რა პასუხი გასცა საქართველოს მიშველების საკითხზე ქართველ ნათესავს მურად ბეიმ?!
მას შემდგომ,რაც 1798 წელს ნაპოლეონ ბონაპარტი ეგვიპტეში შეიჭრა,ფრანგული არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად “მამლუქები” დაირაზმნენ. (ავტორი გენია.ჯი) მამლუქთა ჯარის მხედართმთავარსა და ბელადს თბილისში დაბადებული ქართველი კაცი – მურად ბეი (1750-1801 წლები) წარმოადგენდა.ფაქტობრივად,იმ პერიოდში ეგვიპტეს ორი მმართველი ჰყავდა და ორივე ეროვნებით ქართველი იყო: თბილისში დაბადებული – მურად ბეი და სოფელ მარტყოფში დაბადებული – იბრაჰიმ ბეი (გვარად – შინჯიკაშვილი).ნაპოლეონისა და მამლუქების არმიების ბრძოლის წინა პერიოდში მურად ბეის შორეული საქართველოდან ახლო ნათესავი ეწვია.ამ დროს მასთან ერთად იბრაჰიმ ბეიც იმყოფებოდა.თბილისიდან ეგვიპტეში ჩასულმა მურად ბეის ნათესავმა ეგვიპტის ქართველ მმართველებს ურჩია ნაპოლეონისათვის ზავი შეეთავაზებინათ,თავად კი მთელი თავიანთი უთვალავი ქონებითა და უბადლო მეომრებით საქართველოს მიშველება შესთავაზა:
” – ერთხელ კიდევ გაფრთხილებთ,გონს მოდით,ნუ შეეწირებით უცხო მხარეში ბრძოლას უცხოთა დასაცავად,დროა მიხედოთ თქვენს გაჭირვებულსა და გავერანებულ მშობლიურ მხარეს,რომელიც მომაკვდავს დაემსგავსა,ასეთ დროს ყოველი ადამიანი ვალდებულია თავისი სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე მიიტანოს.თქვენ? თქვენ კი,სულ დაივიწყეთ ხალხი,რომელმაც გაგაჩინათ და მთელი ძალ-ღონე და სიცოცხლეც უცხოთა ქვეყნებს შეალიეთ.ნუთუ სამუდამოდ ასეთი ბედობა უწერია ჩემს ქვეყანას? რუსთაველმა პალესტინაში იპოვა სამარადისო განსასვენებელი.გრიგოლ ბაკურიანი ბიზანტიის დიდი დომესტიკოსი გახდა და უცხო ქვეყანას შეალია თავისი სიცოცხლე,ანთიმოზ ივერიელი რუმინეთის განმანათლებელი,რუმინეთის მიწაში წევს.გიორგი სააკაძემ სპარსეთს უფრო მეტი სარგებლობა მოუტანა და უფრო მეტი სახელი და დიდება შესძინა,ვიდრე რომელიმე დიდმა სპარსელმა.მეფე არჩილის შვილმა ალექსანდრემ ჩრდილოეთის ქვეყანას შესწირა მთელი თავისი ნიჭი და სიცოცხლე და შვედეთის ცივი ცის ქვეშ დალია სული ტყვეობაში.როცა ერეკლეს სამშობლოს დასაცავად არა მარტო ზარბაზნები,მეზარბაზნეებიც კი აკლდა,ამ დროს თურქეთის დიდი ვეზირი და მთავარსარდალიც კი,ქართველი დედმამიშვილები,სულთანს უმაგრებდნენ ტახტს და ახლაც მისთვის იბრძვიან: როცა ერეკლეს მცირერიცხოვანი ჯარი უთანასწორო ბრძოლაში სისხლისაგან იცლებოდა და უსამართლო სასწორზე დადებული ბედი ქართლისა უბედობისაკენ მიექანებოდა,ამ დროს ქართველი მამლუქები თურქეთში,ერაყში,სირიაში, და აქ,აფრიკის ცხელ ქვიშაზე ნილოსის სანაპიროებზე ღვრიდით საკუთარ სისხლს და ახლაც იგივე გწადიათ.რამდენი იღვრებოდა ქართული სისხლი არაქართული საქმისათვის და ისიც საქართველოსაგან მოშორებით. (ავტორი გენია.ჯი) რამდენი ძალა,ჯაფა და ღონე,როგორი ნიჭი და ვაჟკაცობა დაუხარჯავს ქართველ კაცს საქართველოს იქით და ღმერთმა არ იცის რის გულისათვის.ნუ დაივიწყებთ,თუ სამშობლოს არ გამოადგებით,სხვისთვისაც უვარგისი ხართ, და თუ მარტო საკუთარ თავზე ფიქრობთ,ეს ხომ უთვისტომობის ბედია: ყოფილმა მონებმა მონებად აქციეთ აქაური ხალხი,მაშინ,როდესაც თქვენი მშობლიური ხალხი სხვას ემონება.როდემდის,როდემდის უნდა გასტანოს ჩვენი ბედის ასეთმა უკუღმართობამ.ერთხელ კიდევ გირჩევთ კი არა,გთხოვთ,თავი დაანებეთ ფრანგებთან შებრძოლებას… მართალია,ერთი მამლუქი ხუთ ფრანგს უდრის,მაგრამ ნაპოლეონს ექვსჯერ მეტი ჯარი ჰყავს და მისი ძალები უფრო მრავალსახოვანია,ვიდრე ცხენებზე ამხედრებული ყოჩაღი მამლუქები… და ამას გარდა,თქვენს წინააღმდეგ საქვეყნოდ სახელგანთქმული მხედართმთავარია – ნაპოლეონი.
- კი,ჩემო ქრისტიანო ძმაო,სიამოვნებით ავიყრებოდით,წამოვიდოდით მთელი ჩვენი ავანჩავანით,მთელი ჩვენი მხედრიონით და შავბედობის ჟამს სამშობლოს ზურგს გავუმაგრებდით,მაგრამ ჩვენ ვინღა გაგვიმაგრებდა ზურგს მაშინ,როდესაც… ო,ეს მე კარგად ვიცი,ზურგში ლახვარი არ ამცდება.”უჩემოდ ვინ იმღერაო”, – ეს ხომ ჩვენი უკურნებელი სენია.
აქ მე დიდი და დიდებული მურად ბეი გახლავართ, და ეს იმიტომ,რომ არა ვარ საქართველოში,სადაც ყოველ ხუთ კაცში ხუთივე უფროსობის მსურველია.აქ მე ჩემი სახსრებით დიდებული მეჩეთი ავაგე და მორწმუნენი ჩემს სახელს თვითონ ალაჰისა და მუჰამედ ფეიჰამბერის სახელთან ერთად ადიდებენ.იქ კი,უფრო დიდებული საყდარი რომ ამეგო,უკანასკნელი ბაზრის ვაჭარიც კი მასხრად ამიგდებდა,რატომ უფრო მდიდრული არ ააგო,ანდა ამდენი ფული რაში ჩაყარაო.ერთი ქართველი სხვა ქვეყანაში უფრო დიდია,ვიდრე ათასი ქართველი თავის ქვეყანაში. – ასეთი პასუხი გასცა ეგვიპტის ერთ-ერთმა მმართველმა – მურად ბეიმ თავის ქართველ ნათესავს,რომელიც ერთობ გააოგნა მოსმენილმა.მან ხომ კარგად არ უწყოდა,რომ მამლუქი უკვე აღარ იყო – ქართველი. – (ავტორი გენია.ჯი)