ეძღვნება ქართული ფეხბურთის სავალალო მდგომარეობას
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე თითოეული ქვეყნის მოსახლეობა ერთადერთ გუნდს,თავის,საკუთარ ეროვნულ ნაკრებს დაუჭერს მხარს,ჩვენ კი ოცდათორმეტს და ოცდათორმეტივე სხვისი იქნება.
სხვისი გულშემატკივრობა იმას ჰგავს,სიზმარში რომ წყალს სვამ და პირი მაინც მშრალი გაქვს.
ჩვენ დაგვავიწყდა,რა არის გულშემატკივრობა – საკუთარი ჯიშის,საკუთარი სისხლისა და ხორცის ქომაგობა,საკუთარი ღირსებისა და პატივის შეგრძნება,მეობის დამტკიცება.
1990 წლის 30 მარტს - საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩის შემდეგ,რომელშიც ფოთის “კოლხეთმა” თბილისის “დინამო” დაამარცხა – მოხდა ისეთი რამ,რაც დღემდე არ მავიწყდება.დინამოელი ტემურ ქეცბაია,მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი,მოედნიდან ტირილით გამოვიდა.
იმ საღამოს ცრემლი ჩვენც,გულშემატკივრებსაც მოგვადგა,მაგრამ აქ იყო განსხვავება,რომელიც მერე უფრო გამოჩნდა: დინამოს სტადიონზე შეკრებილი 75 000 გულშემატკივარი სიხარულის ცრემლს ვატანდით ძველი ქართული ფეხბურთის გარდაცვალებას,თემურ ქეცბაია კი ახალი ქართული ფეხბურთის დაბადებას ტიროდა.
მან იცოდა,რაც მოხდებოდა და ტიროდა.
რატომ აღარ ტირიან ქართველები წაგებულ მატჩებს? რატომ გაუქრათ ფეხბურთელებს ძველი ჯიგარი? რამ შეგვაგუა გულშემატკივრები ამდენ სირცხვილს და თავის მოჭრას?
დიახ,ეს რიტორიკაა,უქმი,უაზრო,არაფრისმთქმელი,მომაბეზრებელი და ტრაგიკული რიტორიკა.
ოცდახუთი წელიწადია ველოდებით,როდისგაიღვიძებს სიცოცხლე დილის ფარეხივით დაცარიელებულ სტადიონებზე,მაგრამ,როგორც ჩანს,არც ისე ახლოა მზე გაზაფხულისა. 1981 წლის 13 მაისის შემდეგ ფეხბურთი აღარ გვითამაშია.ის,რასაც ამ ხნის მანძილზე საქართველოში ვუყურებთ,ფეხბურთი კი არა,ბურთაობაა.ამ ოცდახუთი წლის განმავლობაში საშუალო ევროპულ დონეს მიახლოებული ოთხი ფეხბურთელი გაიზარდა: თემურ ქეცბაია,შოთა არ ველაძე,ლევან კობიაშვილი და კახა კალაძე (ჩემი მოკრძალებული აზრით – გიორგი ქინქლაძეც – ავტორი გენია.ჯი).დანარჩენები ინკუბატორის წიწილებივით ჰგვანან ერთმანეთს თავიანთი უსუსურობით.
სტადიონები გაუდაბურდა.საქართველოს ჩემპიონატის მატჩების საყურებლად მოთამაშეების ახლობლებიღა დადიან.თითო-ოროლა კაცის გარდა,აღარავის აინტერესებს რა ხდება დღეს ქართულ ფეხბურთში.ვისაც რა უნდა,იმას აკეთებს.მოვენებითი გეგმები,მოჩვენებითი ორგანიზაცია,მოჩვენებითი აფიქრება,მოჩვენებიი აზრი.ისევ საბჭოურ რელსებზე ვდგავართ და ინერციით მივღოღავთ,ეშმაკმა უწყის საით.
არ ვიცი,აზრი აქვს თუ არა იმის გარკვევას,თუ რატომ დასცინის დიდი და პატარა საქართველოს ჩემპიონატს.რატომ გარბიან ნიჭიერი,მაგრამ დაუღვინებელი ბიჭები საზღვარგარეთის “ჭ” კლასის კლუბებში? რატომ არის,რომ თითქმის ვერც ერთი ნორმალური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდები,თუ ფული არ გადაიხადე? რატომ მომრავლდნენ ნარკომანი ფეხბურთელები? რატომ არის უპატრონოდ მიტოვებული ბავშვთა და მოზარდთა ფეხბურთი?
იმიტომ,რომ სპორტის ამ სახეობამ დაკარგა საზოგადოებრივი ფუნქცია და კერძო ინტერესების სფეროდ იქცა.ნიჭი შეცვალა მარიფათმა,შრომა – ჩარჩობამ,ინტელექტი – საქმოსნობამ.გულის ადგილას მოვიდა ფული.
საზოგადოებაში დამკვიდრდა აზრი,რომ მთავარია იყოს ფული,დიდი ფული და ფეხბურთიც იქნება.
