გაიქცა თუ არა ნაპოლეონ ბონაპარტი წმინდა ელენეს კუნძულიდან?
როგორც ცნობილია,ლეგენდარული ფრანგი მხედართმთავარი და საფრანგეთის იმპერატორი – ნაპოლეონ I ბონაპარტი (1769-1821 წლები),თავისი მმართველობის ჟამს ქვეშევრდომებისაგან მოითხოვდა,რომ მაქსიმალური ძალისხმევა გამოეჩინათ,რათა ისეთი ადამიანები აღმოეჩინათ,რომლებიც ფიზიკური მონაცემებით ძალიან ემსგავსებოდნენ მას. (ავტორი გენია.ჯი) ქვეშევრდომთა ძალისხმევას შედეგიც მალევე მოჰყვა თან.მათ მთელი საფრანგეთის მასშტაბით ოთხი ისეთი გარეგნობის მქონე პიროვნება აღმოაჩინეს,რომელთაც სრულიად თავისუფლად შეეძლოთ ნაპოლეონ ბონაპარტის “ორეულის” ფუნქციის შესრულება.ამ ოთხეულიდან თითიოეულს ცხოვრებამ სხვადასხვაგვარი ბედი არგუნა: ერთი მათგანი ცხენიდან ჩამოვარდნის შედეგად დაკოჭლდა და დაინვალიდდა; მეორე მათგანის ნაპოლეონად გარდასახვა იმთავითვე გამოირიცხა,რადგან იგი გონებრივად შეზღუდული ადამიანი გახლდათ; მესამე მათგანი,რომელიც შესანიშნავად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას – მოკლული იქნა.მეოთხე მათგანის შესახებ კი ყველაზე საინტერესო ინფორმაციებია გავრცელებული.
საფრანგეთის არმიის კაპრალი – ფრანსუა-ეჟენ რობო,რომელიც საოცრად ჩამოჰგავდა ნაპოლეონს,მორიგი ომის დასრულების შემდგომ საკუთარ მამულში,სოფელ – ბალეიკურში დაბრუნდა.მისმა მშვიდმა და იდილიურმა ცხოვრებამ რამდენიმე ხანი გასტანა. 1818 წლის ერთ მშვენიერ დღეს,რობოს სახლთან მდიდრული კარეტა გაჩერდა,რომელსაც ადგილობრივებმა იმთავითვე მიაქციეს ყურადღება.რამდენიმე დღეში ფრანსუა-ეჟენი და მისი და უგზოუკვლოდ გაუჩინარდნენ.მოგვიანებით,რობოს გამდიდრებულ დას ქალაქ ნანტში მიაკვლიეს.როდესაც მას ჰკითხეს,თუ საიდან გააჩნდა ესოდენ დიდი ფული,მისგან ასეთი პასუხი მიიღეს: “ჩემმა ძმამ მომცა”.
უცილობლად უნდა შევნიშნოთ,რომ ეს ის პერიოდია,როდესაც ნაპოლეონი უკვე გადასახლებული გახლდათ წმინდა ელენეს კუნძულზე.შესაბამისად,უმალვე იქნა გავრცელებული მეტად საინტერესო თეორია: თითქოსდა,ნაპოლეონს ფრანსუა-ეჟენი იმისათვის სჭირდებოდა,რომ წმინდა ელენეს კუნძულიდან გაქცეულიყო,ამას კი მისი ორეულის გარეშე ვერაფრით განახორციელებდა.აღნიშნული თეორიის პირდაპირი დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს,თუმცაღა საინტერესოა,რომ გადასახლებაში მყოფ ნაპოლეონს ხშირად ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტებიც კი არ ახსოვდა საკუთარი ბიოგრაფიიდან,რომლებმაც მის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს.მას ხშირად ეშლებოდა თაღიღები და უხლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა სახელები.გარდა ამისა,თვითმხილველთა ცნობით,ნაპოლეონმა რატომღაც სრულიად შეიცვალა ხელწერისა და კალიგრაფიის სტილი.გახდა უკარება.ისტორიკოსთა გარკვეული ნაწილი ბონაპარტში მომხდარ ცვლილებებს იმ გარემოპირობებს უკავშირებს,რომელშიც იგი წმინდა ელენეს კუნძულზე იმყოფებოდა.
