შამს ედ-დინ მოჰამედ შირაზი ჰაფეზი – “შეუნდე ჰ ა ფ ე ზ ს ცოდვები ძველი”
გული მიფრთხება,გულისხმიერნო,
ღვთის გულისათვის,მომეცით ხელი!
ვაი,რომ უცებ უნდა გაცხადდეს
ეს ხვაშიადი გულსშიგან მხვრელი.
* * *
ქიმმორღვეული მე ვარ ხომალდი,
ჰე,ზურგის ქარო,ძალი მომანდე!
იქნება ახდეს და კვლავ ვიხილო
ის,ვის ხილვასაც აქამდე ველი.
* * *
ჩვენი ცხოვრების მქრალი ლამპარი
ჯადოქრობაა თუ ცრუ ზღაპარი,
სანამ მიმქრალა,უნდა შეიძლო
მოყვასთა მიმართ საქმენი ქველი.
* * *
წუხელ,როდესაც ბინდი მინელდა,
მესმა გრძნეული ხმები ფრინველთა:
აღსდექ და ღვინით აღავსე ჯამი -
ზეიდუმალი ზმანების მგვრელი.
* * *
ჰო,სიკეთეოს,ცხოველმყოფელო,
შემწყნარებელო და მწყალობელო,
ოდესმე მაინც მომხედე გლახაკს
და მესალბუნე სალმობის მხსნელი.
* * *
ორთავე ქვეყნად მშვიდობას ფუძედ
ამ ორი სიტყვის თარგმანი უძევს:
დიდსულოვნება – მოყვასთა მიმართ,
თავდაოკება – მტრისადმი, – ქველი.
* * *
არა ვყოფილვარ მოთნე და ფლიდი,
არც მღირსებია სახელი დიდი.
ეს არის ბედი,უკეთუ ძალგიძს
შეცვალე იგი,დარიე ხელი.
* * *
ხელმოკლეობის თუ გიდგას ჟამი,
ლხინს მიეძალე,აღავსე ჯამი,
აღსდგნენ ქვენანი,დავრდნენ ზენანი, -
ეს არს საწუთრო ყოვლისა მქმნელი.
* * *
ნუ გულზვიადობ და ნუ ენთები,
იცოდე,სანთლად დაიღვენთები
მისგან,რომელსაც კლდენი პიტალო
ძალუძს,რომ ცვილად აქციოს ხელით.
* * *
საღვინე ჯამი,ჟღალი ფერისა,
თავად სარკეა ისქანდერისა,
ჩახედე შიგ და რაც გსურს,იხილე,
თუნდ დარიუსის სამეფო მთელი.
* * *
სპარსელი ნაზი ლამაზმანები
ახალ სიცოცხლეს მოგაზმანებენ.
ჰე,მერიქიფევ,ლოთებს მიხედე
და ქვევრს მოხადე სარქველი სველი.
* * *
აღარც ჩაიცმის ეს ჩემი ფლასი,
ზედ ღვინიანი წამექცა თასი,
წმინდა შეიხო,შეივრდომე და
შეუნდე ჰ ა ფ ე ზ ს ცოდვები ძველი.