ადოლფ უილიამ ბუგერო – “პირველი გლოვა”
“პირველი გლოვა” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და XIX საუკუნის აკადემიზმის ბრწყინვალე წარმომადგენლის - ადოლფ უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების საშუალებით დახატულ რელიგიური სიუჟეტის შემცველ დიდებულ სურათს. (ავტორი გენია.ჯი) ბუგეროს მიერ 1888 წელს დახატული ტილოს სიმაღლე 203 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 252 სანტიმეტრი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სურათის ავტორს აღნიშნულ ტილოზე მუშაობის დაწყების წინ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს: მას შვილი დაეღუპა,რამაც შთააგონა კიდეც შეექმნა დრამატიზმითა და ტრაგიკული სიუჟეტებით აღსავსე სურათი.”პირველი გლოვის” პირველი ესკიზები მხატვარმა 1885 წელს დახატა.
XIX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე ნაყოფიერმა მხატვარმა სურათზე ის მომენტი წარმოგვიდგინა,როდესაც ბიბლიურმა პერსონაჟებმა – ადამმა და ევამ უფროსი ძმის – კაენის მიერ მოკლული შვილის – აბელის ცხედარი აღმოაჩინეს.საყოველთაოდ ცნობილია,რომ ბიბლიურად სწორედ ეს ამაზრზენი მკვლელობა ითვლება კაცობრიობის მიერ ჩადენილ პირველ მკვლელობად ისტორიაში.უილიამმა ტილოზე მუშაობის პროცესში ერთგვარი პირამიდული კომპოზიცია გამოიყენა.ეს კომპოზიცია კი თავის მხრივ,გენიალური იტალიელი მხატვრების – რაფაელ სანტისა და მიქელანჯელო ბუონაროტის შემოქმედებათათვის გახლდათ დამახასიათებელი. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია,რომ სწორედ ამიტომ მოიხსენიებდნენ ბუგეროს – “ფრანგ რაფაელად”.სურათზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მთავარი გმირების უსაზღვრო მწუხარება.მიუხედავად იმისა,რომ ევას სახე ხელებითა აქვს დაფარული,მასში მაინც შესანიშნავად იკითხება შვილმკვდარი დედის ღრმა ემოცია და მწუხარება.ასეთივე ტრაგიზმით გახლავთ აღსავსე ადამის პერსონაც.თავად აბელის ცხედარი კი ბუგერომ ვირტუოზული ხელოვნებითა და იდეალიზებული სილამაზით გამოსახა.ერთადერთი,რაც აბელის სიკვდილს მოწმობს,მიწაზე დაღვრილი მისი სისხლია.
დღესდღეობით,ადოლფ უილიამ ბუგეროს შედსევრი-სურათი – “პირველი გლოვა” დაცულია არგენტინის დედაქალაქ – ბუენოს-აირესში განთავსებულ სახვითი ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში. (ავტორი გენია.ჯი)