იმავე პერიოდში იტალიის ქალაქ ვერონაში გამოჩნდა პიროვნება,ვინმე – რევარი,რომელიც წარმომავლობით ფრანგი იყო.მან ქალაქში მაღაზია გახსნა,თუმცა არასდროს ინტერესდებოდა არც შემოსავლებით და არც გასავლებით,რაც მეტად უცნაური მოვლენაა ვაჭრობით დაკავებული ადამიანისათვის.მას შემდგომ,რაც ვერონას მაცხოვრებლებმა რევარის ფიზიონომიური მონაცემები ნაპოლეონის პორტრეტს შეადარეს,მეტად დაეჭვდნენ,რადგან ისინი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. (ავტორი გენია.ჯი) ამის გამო,რევარს ვერონელებმა – “იმპერატორიც” კი შეარქვეს ხუმრობით.ამ მეტსახელით მოხსენიებისას,რევარის სახეზე ხშირად ირონიული ღიმილი გამოკრთოდა,რასაც ვერონელები მრავლისმეტყველად მიიჩნევდნენ.
რამდენიმე წლის გასვლის შემდგომ,მოულოდნელად რევარი ვერონადან გაუჩინარდა.თუმცა მანამდე მან თავის კომპანიონს – პეტრუჩის კონვერტი გადასცა და თხოვა,რომ თუკი სამი თვის განმავლობაშიიგი უკან,ვერონაში არ გამოჩნდებოდა,კონვერტი აუცილებლად უნდა მიეწოდებინა საფრანგეთის მეფისათვის.მას შემდგომ 30 წლი გავიდა… ერთ დღესაც პეტრუჩიმ სხვადასხვა თვითმხილველთა დამოწმებით საჯაროდ განაცხადა,რომ რევარი სინამდვილეში წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებული ნაპოლეონ ბონაპარტი გახლდათ.მისი განცხადება კი უმალვე საგულდაგულოდ გაასაიდუმლოეს.
1823 წლის 4 სექტემბერს შენბრუნის საიმპერატორო სასახლეში ქუნთრუშა ინფექციური დაავადების შედეგად თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა ნაპოლეონ ბონაპარტის ერთადერთი კანონიერი ვაჟი – ნაპოლეონ II. სწორედ ამ დროს,კოშკზე მყოფმა ერთ-ერთმა გუშაგმა სასიკვდილოდ დაჭრა ვიღაც მამაკაცი,რომელიც სასახლეში შეპარვას ცდილობდა.როგორც კი ცხედარი იქნა დათვალიერებული,სასახლეს უმალვე გაძლიერებული დაცვა შემოარტყეს.მარია-ლუიზას ბრძანებით,მოკლული უცნობი მამაკაცის ცხედარი სასახლის ტერიტორიაზევე იქნა დაკრძალული,რამაც კიდევ უფრო დიდი ეჭვი გააჩინა იმის შესახებ,რომ ბონაპარტი წმინდა ელენეს კუნძულზე მისივე “ორეულმა” – ფრანსუა-ეჟენ რობომ ჩაანაცვლა.
საინტერესოა,რომ ფრანსუა-ეჟენის მშობლიურ სოფელში განთავსებული ტაძრის საეკლესიო წიგნში გვხვდება მეტად მნიშვნელოვანი ჩანაწერი: “ფრანსუა-ეჟენ რობო დაიბადა 1771 წელს.გარდაიცვალა წმინდა ელენეს კუნძულზე”.გარდაცვალების თარიღი “რატომღაც” ამ ჩანაწერში ამოშლილია.ეს კი თავის მხრივ,ერთობ დიდ კითხვას სვამს: მართლაც ჩაანაცვლა თუ არა წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებული ნაპოლეონ I ბონაპარტი მისმა ორეულმა – ფრანსუა-ეჟენ რობომ.გავითვალისწინოთ ისიც,რომ “კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება”. – (ავტორი გენია.ჯი)