ამონარიდი ოთარ ჩხეიძის მოთხრობიდან – “მიწა”
„…იყო რაღაც იდუმალი, რაღაც დამაფიქრებელი კუბოსა და სამარის ამ გაჯიქებაში, – კუბოსა, სამარისა თუ ცხედრისა, ამ უსულო სხეულისა, რომელიც არა და არ ჩადიოდა სამარეში, - ალბათ ცხედარშიც გამჯდარიყო, სხეულშიც ჩარჩენილიყო რაღაც ნიშნები დიდი სიჯიუტისა, მთლიანად არ ამოვარდნილიყო, მთლიანად არ გაჰყოლოდა ამომქრალ სულსა; ჰო, სიჯიუტე არ აკლდა იმ სულსა, არც მიწის სიყვარული აკლდა, არ აკლდაო რა სათქმელია, როცა უყვარდა, ყოველგვარ საზომებსა და ზედსართავებზე უფრო ძლიერადა, ვერარა ძალით გაზომავდა ამ სიყვარულსა; უყვარდა ისე, რომ ახალგაზრდობისასვე ხელი აეღო ყოველგვარ სიამოვნებაზე, დაითრგუნა სურვილები და დაუთრგუნა თავისიანებსაც, მხოლოდ მიწას ეწოდინებოდა, მიწაზე მიიწევდა, იძენდა, დაობდა, წინაპართა უთავბოლობით დაკარგული მამულების ამოსაგდებადა იბრძოდა, ბობოქრობდა… მორჩა, ეს ბობოქარი სულიც მიაბარეს მიწასა, ანუ მიწამ დააცხრო ეს ბობოქარი სულიცა, მიაბარეს და უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ვერ იძვროდნენ, ფეხი ვერ გადაედგათ, თავიც ვერ მოებრუნებინათ, ეგონათ ისევ ამოვიდოდა ცხედარი. ამოვიდოდა და გაჯიქდებოდა, მოითხოვდა უფრო დიდ სამარესა, უფრო ბევრ მიწასა…