კონსტანტინე VIII-ს შესახებ…
როგორც ცნობილია,საქართველოს მიმართ ერთობ მტრულად განწყობილმა ბიზანტიის იმპერატორმა – კონსტანტინე VIII-მ (960-1028 წლები) რეალური ძალაუფლება 1025 წელს,მისი 65 წლის ასაკში ყოფნის პერიოდში მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ კონსტანტინე ჭამა-სმის დიდი მოყვარული მონარქი იყო და საკუთარი სტომაქის ამოვსება ტახტ-გვირგვინსაც ერჩივნა და მთელ სამყაროსაც.კოჭის თამაშის დიდ მოყვარულ ბიზანტიის იმპერატორს უზომო ჭამისაგან პოდაგრა გაუჩნდა (ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა).გარდა ამისა დაუსივდა ორივე ფეხი და ორივეში ჩირქი ჩაუდგა.მიუხედავად ამისა,”ღორმუცელად” და “მთქვლეფავად” წოდებული კონსტანტინე მაინც არ იმოკლებდა სივრცეს ჭამისას.ისტორიკოსთა ცნობების თანახმად,რომის იმპერატორის – ვიტელიუსის შემდეგ ასეთი მჭამელი გვირგვინოსანი ქვეყნიერებას არ მოსწრებია.ეჭვებითა და შიშით შეპყრობილი იმპერატორი ყოველ ნიჭიერ ადამიანში საფრთხეს ხედავდა.შესაბამისად,მან საიმპერატორო სასახლის კარიდან ყველა ღირსეული ქვეშევრდომი გააძევა და მათ ნაცვლად,თავისი თანამეინახენი და თანამემუცლენი შემოიკრიბა.
როგორც დიდი ქართველი ისტორიკოსი და მწერალი – ლევან სანიკიძე გვამცნობს,კონსტანტინეს საჭმლისაგან განსხვავებით,ქალები არ უყვარდა,არც გარდარეულად,არც ზომიერად და არც ზომამოკლებულად.საყურადღებოა ისიც,რომ მას გარდაცვალებამდე მხოლოდ სამიოდე დღით ადრე გაახსენდა ტახტის მემკვიდრეზე ზრუნვა.ბიზანტიის იმპერატორს ღმერთმა ძე არ მისცა,საიმპერატორო ტახტ-გვირგვინი რომ მემკვიდრეობად გადაეცა.მას შემდგომ,რაც კონსტანტინეს მეუღლე – ელენა გარდაეცვალა და დაქვრივდა,აღარც ცოლი შეურთავს და აღარც საერთოდ გაჰკარებია ქალის ნასახს.წყვილს სამი შვილი დარჩა და სამივე ქალი: ევდოკია,ზოია და თეოდორა.მათგან სამივე შინაბერა იყო. (ავტორი გენია.ჯი)
უფროსი,ევდოკია,არც ლამაზი იყო და არც ნიჭიერი.ბავშვობის ასაკში მან ყვავილი მოიხადა,რამაც მის სახეს ერთობ დიდი დაღი დაასვა.ამიტომ ნებიერ ქალობაზე უიღბლოდ იმედგადაწურულმა ახალგაზრდულ ასაკშივე დედათა მონასტერს მიაშურა და მონაზვნად აღიკვეცა,რის შემდგომაც ევდოკია აღარავის გახსენებია.
მეორე,შუათანა ზოია,იმჟამად ორმოცდაათი წლის იყო,ხოლო მესამე,თეოდორა კი ორმოცდარვისა.ისინი ევდოკიასაგან განსხვავებით გვარიანად ლამაზები იყვნენ.თუმცა მათ შორის სილამაზით მაინც ზოია გამოირჩეოდა.
სიკვდილს მირქმეულმა კონსტანტინემ გადაწყვიტა,რომ ზოიასათვის საქმრო აერჩია.ყველასდა გასაოცრად,იმპერატორმა არჩევანი ცოლ-შვილიან კაცზე – რომანოზ არგიროსზე შეაჩერა,რომელსაც იმ პერიოდისათვის დედაქალაქის პრეფექტ-ეპარქოსის თანამდებობა ეკავა.
აღნიშნულ საკითხზე აუდიენციისათვის დაბარებულ რომანოზს კონსტანტინემ ულტიმატუმი წაუყენა: აირჩიე,რომელი გიჯობს – ცოლთან გაყრა,ჩემი სიძობა და კეისრის ტახტ-გვირგვინი,თუ თვალების დათხრა და ოთხში ამოღებით სიკვდილიო.
- თვალების დათხრა და სიკვდილი მირჩევნია ცოლ-შვილთან გაყრას, – მშვიდად უპასუხა გაოცებულმა რომანოზმა კონსტანტინეს,რის შემდეგაც მას ბორკილები დაადეს და დილეგში გამოკეტეს საშინელი აღსასრულის მოლოდინში.
საკუთარი ქმრის თავს დატრიალებული უბედურება რომანოზის მეუღლისთვისაც მალევე გახდა ცნობილი.მან მეუღლეს შეუთვალა,ოღონდ შენ ცოცხალი გადარჩი და მე სულაც დავიკარგები ამქვეყნიური ცხოვრებიდანო.რომანოზის მეუღლემ სიტყვა მართლაც შეასრულა – მონაზვნად აღიკვეცა და სამუდამოდ ჩაიკარგა სამონასტრო სამკვიდრებელში.
სწორედ ამის შემდგომ იქორწინეს ზოიამ და რომანოზმა.
ქორწინებიდან სამი დღეც კი არ იყო გასული,რომ ბიზანტიის “ღორმუცელად” წოდებული იმპერატორი – კონსტანტინე VIII გარდაიცვალა. – (ავტორი გენია.ჯი)