ლერი ალიმონაკი – “ჯოკონდა”
წყვდიადში მუნჯები ჩამდგარან,
მოლოდინს ზვერავენ ფარნებზე,
დარბიან ბავშვები კარდაკარ
და ხსოვნას ხატავენ ფანჯრებზე.
ნიღბები ეცემა ტროტუარს,
ბეღურა უმწეოდ კანკალებს,
მონარქი კითხულობს “ბოვუარს”,
მონარქი საშინლად ხარხარებს.
* * *
იჭვით და ფარული განგაშით,
იღიმის კედელზე “ჯოკონდა”,
ნიღბები,სისხლი და თავზარი
მდინარეს კივილით მოჰქონდა.
დაძრწიან მუნჯები ქარდაქარ
და ბაწრებს ჰკიდებენ კედლებზე,
კედლებზე ხატავენ კარდაკარ
წაქცეულ ბავშვებს და ბელზებელს.
* * *
და კვდება გრიგალში ბეღურა,
რიყეში ყორანი ყრანტალებს,
მოკვეთეს “ჯოკონდას” მხეცურად
თავი და მონარქი ხარხარებს.