ეს არის მცდარი თვალსაზრისი,არასწორი წარმოდგენა,რომელიც ჩნდება იქ,სადაც არაფერი უწყიან საფეხბურთო განათლების,პროფესიონალიზმისა და საქმის სისტემური ორგანიზაციის შესახებ.სინამდვილეში პირიქით გახლავთ: სადაც არის ფეხბურთი,იქ ჩნდება ფული,ანუ ფეხბურთი კი არ მიდის ფულთან,არამედ ფული მიდის ფეხბურთთან,რომელიც,როგორც უკვე ცნობილია,გულისხმობს არა მარტო ბურთის გორებას,არამედ ჭკუას,გონებას,განათლებას,შრომას,თანამედროვე მიღწევების ათვისებასა და გამოყენებას.აიღეთ ფულის ტომარა და მიეცით თეატრს,სადაც მთავარ რეჟისორად მუშაობს დათვი,კომერციულ დირექტორად – მგელი,მსახიობებად კი – ზაქები.დარწმუნებული იყავით,რომ არაფერი გამოვა.კარგა ხანია,დიდი ფული აღარც მგლებთან მიდის და აღარც დათვებთან; ფული აღარ მიდის იქ,სადაც მას ჭამენ და ფლანგავენ; ფული მიდის იქ,სადაც მას ჭკუით ხარჯავენ.
არ ვიცით ფულის ხარჯვა,არ ვიცით,რა არის საფეხბურთო მეურნეობა,საფეხბურთო ინდუსტრია.ერთი ორჯერ ამსტერდამსა თუ მიუნხენში ტურისტად ჩასვლა არაფერს მოგვცემს და ვერც ვერაფერს გვასწავლის.
დროა ვაღიაროთ,რომ ევროპულ ფეხბურთში ჩვენი დონე ნულის ტოლია.გვინდა,არ გვინდა,ყველაფერი ნულიდან,შეგირდობის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ,ილუზიებისგან უნდა გავთავისუფლდეთ,ფუჭ ამბიციებს უნდა დავეხსნათ.
ყოველი ევროპული თუ მსოფლიო შესარჩევი ციკლის დაწყებისას ფავორიტებათ ვაცხადებთ თავს,წინასწარ ვიბევებთ სამ-სამ ქულას შვეიცარიასთან თუ ისლანდიასთან,უნგრეთთან თუ პოლონეთთან,საბერძნეთთან თუ უკრაინასთან შეხვედრებში,მაგრამ ციკლის ბოლოს,როცა რეალობა თავის ადგილს მიგვიჩენს ხოლმე,ვხედავთ,რომ არც ისე იოლად ყოფილა საქმე,როგორც წარმოგვედგინა,რა ხდება? რატომ არ გვაქვს შედეგი? პასუხი მარტივია – არ ვართ იმ დონეზე,ევროპის საშუალო დონის ნაკრებებს რომ გავუმკლავდეთ.რამდენადაც გვიჭირს თამაში,იმდენად გვიჭირს ჩვენი სისუსტის აღიარება.
სახლის შენება სახურავიდან დავიწყეთ და გვიკვირს,არაფერი რომ არ გამოგვდის.
კლაუს ტოპმიოლერისა და მისი დარი მწვრთნელების ხელმძღვანელობით შეიძლება ერთ-ორ დასამახსოვრებელ გამარჯვებას გამოვკრათ ხელი,მაგრამ ეს იქნება არა კანონზომიერება,არამედ შემთხვევითობა,სენსაცია.კაცმა რომ თქვას,შემთხვევით მოგებას დიდი არაფერი სწირდება,ვინაიდან თვითონ შემთხვევიობაა დიდი არაფერი.
კანონზომიერი გამარჯვება მოაქვს მხოლოდ აწყობილ სისტემას,ძლიერ საფეხბურთო მეურნეობას,რომელიც ყველაფერი დეტალურად არის გაანგარიშებული,ბავშვთა სკოლებიდან მოყოლებული,ძლიერი პროფესიული ლიგით დამთავრებული.ერთბაშად,ხელის ერთი დაკვრით არაფერი გამოდის,საძირკვლიდან უნდა დავიწყოთ,აგურ-აგურ უნდა ვაშენოთ მომავალი.
ბოლოს და ბოლოს,მთავრობამ უნდა მიიღოს ფეხბურთის განვითარების კონცეფცია,საქართველო არც ისეთი ღარიბი ქვეყანაა,თავის ფეხბურთს ვერ მოუაროს.
გადავიტანოთ მთელი ყურადღება ბავშვთა ფეხბურთზე; მოვიწვიოთ მწვრთნელები,რომლებიც ბავშვებს კი არა,მათ ქართველ მწვრთნელებსაც ასწავლიან; დავამკვიდროთ ბავშვთა მწვრთნელებში ინტელექტი და პროფესიონალიზმი; ერთხელ და სამუდამოდ გავაუქმოთ მწვრთნელის ქართული ტიპი,რომელშიც ერთმანეთს ებრძვის ჩარჩი და რომანტიკოსი; შევაჩეროთ ფეხბურთელების უზარო გადინება საზღვარგარეთ; დავაბრუნოთ გულშემატკივარი სტადიონებზე… და თანდათან დავინახავთ,თუ როგორ მოჰყვება შედეგი საქმეს.ყველა ასე მუშაობს,დიდი ტუ პატარა,ვინც ჩვენ გვიგებს.მაღალი კონკურენციაა მსოფლიოი,ძალიან მაალი.წამიერი დაყოვნება კატასტროფულ ჩამორჩენას იწვევს.
იცით,რა არის გულშემატკივრობა? – როცა შენი სისხლის და ხორცის გამარჯვებაზე დაგბურძგლავს.მოვა,ეს დროც მოვა. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აღნიშნული მასალა (არასრულყოფილი სახით) აღებულია ქართულ ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული გამოჩენილი ქართველი კრიტიკოსის,ლიტერატურათმცოდნისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის – ივანე ამირხანაშვილის წიგნიდან – “თავისუფლების პარადოქსები”. – (ავტორი გენია.ჯი)