ნატო ვაჩნაძის მშობლების შესახებ…
როგორც ცნობილია,ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდარული ქართველი კინომსახიობის - ნატო ვაჩნაძის (1904-1953 წლები) მამა – გიორგი ანდრონიკაშვილი პოლონეთიდან დაბრუნების შემდგომ ვლადიკავკაზის თერგის ოლქის უფროსად დანიშნეს და ყაჩაღად გავარდნილი – ზელიმ-ხანის დაკავება დაავალეს. (ავტორი გენია.ჯი) ვაჩნაძის მოგონებებიდან ირკვევა,რომ გიორგი დავალებას უხალისოდ მოკიდებია.ამას ისიც დამატებია,რომ ზელიმ-ხანს ანდრონიკაშვილისათვის თავისი კაცი მიუგზავნია და შეუთვლია: ქართველის სისხლის დაღვრა არ მინდა და ჩემს წინააღმდეგ ნუ გამოილაშქრებო (ზელიმ-ხანი ოსი იყო).თუმცა რუსეთის მეფის ხელისუფლებამ ნატო ვაჩნაძის მამა მაინც აიძულა ზელიმ-ხანის წინააღმდეგ სადამსჯელო ექსპედიცია წამოეწყო.ექსპედიციის დაწყებიდან მეორე დღეს 32 წლის ასაკში მყოფი გიორგი ანდრონიკაშვილი ზელიმ-ხანმა ჩასაფრებისას მოკლა.ცნობილია ისიც,რომ ნატო ვაჩნაძის დედა – ეკატერინე სლივიცკაია პოლონური წარმომავლობის მქონე ქალი იყო,რომელმაც ქმრის მიერ მისთვის დატოვებული ანდერძი უნაკლოდ შეასრულა.გიორგის ანდერძი კი ასეთი იყო: “ბავშვებთან იყავი მკაცრი,ხოლო სიმკაცრეს ნუ აურევ მოუთმენლობაში… დაკრძალვამდე სამჯერ გარდამსახე პირჯვარი… თუ მწუხარებისა ან ურწმუნოების გამო დაგავიწყდეს ამის შესრულება,ნუ ინაღვლებ და შემდეგ შეასრულე ფიქრით მაინც”… (ავტორი გენია.ჯი)
გიორგის გასვენების დროს მგლოვიარე,თუმცა თავამართული და მკაცრი,თალხებში ჩაცმული ეკატერინე საყვარელი მეუღლის ცხედარს მიჰყვებოდა.სასაფლაოზე იგი უძრავად იდგა გაფითრებული,ტუჩებ-მოკუმული.როდესაც ცხედრის ჩასვენების დრო დადგა,მან წარმოთქვა: – მოითმინეთო.შემდეგ ჩაიჩოქა და სამჯერ პირჯვარი გარდასახა მეუღლის ცხედარს.
ნატო ვაჩნაძე იგონებდა,რომ დედამისს უსაზღვროდ უყვარდა მამამისი და მისი ერთგული დარჩა სიკვდილამდეო.
ერთ დღეს,როდესაც ნატო წამოიზარდა,დედას ჰკითხა:
- მაინც რატომ არ მოინდომე,რომ შენი ცხოვრება ხელახლა მოგეწყო?
რაზეც ეკატერინემ შემდეგი პასუხი გასცა ქალიშვილს:
- მე მამაშენს მთელი სიცოცხლით მივთხოვდი,მაშასადამე,ამ გაგებით ჩემი ცხოვრება დამთავრდა.
P.S. გიორგი ანდრონიკაშვილის ერთგული მეუღლე – ეკატერინე სლივიცკაია 1947 წელს აღესრულა. – (ავტორი გენია.ჯი)