ფილიპე IV ლამაზის მმართველობის შესახებ…
1285 წელს საფრანგეთის სამეფო ტახტზე ავიდა საარაკო სილამაზის მქონე – ფილიპე IV ლამაზი (1268-1314 წლები).მისი მმართველობის პერიოდზე ისტორიკოსები ამბობენ: “აღზევდა საფრანგეთი,თუმცა დაემცრნენ ფრანგებიო”. და მართლაც,მეტად ხელმომჭირნე გახლდათ ფილიპე,როდესაც საქმე წვრილმანებს ეხებოდა,მაგრამ მეტად ხელგაშლილობა იცოდა,თუკი ეს სახელმწიფო ძლიერებისათვის იყო საჭირო. (ავტორი გენია.ჯი) თვითმპყრობელმა მეფემ თავისი მმართველობის ჟამს დათრგუნა ქედუხრელი ფრანგი ბარონები,დაამარცხა აჯანყებული ფლანდრიელები,აქვიტანიდან განდევნა ინგლისელები,რომის პაპის ტახტის მფლობელნი დააჩოქა და ავინიონში გამოკეტა ისინი (პაპთა ავინიონის ტყვეობის ხანა).პარლამენტები ემორჩილებოდნენ მეფის ბრძანებას და მსოფლიო საეკლესიო კრებებსაც ის აძლევდა სახსრებს.ვასალთა შორის ექვსი მეფე ჰყავდა და მისი გავლენა რუსეთის იმპერიამდე აღწევდა.
არ არსებულა ისეთი სიმდიდრე,რომელიც მას ხელთ არ ეგდო.ჯერ ეკლესიას ქონებას შეაწერა გადასახადი,მერე გააცამტვერა ებრაელები.მალევე ფილიპე ლომბარდელ ბანკირებსაც გადასწვდა.სახაზინო მოთხოვნილებათა მოსაპირავად ყალბი ფულის მოჭრასაც კი არ დარიდებია.დღითი დრე იკლო ფულის წონამ,მაგრამ იმატა ფასმა.გადასახადები აუტანელი გახადა,მომრავლდა ხელჯოხიანები.ეკონომიკური გაჭირვება აჩანაგებდა საფრანგეთს.იავარყოფას მოჰყვა მღელვარება; ყველა მღელვარება სისხლში ჩაახშო.ყველა ჯანყის ბოლო სახრჩობელა იყო.სამეფო ძლევამოსილებისათვის თაყვანი უნდა ეცა ყველას,ყველას უნდა მოედრიკა მუხლი და მოეხარა ქედი მის წინაშე.
მხოლოდ ერთი ძალა არ შეეპუა მეფეს.ეს იყო ტამპლის რაიდების ორდენი.ტამპლიერების უზარმაზარმა ორდენმა,ერთსა და იმავე დროს სამხედრო,რელიგიურმა და ფინანსურმა ორგანიზაციამ,ჯვაროსანთა ომებიდან დაიდო სათავე და სწორედ ჯვაროსნების მეოხებით მოიპოვა საქვეყნო დიდება და სიმდიდრე.
ტამპლიერების შეუვალობა მოსვენებას არ აძლევდა ფილიპე ლამაზს,ხოლო მათი აურაცხელი სიმდიდრე აღიზიანებდა და მადას უღვიძებდა მას.ორდენის წინააღმდეგ მეფემ დიდი პროცესი წამოიწყო,რომელმაც ათას ხუთასი ბრალდებული ჩაითრია.ისტორიას არაფერი ახსოვს ამის მსგავსი.პროცესი შვიდი წელი გრძელდებოდა და ვინ მოთვლის რამდენ საშინელ,უღირს და მდაბალ ხრიკებს არ მიმართეს ტამპლიერთა წინააღმდეგ.ამ საშინელი მოვლენისას სხვა ასეულობით რაინდთან ერთად ინკვიზიციამ ფილიპე IV ლამაზის ხელშეწყობით კოცონზე დაწვა მეფის ქალიშვილის ნათლია,მაგისტროსი – ჟაკ დე მოლე. (ავტორი გენია.ჯი)
სიკვდილის წინ ბალიშზე გადასვენებულმა მეფემ დაიკვნესა: ” – აი,შეხედეთ,რა ფასი აქვს სამყაროს,შეხედეთ საფრანგეთის მეფეს”. 1314 წლის 29 ნოემბერს იგი თვალღია დაადგა გრძელჟამიერი ქვეყნის გზას… (ავტორი გენია.ჯი)