ფრედერიკ ედვინ ჩერჩი – “ჩრდილოეთის ციალი”

“ჩრდილოეთის ციალი” – წარმოადგენს დიდი ამერიკელი მხატვარ-პეიზაჟისტისა და რომანტიკოსის – ფრედერიკ ედვინ ჩერჩის (1826-1900 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ ტილოს.სურათის სიმაღლე 142,3 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 212,2 სანტიმეტრი. (ავტორი გენია.ჯი) 1865 წელს დახატული აღნიშნული ტილო ავტორმა თავისივე მეგობრის – აიზეკ ისრაელ ჰეისის მიერ დახატული სურათის – “ჩერჩის პიკი,არქტიკა”-ს მიხედვით შექმნა.როგორც ცნობილია,აიზეკი არქტიკის მკვლევარი იყო და ზემოაღნიშნული სურათიც სწორედ იმ პერიოდში შექმნა,როდესაც იგი 1860-1861 წლებში პოლარულ ექსპედიციაში იმყოფებოდა არქტიკაში.თავის მხრივ,ჩერჩის პიკი,რომელსაც სახელი ჰეისმა საკუთარი მეგობრის საპატივცემულოდ უწოდა,კანადის არქტიკული არქიპელაგის შემადგენლობაში შემავალი კუნძულის – ელსმირის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.

სურათზე გამოსახულია მკაცრი არქტიკული პეიზაჟი,რომელიც ყინულებისაგან და უზარმაზარი ქვის ლოდებისაგან შედგება.ტილოს ზემოთა ნაწილში კი,ცაზე,კარგად ჩანს პლანეტათა ატმოსფეროს ზედა ფენების (ლუმინესენციის) გასაოცარი სილამაზის მქონე ნათება,რომელსაც – “ჩრდილოეთის ციალს” ვუწოდებთ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ბუნების ეს უნიკალური მოვლენა საკუთარი თვალითაც ჰქონდა ნანახი ფრედერიკ ედვინ ჩერჩს კუნძულ მაუნტ-დეზერტიდან 1864 წლის 23 დეკემბერს,რის გამოც ესოდენ ნატურალურად ასახა კიდეც იგი სურათზე.შავი კლდოვანი მთის სიახლოვეს მხატვარმა ჰეისის ის ხომალდი წარმოგვიდგინა,რომლითაც მან არქტიკაში 1860-1861 წლებში იმოგზაურა.

მოგვიანებით ჩერჩის სურათი – “ჩრდილოეთის ციალი” ელეანორ ბროჯეტის კოლექციაში მოხვდა,თუმცა ელეანორამ იგი 1911 წელს ვაშინგტონში არსებულ სმითსონის სახელობის ამერიკული ხელოვნების მუზეუმს უსახსოვრა სრულიად უსასყიდლოდ,სადაც დღემდეა დაცული. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>