სოკრატეს მიმართვა ათენელებს…
“მე თქვენ პატივს გცემთ, მე თქვენ მიყვარხართ, ათენელნო. მაგრამ მაინც ღმერთის უფრო მჯერა, ვიდრე თქვენი; ამიტომ, სანამ პირში სული მიდგას და ძალა მერჩის, ხელს არ ავიღებ ფილოსოფიაზე, არ დავმშვიდდები, არ დავცხრები და ვეცდები იგივე შთავაგონო თითოეულ თქვენგანს, რასაც აქამდე შთავაგონებდი: “ეჰა, უკეთილშობილესო კაცთა შორის, ეჰა, ათენელო, უდიადესი და სიბრძნითა თუ ძალმოსილებით ყველაზე სახელგანთქმული ქალაქის მოქალაქევ, ნუთუ არა გრცხვენია, რომ მხოლოდ ოქრო-ვერცხლზე გიჭირავს თვალი, მხოლოდ ფულის მოგებაზე გელევა სული? ნუთუ მხოლოდ სახელისა და პატივის მოხვეჭაა შენი საზრუნავი და არა სიბრძნე, ჭეშმარიტება, სული? ნუთუ არ გინდა, რომ შენი სული უფრო წმინდა იყოს, უფრო მშვენიერი, უფრო ზნესრული? ხოლო თუ რომელიმე თქვენგანი შემედავება და დაიწყებს იმის მტკიცებას, თითქოს დიახაც ზრუნავს სულისთვის, იმწამსვე კი არ დავეხსნები და გავეცლები, არამედ კითხვას გავუმეორებ, გამოვცდი, გამოვააშკარავებ, და თუ შევატყვე, რომ სიქველის ნასახიც არ გააჩნია და მხოლოდ თავს გვაჩვენებს ქველად, დავგმობ, შევარცხვენ, შევაჩვენებ იმის გამო, რომ არაფრად აგდებს ყველაზე ძვირფასს, ხოლო ყველაზე უფასური თავს ურჩევნია. ასე მოვექცევი ყველას, ვისაც შევხვდები, – მოხუცსა თუ ახალგაზრდას, უცხოელს თუ ჩვენებურს, მით უმეტეს, – თქვენ, ათენელნო, ვინაიდან თქვენა ხართ ჩემი სისხლი და ხორცი. მერწმუნეთ, ამას მიბრძანებს ღმერთი, და მე მგონია, მთელს ქალაქში არ მოგეძებნებათ უფრო დიდი სიკეთე, ვიდრე ეს ჩემი სამსახური ღმერთის მიმართ…” – (ავტორი გენია.ჯი)