ასურბანიფალის უნიკალური ბიბლიოთეკა ნინევიაში
ძვ.წ.აღ-ით 669 წელს ასურეთის სამეფო ტახტზე ავიდა – ასურბანიფალი (ძვ.წ.აღ-ით 685-627 წლები),რომელმაც სამარადჟამოდ გაითქვა სახელი,როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და უზარმაზარი მოცულობის მქონე ბიბლიოთეკის შექმნის ავტორმა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ,ასურბანიფალი მშვიდობისა და კეთილდღეობის მოყვარული მონარქი ყოფილა,თუმცა იგი განსაკუთრებით მაინც განათლებასა და ცოდნას ეტრფოდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ასურეთის მეფემ,”ასურფანიფალის ბიბლიოთეკის” სახელით ცნობილი უნიკალური ბიბლიოთეკა მხოლოდ და მხოლოდ “მისი პირადი სარგებლობისათვის” შექმნა და არა ფართო საზოგადოებისათვის.როგორც ირკვევა,მან ბიბლიოთეკაში დაცული ფირფიტების ნაწილი კერძო საცავებიდან მიიღო.მათ შორის უმეტეს ნაწილს ასლები წარმოადგენდნენ,რომლებიც მეფემ თავისი სამეფოს ყველა პროვინციაში გადააღებინა.როდესაც მეფის მოხელე – შადანუ ბაბილონში მიდიოდა,ასურბანიფალმა მას შემდეგი ინსტრუქცია გაუგზავნა წერილის სახით: “იმ დღესვე,როდესაც ამ წერილს მიიღებ,შეკრიბე შუმუ,მისი ძმა ბელ-ეთირი,აპლა და შენთვის ცნობილი მხატვრები ბორსიპანიდან.შეაგროვე ყველა ფირფიტა,რომელიც მათ სახელებსა და იზიდას ტაძარში ინახება.მომიძებნეთ და მომართვით ძვირფასი ფირფიტები,რომელთა ასლები ასურეთში არ არის.ბორისპას მთავარ ქურუმსა და გამგებელს მე მივწერე,რომ შენ,შანდაუ,ამ ფირფიტებს შეინახავ შენს საწყობში.მე ვუბრძანე მათ,არავინ არ არ გითხრას უარი ფირფიტებზე.თუ თქვენ გაიგებთ,რომ ესა თუ ის ფირფიტა,ან საწესო ტექსტი სასახლისთვის შესაფერია,მოძებნეთ და გამოგზავნეთ”. (ავტორი გენია.ჯი)
ამას გარდა,ასურბანიფალთან მუშაობდნენ მეცნიერები და ოსტატ გადამწერთა მთელი ჯგუფები.ამგვარად ასურეთის მონარქმა შექმნა ბიბლიოთეკა,რომელშიც წარმოდგენილი იყო მთელი იმდროინდელი მეცნიერება და ცოდნა.მაგრამ,რადგანაც იმ პერიოდში მეცნიერება უმჭიდროესად იყო გადაჯაჭვული მაგიასთან,ბიბლიოთეკის უდიდესი ნაწილი ეჭირა სხვადასხვა სახის შელოცვებსა და სარიტუალო თიხის ფირფიტებზე აღბეჭდილ ტექსტებს.ამასთან ერთად,ბიბლიოთეკაში ბევრი იყო სამედიცინო ტექსტებიც.ბევრი იყო ისეთი ფირფიტებიც,რომლებიც შეიცავდნენ ცნობებს ფილოსოფიის,ასტრონომიის,მათემატიკისა და ფილოლოგიის შესახებ.სწორედ “ასურბანიფალის ბიბლიოთეკის” ნაშთებში აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ის სასკოლო ფირფიტებიც,რომლებმაც ესოდენ დიდი როლი ითამაშეს “III კლასის” წარწერების ამოკითხვისას.
ამ უნიკალურ ბიბლიოთეკაში თავმოყრილი და დაცული გახლდათ მეფის ბრძანებები,ისტორიული ცნობები,სასახლის ჩანაწერები,ლიტერატურული ძეგლები,ეპიურ-მითიური გადმოცემები,სიმღერები და ჰიმნები.ხოლო ყოველივე ამათ შორის ინახებოდა ფირფიტები,რომლებზეც ჩაწერილი იყო შუამდინარეთის ყველაზე უფრო ცნობილი ლიტერატურატურული ნაწარმოები,ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი ეპოსი მსოფლიო ლიტერატურაში – თქმულება დიად და მრისხანე გილგამეშზე,”ორი მესამედით რომ ღმერთი იყო და ერთი მესამედით – ადამიანი”.
ასურბანიფალი თავის ბიბლიოთეკას 25 წლის განმავლობაში ქმნიდა.თუმცა მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე ხანში,ასურეთის მეფის მიერ შექმნილი ბიბლიოთეკის ფონდიდან მრავალი ბრწყინვალე დოკუმენტი იქნა როგორც დაკარგული,ასევე სხვადასხვა სამეფო სასახლეებში გადატანილი.
ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ მას შემდეგ,რაც მიდიელებმა და ბაბილონელებმა აიღეს ასურეთის დედაქალაქი,”ასურბანიფალის ბიბლიოთეკას”,რომელიც სახელწიფო არქივის ფუნქციასაც ასრულებდა,როგორც სჩვევიათ დამპყრობლებს, – არ გაუძარცვავთ.იგი იმ სასახლის ნანგრევების ქვეშ მოაყოლეს,სადაც ასურეთის მეფის რეზიდენცია იმყოფებოდა.
საბედნიეროდ,არქეოლოგებმა “ასურბანიფალის ბიბლიოთეკის” ნაშთებიდან 25 000-მდე თიხის ფირფიტაზე სოლისებრი დამწერლობით შესრულებული ტექსტები აღმოაჩინეს,რომლებიც მსოფლიოს სხადასხვა მუზეუმებშია დაცული. (ავტორი გენია.ჯი)
“ასურბანიფალის ბიბლიოთეკის” ნაშთებში აღმოჩენილი თიხის ფირფიტები
“ასურბანიფალის ბიბლიოთეკის” გეგმა
ასურბანიფალი