შუმერული სკოლა
როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან,ძვ.წ.აღ-ით III ათასწლეულის შუა ხანებისათვის შუმერის ტერიტორიაზე უკვე არსებულა საკმაო რაოდენობის სკოლები,რომლებშიც ოფიციალურად ისწავლებოდა წერა-კითხვა. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ სრულყოფასა და აყვავებას შუმერულმა სკოლამ ძვ.წ.აღ-ით III ათასწლეულის მეორე ნახევარში მიაღწია.ძველ შურუფაქში – შუმერული “ნოეს” მშობლიურ ქალაქში დიდი რაოდენობით იქნა აღმოჩენილი “სახელმძღვანელოები” და მოსწავლეთა “რვეულები”.აღმოჩენილმა თიხის “წიგნებმა” და “რვეულებმა” საშუალება მოგვცა ბევრი საინტერესო დასკვნის გაკეთებისა მაშინდელი სწავლის მეთოდიკაზე,იმ პროგრამაზე,რის მიხედვითაც ასწავლიდნენ შუმერულ სკოლებში.ირკვევა,რომ ძველ შუმერელ პედაგოგებს ძალიან ჰყვარებიათ სასკოლო ცხოვრებაზე წერა.
თავდაპირველად შუმერული სკოლა,ასე ვთქვათ,წმინდა “პროფესიონალურ” მიზანს ისახავდა – მას უნდა მოემზადებინა მწერლები,რომელთაც სასახლისა და ტაძრისათვის საჭირო სამეურნეო თუ ადმინისტრაციული დოკუმენტების ჩაწერა-გადაწერა-შედგენა შეეძლებოდათ.ძირითადად,ასეც დარჩა შუმერული სკოლის მთელი არსებობის მანძილზე.მაგრამ სასკოლო ქსელის ზრდა-განვითარებამ და, კერძოდ,სწავლების კურსის გაფართოებამ სკოლა თანდათან აქცია შუმერული კულტურისა და სწავლა-განათლების კერად.აქ ჩამოყალიბდა ტიპი უნივერსალური მეცნიერ-სწავლულისა,რომელიც დაუფლებული იყო იმჟამად არსებული სიბრძნის ყველა დარგს – ღვთისმეტყველებას,მათემატიკას,ბოტანიკას,ზოოლოგიას,მინერალოგიას,გეოგრაფიას,გრამატიკასა და ლინგვისტიკას.
უფრო მეტიც,თანამედროვე სასწავლო დაწესებულებათაგან განსხვავებით,შუმერული სკოლა,ასე ვთქვათ,შემოქმედებითი მწერლობის ცენტრდაცა გვევლინებოდა.იქ არა მარტო სწავლობდნენ და იწერდნენ წარსულის ლიტერატურულ ძეგლებს,არამედ ახალ ნაწარმოებებსაც ჰქმნიდნენ.
მართალია,სკოლადამთავრებულნი უმეტესწილად ჩამწერებად იწყებდნენ მუშაობას სასახლეებსა და ტაძრებში,მაგრამ იყვნენ ისეთებიც,რომელნიც თავიანთ სიცოცხლეს ცოდნის გაღრმავებას ან პედაგოგობას უძღვნიდნენ. (ავტორი გენია.ჯი) შუმერული სკოლა,როგორც ჩანს,ტაძრის დანამატის სახით წარმოიშვა,დროთა განმავლობაში გამოეყო მას და მისმა პროგრამამაც წმინდა საერთო ხასიათი მიიღო.ამიტომ საფიქრებელია,რომ მასწავლებელს გასამრჯელოს მოსწავლეები უხდიდნენ.მოსწავლეები მეტწილად მდიდარი ოჯახიშვილები იყვნენ (ეს დასკვნა დიდი ხანია გააკეთეს ასირიოლოგებმა).ამის დასტურია ისიც,რომ მწერლების მამები,რომელთაც უცილობლივ ჰქონდათ სკოლის კურსი გავლილი, – “ქალაქის მამები”,მმართველები,ქურუმები,ელჩები,უმაღლესი საგადასახადო მოხელეები,ზედამხედველები და მოვაჭრეები ყვნენ.საინტერესოა,რომ არცერთ დოკუმენტში არ გვხვდება მწერალი ქალი – მწერლის სახელი.როგორც ჩანს,შუმერის სკოლებში მხოლოდ ვაჟები სწავლობდნენ.
სკოლას სათავეში ედგა “უშმია” (ბრძენი,მოძღვარი),რომელსაც “სკოლის მამასაც” უწოდებდნენ.მოწაფეები “სკოლის შვილები” იყვნენ,მასწავლებლის თანაშემწე – “დიდი ძმა”.მას,მაგალითად,ევალებოდა კალიგრაფიული ფირფიტა-ნიმუშის კეთება,საიდანაც გადაწერდნენ მოწაფეები.სკოლაში აგრეთვე იყვნენ ხატვის და შუმერული ენის მასწავლებლები,დამრიგებლები,რომლებიც ამოწმებდნენ მოსწავლეთა დასწრებას, და ეგრეთ წოდებულ “გამწკეპლავები”,რომლებიც პასუხს აგებდნენ მოწაფეების დისციპლინაზე.როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,თითოეულ მათგანს გასამრჯელოს მოსწავლეების მშობლები უხდიდნენ.
რაც შეეხება სასკოლო პროგრამებს,ამჯერად ჩვენს ხელთაა თავად სკოლებიდან მომდინარე უმდიდრესი ცნობები,რომლებიც გვაფიქრებინებს,რომ სწავლება ორი ძირითადი კურსით მიმდინარეობდა: ერთი უფრო მეცნიერებისა და ტექნიკისაკენ იხრებოდა,მეორე კი – ლიტერატურულ-შემოქმედებით ხასიათს ატარებდა.
შუმერელი პედაგოგები ადგენდნენ მრავალგვარ მათემატიკურ ცხრილებსა და კრებულებს,რომლებსაც შესაბამის ამოხსნებსა და პასუხებსაც ურთავდნენ.რაც შეეხება ლინგვისტიკას,პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ,რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა გრამატიკას.სწორედ შუმერელმა პედაგოგებმა შექმნეს პირველი “ლექსიკონები”.
მიუხედავად ზემოთქმულისა,მაინც უნდა შევნიშნოთ,რომ შუმერული სკოლა საკმაოდ პირქუში და უღიმღამო დაწესებულება ყოფილა,სწავლების პროგრამა – მშრალი,სწავლება – მოსაწყენი და ერთფეროვანი,დისციპლინა – მკაცრი. (ავტორი გენია.ჯი)