ტარიელ ჭანტურია – „ალიბი შვილისთვის”

„ვგონებ,ვისლავა შიმბორსკას ლექსია: ქალი, რომელიც უძვირფასესმა ადამიანმა მოკლა, მკვლელის წასვლის შემდეგ ადგება, სისხლის ტბორს მოამშრალებს, წაშლის უმძიმესი დანაშაულის კვალს და ისევ მარადიულ ძილს მისცემს თავს, დაიმედებული, რომ მკვლელს აღარაფერი ემუქრება ჩადენილი დანაშაულის გამო…

აი, სიყვარული, რომელმაც დათრგუნა სიკვდილი, რამეთუ იგი სიკვდილის მერეც სიკეთის ნაყოფს ისხამს…

ასე კვდება დათა თუთაშხიაც! და იგი, კეფაგახვრეტილი და საკუთარი შვილის ხელით მოკლული,ცნობიერების ჯერ კიდევ ბოლომდე ჩაუწვავი სანთლის შუქზე ადგენს შვილისათვის ალიბს,რამაც მის უკანონო და შეცთომილ შთამომავალს ცოდვა უნდა გაუნელოს და სისხლი ჩამორეცხოს.

“მიმიშვი,ერთი.ნახე სულის შებერვა როგორი ვიცი მე, – აბრაგმა ბიჭს მხარზე ხელი დაუთათუნა”.

ცეცხლის გაღვივებას ცდილობდა თუთაშხია,თითქოს მისმა ალმა უნდა გაათბოს ცხოვრების ყინულით გათოშილი მამაშვილობა.

“ბიჭი წამოდგა,დაიხია,თუთაშხიამ ჯორკო მიიჩოჩა,ზურგს უკან მდგომ ბიჭს ღიმილით ახედა,დაიხარა,ცეცხლს გრძლად,მძლავრად შეუბერა.გუდუ პერტიამ ხელი უბეში შეიყო,რევოლვერი ამოიღო,აბრაგს თავში დაუმიზნა და სასხლეტს დააწვა.

…-რა ქენი,ბიჭო,ეს!.. – დაიკვნესა თუთაშხიამ,შუბლი მოისრისა და სინანულით გაიმეორა: – რა ქენი,გუდუნა,ეს!”

მაგრამ გუდუნამ ქნა? ვინ არის ამ ცდოვის მოქმედი! თუ გუდუნამ ქნა,მაშინ რა წილი უდევს ცოდვაში ბიქტორ სამუშიას,”რომელმაც გუდუ პერტია თუთაშხიას მოსაკლავად მოამზადა”,ან რა წილი ცოდვისა უნდა იტვირთოს მუშნი ზარანდიამ,ვისი უჩინარი ხელიც ამ საბედისწერო სპექტაკლს მართავდა… (ავტორი გენია.ჯი)

“დათა თუთაშხიას მტრები,კეთილისმსურველები,გუდუ პერტია – ყველა ღრმად იყო დარწმუნებული,რომ აბრაგი კვლავ ცოცხალია”.

გუდუ პერტია მწერალს არც მტრებში ჰყავს ჩათვლილი და არც მოყვრებში.იგი სხვაა.იგი სისხლი სისხლთაგანია თუთაშხიასი,მისი ცოდვაც და მადლიც.ამიტომ არის,რომ თუთაშხია,უკვე მოკლული,ასეთი არაადამიანური მოთმინებით ამზადებს შვილისთვის ალიბის,რომლის მოსმენა ცრემლს გვრის მკითხველს.

ერთმანეთის პირისპირ დგანან მამა და შვილი,მოკლული და მკვლელი,მადლი და ცოდვა.

“ისინი სამიოდე ნაბიჯზე პირისპირ იდგნენ,ერთმანეთს შესცქეროდნენ.დათა თუთაშხიას სახე უკიდურეს განცვიფრებასა და ყრუ,სასიკვდილო ტკივილს დაებრიცა”.

და შემდეგ:

“გუდუ პერტია მხოლოდ გაფაციცებული იყო.მთელი არსებით სიცოცხლის შენარჩუნების გზას,გამოსავალს ეძებდა.იგი არავითარ დაბნევას,შიშს და მით უმეტეს პატიების მუდარას არ ამჟღავნებდა”.

პატიების მუდარა მერეა.მოგვიანებით!

დათა თუთაშხიამ წინასწარ აპატია.

ვისლავა შიმბორსკას ლექსის მსხვერპლი ქალის დარად,დათა თუთაშხიამ მოამშრალა საკუთარი სისხლის ტბორი,წაშალა საბედისწერო ტრაგედიის ყოველგვარი კვალი და უძვირფასეს ადამიანს მოუმზადა ეჭვმიტანილი ალიბი.მერე მალაქია ნინუას სამსუნს მივდივარო,დაუბარა,თვითონ კი,ნაშიერის ტყვიით ბოლომოღებული,კლდიდან ზღვაში გადაეშვა და ქართული მწერლობის მარად უკვდავ ლიტერატურულ სახეებს შეუერთდა.

ქართულ რომანებში მე არ მეგულება უკეთესი ფინალი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>