იან ვერმეერი – “რწმენის ალეგორია”
“რწმენის ალეგორია” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრისა და ნიდერლანდულ სახვით ხელოვნებაში ოქროს საუკუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის – იან ვერმეერის (1632-1675 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ ღრმა რელიგიური სიუჟეტისა და მრავალი სიმბოლური დატვირთვის მატარებელ შედევრ-სურათს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ქმნილებაზე მხატვარმა მუშაობა 1670 წელს დაიწყო და 1672 წელს დაასრულა.სურათის სიმაღლე 114,3 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 88,9 სანტიმეტრი.როგორც იმ პერიოდის მრავალი სახელოვანი მხატვარი,ვერმეერიც მეტად გაიტაცა იტალიურმა აკადემიზმმა,რომლისთვისაც ალეგორიული ფერწერა გახლდათ დამახასიათებელი.ნიდერლანდელი მხატვრის მიერ შექმნილი ორი ალეგორიული ტილოდან – “რწმენის ალეგორია” და “მხატვრის სახელოსნო”,ხელოვნებათმცოდნეებმა და სპეციალისტებმა უპირატესობა ამ უკანასკნელ ტილოს მიანიჭეს.თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ ვერმეერის ორივე სურათს მრავალი მყიდველი გამოუჩნდა.მიუხედავად უმძიმესი ფინანსური პრობლემებისა,ხელოვანი მაინც ვერ შეელია ვერც ერთ მათგანს და შესაბამისად,ისინი მის სიცოცხლეში არც გაყიდულა.
ტილოს კომპოზიციის სემანტიკური სტრუქტურის შექმნა ვერმეერმა სურათის ქვედა ნაწილიდან დაიწყო,სადაც გამოსახულია ქვით განგმირული გველი (გველი – სატანასთან ასოცირდება,ხოლო ქვა კი – იესო ქრისტესთან); გლობუსის სიახლოვეს,რომელიც მთელ მსოფლიოსა და კაცობრიობას განასახიერებს,რელიგიურ ექსტაზში მყოფი ქალის ფიგურაა წარმოდგენილი და იგი რწმენასთან სიმბოლირდება,ხოლო მაგიდაზე განთავსებული თასი – ზიარებასთან; კედელზე გამოსახულია იესო ქრისტეს ჯვარცმის სცენა,სადაც,როგორც სიბრძნის სიმბოლო,მხატვარმა იოანე ღვთისმეტყველი გამოსახა; ჭერზე ჩამოკიდებული ბურთი,რომელიც კომპოზიციის დიაგონალს ასრულებს,ღვთისაგან ადამიანისათვის ბოძებულ სიბრძნესთან ასოცირდება.
იან ვერმეერმა თავისი შედევრი-სურათით ხაზი გაუსვა იმას,რომ კაცობრიობა სრულყოფილ სიბრძნესა და სიყვარულს მხოლოდ და მხოლოდ იესოს სიყვარულით მიაღწევს.დღესდღეობით,გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერის ქმნილება – “რწმენის ალეგორია” ნიუ-იორკში განთავსებულ – “მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმშია” დაცული.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ამ უნიკალურ მუზეუმს ვერმეერის ქმნილება 1931 წელს სრულიად უსასყიდლოდ უანდერძა მაიკლ ფრიდსემმა,რომლის კერძო კოლექციაშიც იყო მანამდე იგი დაცული. (ავტორი გენია.ჯი)