ვანო სარაჯიშვილი – “ეპიზოდი”
გენიალური ქართველი მომღერალი,მუსიკოსისა და ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის – ვანო სარაჯიშვილის (1879-1924 წლები) შესახებ დიდი ქართველი კინომსახიობი ქალი – ნატო ვაჩნაძე იგონებდა:
“მრავალს მოუსმენია ვანო სარაჯიშვილისათვის,მაგრამ ბევრს არ ჰქონია ბედნიერება მოესმინა მისთვის იმ წუთებში,როცა თვითონ მას ემღერებოდა,იმ წუთებში,როცა მას არ შეეძლო ემღერა,როცა ის თავის “ღმერთთან” ურთიერთობაში იყო.
მე ერთხელ მქონდა შემთხვევა ასეთ წუთში მომესმინა მისთვის.ეს მოხდა სიღნაღში.გაზაფხული იყო,აივანზე ვისხედით ძველი ციხე-გალავნის ახლო.ნათელი,მთვარიანი ღამე იყო.ქვევით ალაზნის ველი გადაშლილიყო.დღით მე დავინახე,თუ როგორ ჰყვაოდნენ იქ,ქვევით ალუბლისა და ვაშლის ხეები და ახლაც,ამ ნათელ ღამეში,მეჩვენებოდა,თითქოს ვხედავდი მათ და ვყნოსავდი დამათრობელ სურნელს.მთვარით განათებული კავკასიონის თოვლიანი ქედი თეთრად ბრწყინავდა.სიჩუმეში ვიდექით და გავცქეროდით ყველანი ამ მომხიბლავ ჩვენებას. და აი,მოულოდნელად კი არა,არამედ თითქოს ჩვენი გულიდან ამოსულიყო,მოისმა ჩუმი ჰანგი… (ავტორი გენია.ჯი)
ეს ვანო სარაჯიშვილი მღეროდა მშობლიურ ურმულს.ჩუმად დაიწყო,შემდეგ მისი ხმა თანდათან გაძლიერდა,მოეფინა გაყუჩებულ ალაზნის ველს და შორეულ მთებს გადაწვდა.მისი ხმა,მისი არსება ამ წუთში შეერთებული იყო იმ მომხიბლავ ჩვენებასთან,რომელიც შორ მანძილზე გადაშლილიყო.მომღერალი თითქოს უბრუნებდა გარემოს იმ ჰანგსა და ხმას,რომელიც მისგანვე მიეღო.ეს ხმები დაბადებული იყო ამ ველზე.მის მწვანეში,ალაზნის ტალღებში,გლეხის კერიის ღუღუნში.
ის მღეროდა დიდხანს და დამატკბობელად.მის ხმაში მისი მშობელი ხალხის ხმა ისმოდა.
ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა ეს ღამე.
სრული ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა ვანო სარაჯიშვილი.
ის თითქოს მითიურ ორფეოსად იქცა ჩვენთვის და მისი სიმღერის ძალა უკვდავ ლეგენდასავით დარჩა ხალხში”. – (ავტორი გენია.ჯი)