზაფხულის,

სულში შფოთავს ქარიშხალი ფრთამღვიძარე.

და როს შორით თეთრ ქედებში ჩახატული

იმერეთში ღამეს ათევს თეთრი მთვარე.

* * *

შორით თეთრად იწვის ლურჯი მწვერვალები

და მე ლექსი უხილავი ცეცხლით მიხმობს.

სიყვარულში თუ უეცრად გავქვავდები,

მე ამ ცის ქვეშ ლექსით უნდა გამეღვიძოს!

კომენტარის დატოვება