საბჭოთა თარჯიმნის მარცხი “თეირანის კონფერენციის” მიმდინარეობისას…
1943 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში ირანის დედაქალაქ თეირანში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ მოკავშირე სამი ქვეყნის – აშშ-ის,საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები შეიკრიბნენ.”თეირანის კონფერენციაზე” დაკანონებული წესის თანახმად,სამივე ქვეყნის მმართველის თარჯიმნები ადრე სადილობდნენ,რათა შემდგომ,დიდი სამეულის სადილობისას მათი გამონათქვამები,სიტყვები თუ ფრაზები ეთარგმნათ. (ავტორი გენია.ჯი) ცხადია,რომ ამ დროს ჭამისათვის თარჯიმნებს ნამდვილად არ ეცლებოდათ.
29 ნოემბერს ერთობ დაძაბული და დამღლელი დღის შემდეგ კონფერენციაში მონაწილე სამივე ქვეყნის დელეგაციამ ერთად მანამ ივახშმა,სანამ თარჯიმნები ივახშმებდნენ.მოშიებულებსა და არაქათგამოცლილებს რამდენიმე ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ ისე შეექცეოდენ ვახშამს.საბჭოთა მხრიდან თარჯიმანს წარმოადგენდა იოსებ სტალინის პირადი თარჯიმანი - ვალენტინ ბერეჟკოვი (1916-1998 წლები),რომელმაც ვერ გაუძლო ცდუნებას და ისარგებლა იმით,რომ არავინ საუბრობდა.გადმოიღო ბივშტექსი და მოზრდილ ნაჭერს შეექცა.მისდა საუბედუროდ,სწორედ ამ დროს დაუწყო საუბარი ჩერჩილმა სტალინს.ბერეჟკოვს,ცხადია არ ეცალა ეთარგმნა სტალინისათვის უინსტონის ნათქვამი.ამის გამო საბჭოთა გენსეკი ძალიან გაბრაზდა,სახე წამოუწითლდა და თავისთვის ჩაილაპარაკა: – ეს რა უმსგავსობაა? მუშაობაა საჭირო და ამას კი პირი გამოუტენია და დუმს!
ბერეჟკოვმა როგორც იქნა მოახერხა ნახევრად დაღეჭილი ბივშტექსის გადაყლაპვა და მაშინვე შეუდგა თარგმნას…
როგორც ჩანს ბერეჟკოვს ნერვიულობის შედეგად მთელი ღამის განმავლობაში არ უძინია, და როდესაც სტალინი მეორე დილით საძინებლიდან გავიდა,წინ დაღონებული და შერცხვენილი აესვეტა: – მინდა ბოდიში მოგიხადოთ,ამხანაგო სტალინ ჩემი შეცდომის გამო! მაპატიეთ,სხვა დროს ასეთი რამ არ განმეორდება. – მიმართა აღელვებულმა ბერეჟკოვმა საბჭოთა გენსეკს.
სტალინმა ვალენტინს ყურადღებით მოუსმინა,მერე მხარზე ხელი დაადო და უთხრა: – ამხანაგო ბერეჟკოვ! დიდი საქმეების გაკეთება პატარა შეცდომების დაშვების გარეშე ყოვლად შეუძლებელია!
მას შემდგომ ვალენტინ ბერეჟკოვს ასეთი მარცხი აღარ შემთხვევია და იგი სტალინის პირადი თარჯიმნის მოვალეობას მრავალი წლის განმავლობაში ასრულებდა. (ავტორი გენია.ჯი)