ნინო სიხარულიძე – “ჩემი ეგზისტენციალიზმი”
დრო კი არ გადის,მე გავდივარ ამ თამაშიდან
(და არც არავინ მახევს კალთებს,ჩვენთან დარჩიო),
გავდივარ,რადგან ყოველდღიურ ნაყარნუყარში
ამაოდ ვცდილობ,რამე ნაღდი გამოვარჩიო.
ამაოდ ვწვალობ,წყლის ნაყვაა ჩემი მცდელობა,
ამასობაში დაოთხილი გარბიან წლები,
ვხედავ თებერვალს,”შეშლილივით რომ კვდება ბაღში”,
და მთვარის შუქზე შეშლილივით ვესაუბრები -
ნეტა,თუ ესმის,ეს სიტყვებიც ისე ტლანქია,
მძიმეა,როგორც უმაქნისი რიყის ლოდები,
მაგრამ,რადგანაც სხვა სიტყვები არ გამაჩნია,
მე ჩემსას ვყვები და მის პასუხს არც ველოდები.
მე მაინც ვყვები,რომ სამყარო თავზე მემხობა,
რომ არაფერი აღარ დარჩა ქვეყნად მართალი,
მყიფე ყოფილა თურმე,რაც კი მყარი მეგონა,
სხვისი ყოფილა თურმე,რაც კი ჩემად ჩავთვალე.
ვყვები,რომ ვერსად მიპოვნია ნავსაყუდელი,
რომ ყველა ფიცი გადაიქცა საპნის ბუშტებად
და როცა ქუჩას მოეფინენ ბრბოს გასახარად,
სულ დაიტაცეს სატყუარა სიტყვის მუშტრებმა.
ამასობაში თებერვალმაც სული დალია,
ამასობაში დაოთხილი გარბიან წლები,
დრო კი არ გადის,მე გავდივარ ამ თამაშიდან
და სტრიქონიდან გამოქცეულ წერტილად ვრჩები.