გივი ალხაზიშვილი – “აღარ მომბეზრდა იმ უძველეს ბაღის აღწერა”
აღარ მომბეზრდა იმ უძველეს ბაღის აღწერა,
ფანჯრიდან რომ ჩანს და სამყაროს დუმილს აგროვებს,
რას ვიფიქრებდი,სხვა ქალაქშიც თუ მოაღწევდა
მისი ჩურჩული ზუსტად მაშინ,შუქს რომ აქრობენ.
* * *
ბაღის მუსიკა,დუმილიდან რომ იბადება,
როგორც საკუთარ კენწეროებს,ისე მოძებნის
ვარსკვლავთა ციმციმს და წყვდიადის ყოველ ნათებას,
და ეს სიცოცხლე,ღვთით ნაბოძები,
მუდამ მზადაა იმ სიტყვათა აღმოსაჩენად,
ჩვენ რომ ვერ ვამბობთ და სახეზე ნაოჭს ამრავლებს,
ნიშნად იმისა,რომ ყოველთვის გულში დარჩება
ის,რაც ჩამოგვყვა და რაც უკან მიგვაქვს წარმავლებს.