“კრუასანის” წარმოშობის ისტორიიდან…
ნახევარმთვარის ფორმის მქონე ერთ-ერთ უგემრიელეს საკონდიტრო პროდუქტს - “კრუასანს”,არა მხოლოდ ხანგრძლივი ისტორია გააჩნია,არამედ მის შესახებ ლეგენდაც კი არის გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ირწმუნებიან,ნახევარმთვარის ფორმის მქონე ფუნთუშები პირველად XIII საუკუნეში გამოჩნდა ავსტრიაში.თუმცა ისინი კრუასანისაგან განსხვავებით,აბსოლოტურად სხვა ინგრედიენტებით მზადდებოდა.ისტორიული წყაროების ცნობით,პირველი კრუასანი 1770 წელს იქნა დამზადებული საფრანგეთში და მისი დამზადება დაკავშირებულია საფრანგეთის დედოფალ – მარი ანტუანეტთან,რომელიც თავის მხრივ,ტრადიციული ფრანგული სუფრის დიდი მოყვარული გახლდათ.
თუმცა პირველი კრუასანის დამზადება ასევე დაკავშირებულია ერთ ლეგენდასთანაც.ლეგენდის თანახმად, 1683 წელს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მაცხოვრებელმა ფუნთუშების მცხობელმა – პიტერ ვენდლერმა,პირველი კრუასანი ოსმალეთის იმპერიის არმიის მიერ ვენის წარუმატებლად დასრულებულ ალყას მიუძღვნა.ერთ-ერთი ვერსიით,მაშინ,როდესაც ოსმალთა ჯარებს ავსტრიის დედაქალაქი ალყაში ჰყავდათ მოქცეული,ღამით,ქალაქის საცხობებში მომუშავე მეფუნთუშეებმა მიწის ქვემოდან წერაქვის დარტყმის ხმები გაიგონეს.მათ უმალვე გაიაზრეს,რომ ოსმალები ქალაქში შეღწევას მიწისქვეშ გაყვანილი გვირაბით ცდილობდნენ და ამის შესახებ ქალაქის ხელმძღვანელობას აუწყეს.შესაბამისად,ოსმალების გეგმა ვერ განხორციელდა და საბოლოო ჯამში ვენას ალყაც მოეხსნა.სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად დაამზადა პიტერ ვენდლერმა პირველი კრუასანი. და რადგანაც კრუასანი ქრისტიანთა მიერ მუსლიმების დამარცხებასთან გასიმბოლირდა,მუსლიმმა ფუნდამენტალისტებმა სხვადასხვა მუსლიმანურ ქვეყნებში კონდიტერებს კატეგორიულად აუკრძალეს ნახევარმთვარის ფორმის მქონე უგემრიელესი კრუასანების დამზადება და გაყიდვა.მიუხედავად იმისა,რომ კრუასანს ავსტრიული წარმომავლობის ფესვები აქვს,იგი დღემდე მაინც ფრანგულ კულინარიულ პროდუქტად განიხილება. – (ავტორი გენია.ჯი)