მარია ტერეზიას შესახებ…
ავსტრიის ერჰერცოგი,უნგრეთის დედოფალი და რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის – ფრანც I შტეფანის მეუღლე – მარია ტერეზია ვალბურგა ამალია კრისტინა (1717-1780 წლები) ღრმად მორწმუნე კათოლიკე ქალი გახლდათ.იგი ადამიანებს ორ კატეგორიად ჰყოფდა – კათოლიკეებად და არაკათოლიკეებად. (ავტორი გენია.ჯი) ამ უკანასკნელთ მარია იმ შარლატანებად მიიჩნევდა,რომლებმაც ეშმაკთან და იმპერიის მტრებთან დაამყარეს კავშირი.ერთ-ერთ ასეთ შარლატანად მარია ტერეზია პრუსიის პროტესტანტ მეფეს – ფრიდრიხ II დიდს მიიჩნევდა. და ეს იმ დროს,როდესაც ლუი XVI-ს,რომელიც გამორჩეული იყო მრავალრიცხოვანი მანკიერი თვისებებით,ბევრად უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებდა,რადგან ის – კათოლიკე გახლდათ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ დედოფალი ყოველგვარი ამორალური თვისებების წინააღმდეგ გასაოცარი ბრძოლით ხასიათდებოდა.ამის თვალნათელი მაგალითია ისიც,რომ მას არ მოსწონდა რომის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა – “ოთხი მდინარის შადრევანი”,რადგან მასზე დამონტაჟებული გახლდათ ნახევრად შიშველი ადამიანების ქანდაკებები.სწორედ მორალური ხედვები გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მარია ტერეზიამ “ოთხი მდინარის შადრევნის” ქანდაკებების განადგურება ინება,თუმცა ეს ინფორმაცია შეიტყვეს ოსტატებმა და იგი ნაგავში საგულდაგულოდ გადამალეს.შესაბამისად,ეს უნიკალური ძეგლი საბდენიეროდ,განადგურებას გადაურჩა.
თუმცა,დედოფალი ადამიანებს უფრო მკაცრად ექცეოდა ამორალური თვისებების გამო,ვიდრე შადრევნებსა და სხვა ხელოვნების ნიმუშებს.თავდაპირველად მარიამ გამოსცა ბრძანება,რომლის მიხედვითაც მანდილოსნებს ეკრძალებოდათ თვალებისა და თმის შეღებვა,თუმცა ამან ამორალურობასთან ბრძოლაში წარმატება ვერ მოიტანა,რის გამოც მისივე ბრძანებით ჩამოყალიბებული იქნა სპეციალური კომისია,რომელსაც ყოველგვარი ამორალური ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა.
იმ პერიოდის ვენაში,ისევე როგორც ევროპის მრავალ სხვა ქალაქში,პროსტიტუცია ფართოდ იყო გავრცელებული.სტატისტიკოსთა ცნობების თანახმად,ამ ულამაზეს ავსტრიულ ქალაქში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მეძავების რიცხვი ათი ათასს უტოლდებოდა,პარიზში – 4-ჯერ მეტს,ხოლო ლონდონში კი – 5-ჯერ მეტს.
მარია ტერეზიას დაქვემდებარებაში მყოფი საიდუმლო აგენტები გულდასმით აკვირდებოდნენ და უთვალთვალებდნენ ქუჩებში ღამით მოსეირნე მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსნებს.შეიძლება ითქვას,რომ ამორალურობის წინააღმდეგ ბრძოლამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.პირველ “ეჭვმიტანილებად” დედოფალი იმ მანდილოსნებს მიიჩნევდა,რომლებიც ვენის ტრაქტირებში (სასტუმროებში) მუშაობდნენ.თავად ტრაქტირებს კი იგი შენიღბულ საროსკიპოებად განიხილავდა.იმ შემთხვევაში,თუკი “ეჭვმიტანილს” ბრალი დაუმტკიცებოდა,მაშინ იგი ერთობ საძაგელი სასჯელის წინაშე აღმოჩნდებოდა: ამორალურ ქმედებაში მსჯავრდებულ ქალს ტომარაში სვამდნენ და ტაძარში მიჰყავდათ,სადაც მას აშიშვლებდნენ,სახეს ჭვარტლით უშავებდნენ და ასეთ შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ასწრებდნენ საღვთო ლიტურგიას.მესის დასრულების შემდგომ საკუთარი სხეულით მოვაჭრე მანდილოსნებს ჯალათები მათრახის ცემით ვენის ქუჩებში დაატარებდნენ და ბოლოს ქალაქში განთავსებულ ერთ-ერთ უბინძურეს არხში ყრიდნენ.იყო ისეთი შემთხვევებიც,როდესაც მეძავებს გარკვეული პერიოდის მანძილზე ქუჩებს აგვევინებდნენ.
მარია ტერეზიას ბრძანებით,იმ შემთხვევაში,თუკი მამაკაცს ქალთან სასიყვარულო ურთიერთობისას წაასწრებდნენ,მამაკაცი ვალდებული ხდებოდა მისი პარტნიორი ცოლად შეერთო.”მოღალატე ქმრები” კანონის თანახმად სოლიდური ჯარიმით ისჯებოდნენ.ჯარიმის გადახდაზე თავის არიდება დამნაშავეს შოლტით ცემად უჯდებოდა.
მიუხედავად მარია ტერეიზიას ისტერიული ხასიათის ბრძოლისა,მან ვერც პროსტიტუციის დამარხება შეძლო და ვერც ამ საქმეში ჩართული ხალხისა.პროსტიტუციამ ადრინდელისაგან განსხვავებით იატაკქვეშეთში გადაინაცვლა.თუმცა კი უცილობლად უნდა შევნიშნოთ,რომ მარია ტერეზიას მიერ წარმოებული ანტიპროსტიტუციური კამპანიის მიმდინარეობისას ძალიან გახშირდა აბორტები და უკანონოდ შობილი ჩვილი ბავშვების მკვლელობები.
როგორც ისტორიკოსთა უმრავლესობა ირწმუნება,ავსტრიის ერჰერცოგისა და უნგრეთის დედოფლის – მარია ტერეზიას განსაკუთრებული სიძულვილი პროსტიტუციისადმი და ზოგადად,ამორალური ქმედებებისადმი,განპირობებული იყო არა მისი კონსერვატიული მსოფლმხედველობით,არამედ ეს გახლდათ რეაქცია საკუთარი მექალთანე მეუღლის მრავალრიცხოვან სასიყვარულო ინტრიგებზე. – (ავტორი გენია.ჯი)
ფრანც I შტეფანი