გრიგოლ აბაშიძე – “ორი ტრიოლეტი”
ძალითაც რომ დაგიხუჭონ,გაახილე თვალი,
მოასწარი,ქვეყნის ნახვა წილად გერგო ერთხელ,
ერთხელ შეგხვდა ქვეყნად ლხინი,ღვინო,მზე და ქალი,
ძალითაც რომ დაგიხუჭონ,გაახილე თვალი,
სიყვარულით გადიხადე მთელი ქვეყნის ვალი.
თვალს ნუ მისცემ დასვენებას ღამეების მტეხელს,
ძალითაც რომ დაგიხუჭონ,გაახილე თვალი,
მოასწარი,ქვეყნის ნახვა წილად გერგო ერთხელ.
* * *
დააცადე,ლექსმა გულში კიდევ დაიზამთროს,
ხვალ,ვინ იცის,სად ინატრებ საქართველოს ღრუბელს,
სიზმარივით მოიხედო იქნებ გაის ამ დროს,
დააცადე,ლექსმა გულში კიდევ დაიზამთროს,
დააცადე,სანამ გულმა თვითონ არ ინატროს,
შუადღის მზეს ნუ შეხედავ ქვეყნის გადამბუგველს,
დააცადე,ლექსმა გულში კიდევ დაიზამთროს,
ხვალ,ვინ იცის,სად ინატრებ საქართველოს ღრუბელს.