ანტონ ჩეხოვის მოთხრობა – “სიხარული”

„ღამის თორმეტი საათი იყო. აღგზნებული და თმაგაჩეჩილი შევარდა მიტია კულდაროვი მშობლების ბინაში და მთელი ოთახები შემოირბინა.დედ-მამა უკვე დასაძინებლად ემზადებოდა.დაია ლოგინში იწვა და რომანის ბოლო გვერდს კითხულობდა.ძმებს,გიმნაზიის მოწაფე ბიჭებს,ეძინათ.

- სად იყავი? რა მოგსვლია? – გაუკვირდა დედ-მამას.

- ვაი,არ მკითხოთ! ამას არ მოველოდი! არამც და არამც არ მოველოდი! აბა,ამას ვინ იფიქრებდა!

მიტიამ გადაიხარხარა და სავარძელში ჩაჯდა.ბედნიერებისგან ფეხზე ვერ იდგა.

- ჰა,ვინ იფიქრებდა! წარმოდგენაც არ შეგიძლიათ! აბა,ნახეთ!

დაია ლოგინიდან გადმოხტა,საბანი მოიხურა და ძმასთან მივიდა.ბიჭებს გაეღვიძათ.

- რა დაგემართა? ადამიანს აღარ ჰგავხარ!

- სიხარულის ბრალია,დედილო! ახლა მთელი რუსეთი მიცნობს! მთელი! წინათ მხოლოდ თქვენ იცოდით კოლეგიის რეგისტრატორის დმიტრი კულდაროვის არსებობა,ახლა კი მთელმა რუსეთმა შეიტყო! ღმერთო ჩემო!

მიტიამ ისევ შემოირბინა ოთახები და ისევ დაჯდა.

- აღარ იტყვი,რა მოხდა ასეთი?

- რა იყო და ტყის ნადირებივით ცხოვრობთ,გაზეთებს თქვენ არ კითხულობთ,არ გაინტერესებთ ქვეყნის ამბები,იქ კი რა შესანიშნავი რაღაცები იწერება! რამე თუ მოხდა,უმალ ყველა შეიტყობს,არაფერი დაიმალება! რა ბედნიერი ვარ! ღმერთო,შენი ჭირიმე! გაზეთებში მარტო სახელოვან ადამიანებზე წერენ,ახლა კი მეც გამომჭიმეს!

- რას ამბობს? სად?

მამას ფერი ეცვალა,დედა ხატებს მიაჩერდა და პირჯვარი გამოისახა.ბიჭები წამოხტნენ და მოკლე ღამის პერანგების ამარა უფროს ძმას მისცვივდნენ.

- დიახ,ბატონო! ჩემზე დაბეჭდეს! მე ახლა მთელი რუსეთი მიცნობს! ეს ნომერი სამახსოვროდ შეინახეთ! ხანდახან წავიკითხოთ ხოლმე.აი,ნახეთ!

მიტიამ ჯიბიდან გაზეთი ამოაძვრინა,მამას მისცა და ლურჯი ფანქრით შემოხაზულ ადგილს თითი ატაკა.

- აბა,ეს წაიკითხე!

მამა სათვალე წამოიცვა.

- ჰო,ჰო,წაიკითხე-მეთქი!

დედამ ხატებს შეხედა და ისევ გადაიწერა პირჯვვარი.მამამ ჩაახველა და დაიწყო:

- “29 დეკემბერს,საღამოს თორმეტ საათზე კოლეგიის რეგისტრატორი დმიტრი კულდაროვი…”

- ხედავთ,ხედავთ! შემდეგ წაიკითხე!

- “…კოლეგიის რეგისტრატორი დმიტრი კულდაროვი ლუდხანიდან გამოვიდა.ეს ლუდხანა პატარა ბრონნაიაზე მდებარეობს,კოზიხინის სახლში.კულდაროვი შეზარხოზებული გახლდათ”.

- მე და სემიონ პეტროვიჩი ვიყავით ერთად… ზუსტად არის ყველაფერი აღწერილი! აბა,განაგრძეთ! შემდეგ უსმინეთ!

- “…შეზარხოზებული გახლდათ,ფეხი დაუსხლტა და იქვე მდგარ მეეტლის ცხენს შეუვარდა ფეხქვეშ.ეტლი იუხნობოს მაზრის სოფელ დურიკინოს გლეხს ივან დროტოვს ეკუთვნის.ცხენი დაფრთხა,კულდაროვს გადაახტა და მარხილი ზედ გადაატარა.მარხილში მეორე გილდიის ვაჭარი,მოსკოველი სტეპან ლუკოვი იჯდა.გაქანებული ცხენი მეეზოვეებმა დააკავეს.უგონოდ მყოფი კულდაროვი საპოლიციო უბანში მიიყვანეს.იქ ექიმმა გასინჯა.კულდაროვს კეფა ჰქონდა დარტყმული…”

- ხელნას მივეხეთქე,მამილო.თქვენ შემდეგ წაიკითხეთ!

- “…კეფა ჰქონდა დარტყმული… ექიმმა ის მსუბუქ დაშავებულად ჩათვალა.მომხდარ ამბავზე ოქმი შედგა.დაშავებულს საექიმო დახმარება აღმოუჩინეს…”

- ასე მითხრეს,ცივი ტილო დაიდეო.ხომ წაიკითხეთ? ჰა?.. მაშ-მაშ! ახლა მთელ რუსეთს მოეფინა! აქ მოიტა!

მიტიამ გაზეთი გამოსტაცა,დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო.

- მაკაროვებთან გავიქცევი ახლა და ვაჩვენებ… ივანიცკებსაც უნდა წავაკითხო,ნატალია ივანოვნასა და ანისიმ ვასილიჩს ვანახვო… წავედი! ნახვამდის!

მიტიამ კოკარდიანი ქუდი ჩამოიფხატა და სიხარულით აღტაცებული გავარდა გარეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>