“მედიცინა მეცნიერების ყველაზე ჰუმანური დარგია”
უდაო ჭეშმარიტებაა: “მედიცინა მეცნიერების ყველაზე ჰუმანური დარგია”.
უდაო ჭეშმარიტებაა ისიც,რომ მედიცინა ისევე უძველესია,როგორც კაცობრიობა.ჩვენდა (ქართველთა), და არა მარტო ჩვენდა (უცხოთა) საყურადღებოდაც უცილობლად შევნიშნოთ: “მედიცინა – კოლხი მედეას სახელთანაა დაკავშირებული”.მედიცინის დამსახურებით განადგურებული იქნა ის საშინელი და ამაზრზენი დაავადებები,რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში ასახიჩრებდა,სპობდა და მუსრს ავლებდა ადამის მოდგმას.თუმცა უნდა ავღნიშნოთ,რომ კაცობრიობა უდიდეს კრძალვას უნდა გრძნობდეს და გამოხატავდეს იმ მედიცინის მუშაკების მიმართ,რომლებსაც უამრავი დაბრკოლების გადალახვა,საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება და ხშირად თავის გაწირვაც მოუხდათ,რათა ახალი სიტყვა ეთქვათ მედიცინაში.
1936 წელს გერმანიის ულამაზეს ქალაქ ჰამბურგში აგებული იქნა მონუმენტი,რომელზედაც რენტგენის სხივებთან პირველი ექსპერიმენტების ჩატარებისას დაღუპული 110 “სიცოცხლის ენციკლოპედიის” (ასე მოიხსენიებდა მედიცინას პროფესორი ბოგოლიუბოვი) მესვეურის სახელი გახლდათ ამოკვეთილი.იმისათვის,რომ მათ შეესწავლათ რენტგენის სხივების ზემოქმედება,დოზირება და გამოყენების შესაძლებლობა მედიცინაში,საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღეს.
დიდმა გერმანელმა ექიმმა,ქიმიკოსმა და მიუნხენის უნივერსიტეტის მცხოვანმა პროფესორმა – მაქს პეტენჰოფერმა (1818-1901 წლები) საკუთარ თავზე ისეთი სამედიცინო ცდა ჩაიტარა,რომელიც იმ პერიოდისათვის მართლაც რომ თვითმკვლელობის ტოლფასი იყო (ქოლერის ვიბრონებით სავსე სინჯარა დალია); 1787 წელს რუსმა ექიმმა და ასტრახანის გუბერნატორმა სტეფანე ანდრეევსკიმ (1760-1818 წლები) იმისათვის,რომ დაედგინა ციმბირის წყლულის ინფექციის ბუნება,ამ საშინელი დაავადებით დაისნეულა თავი; საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ 1792 წლიდან რუსი მედიკოსი დანიელ სამოილოვიჩი (1744-1805 წლები) შავ ჭირზე ცდებს საკუთარ თავზე იტარებდა; სამედიცინო ექსპერიმენტები საკუთარ თავზე ასევე ჩაიტარა ცნობილმა ექიმმა-ინფექციონისტმა – გრიგორი მინხმა (1836-1896 წლები).მან ტიფით დაავადებული ავადმყოფის სისხლი გადაისხა; მედიცინის განვითარების მიზნით საკუთარ თავზე ასევე ძალიან სახიფათო ცდები ჩაიტარეს ლუი პასტერმა,მენჩიკოვმა,ზაბოლოტნიმ და სხვებმა.
გარდა სხვა უამრავი დაბრკოლებისა,მედიცინას საშინელი ბრძოლა უხდებოდა ხელისუფლებასთან და რელიგიასთან.ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ინკვიზიციის მძვინვარების ეპოქაში. 1522 წელსწ რელიგიურმა ფანატიკოსებმა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში სამეანო საქმიანობისთვის კოცონზე საჯაროდ დაწვეს ექიმი ვაიტი; ასეთივე ბედი ეწია დიდ ესპანელ ექიმსა და მოაზროვნეს – მიგელ სერვეტს (1511-1553 წლები),რომლის კოცონზეც დაწვაში უდიდესი წვლილი დაიდო ისეთმა სახელოვანმა ფრანგმა ღვთისმეტყველმა და რეფორმატორმა,როგორიც გახლდათ – ჟან კალვინი (კალვინიზმის ფუძემდებელი).სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ სისხლის მიმოქცევის მცირე წრის აღმომჩენი გენიალური ექიმის მკვლელობის ადგილას 1903 წელს გაკეთებული იქნა დაფა შემდეგი წარწერით: “ვაღიარებთ და ვწუხვართ კალვინის შეცდომის გამო,რომელიც იყო მისი დროის შეცდომა”. (ავტორი გენია.ჯი) ინკვიზიციის მსახვრალ ხელს ვერ ასცდა “თანამედროვე ანატომიის მამად” წოდებული დიდი ბელგიელი ექიმი-ანატომი – ანდრეას ვეზალიუსიც (1514-1564 წლები),რომელიც იძულებული იყო,რომ ღამით სახრჩობელებიდან მოეპარა სიკვდილით დასჯილი ადამიანების გვამები და საიდუმლოდ გაეკვეთა,რათა ამ გზით სრულყოფილად შეესწავლა ადამიანის შინაგანი ორგანოების თითოეული დეტალი.გვამებზე ჩასატარებელ სამედიცინო კვლევებს კი დიდი ხნის მანძილზე კრძალავდა რომის კათოლიკური ეკლესია,რომლის განაჩენსაც საბოლოო ჯამში,ემსხვერპლა ვეზალიუსი.
მიუხედავად ასეთი მძაფრი ქარტეხილებისა,მედიცინა კვლავაც განაგრძობდა წინსვლას…
შუა საუკუნეების გენიალური სპარსი ექიმი,სწავლული და ფილოსოფოსი – ავიცენა (980-1037 წლები) მედიკოსებისაგან მოითხოვდა ლომის გულს,გველის სიბრძნესა და შავარდენის თვალს, და თუკი “ხელოვნების მსახურების” (ასე მოიხსენიებდა მედიკოსებს ჰიპოკრატე) ერთობ საპასუხისმგებლო და საპატიო პროფესიის მატარებელ ხალხს გადავავლებთ თვალს,მათ რიგებში მრავლად აღმოვაჩენთ ასეთი თვისებების მქონე ადამიანებს.თუნდაც ისეთებს,როგორებიც გახლდნენ – ფრანსუა რაბლე,ფრიდრიხ შილერი,ანტონ ჩეხოვი,ართურ კონან დოილი,სომერსეტ მოემი,ლუი არაგონი და სხვები.
უდაო ჭეშმარიტებაა: “მედიცინა მეცნიერების ყველაზე ჰუმანური დარგია” – (ავტორი გენია.ჯი)