იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,ბაროკოს ეპოქის გენიალური გერმანელი კომპოზიტორის – იოჰან სებასტიან ბახის შთამომავლების უმრავლესობა მათი სახელოვანი წინაპრის მსგავსად,მუსიკოსები იყვნენ,რის გამოც გერმანიაში ასეთი სახის ხუმრობაც კი დადიოდა -”ყოველი ბახი – მუსიკოსია და ყოველი მუსიკოსი – ბახიო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ერთ-ერთ უდიდეს ნიდერლანდელ პოსტიმპრესიონისტ მხატვარს – ვინსენტ ვან გოგს ორი დედმამიშვილი ჰყავდა – თეოდორუსი და ვილჰელმინა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სამივე მათგანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.ვინსენტის დამ – ვილჰელმინამ კი ქალაქ ერმელოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სულაც 40 წელიწადი გაატარა და იქვე აღესრულა.
* * *
3. დიდმა ქართველმა მგოსანმა – აკაკი წერეთელმა რომის პაპთან აუდიენციის უფლება მიხეილ თამარაშვილის დიდი ძალისხმევის შედეგად მოიპოვა,თუმცა რუსეთის იმპერიის საიდუმლო პოლიციის ჩარევის შედეგად აღნიშნული აუდიენცია რომის პაპთან ვერ შედგა.
* * *
4. “მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთაო”, – ღიმილით ამბობდა “შვიდმნათობად” წოდებული მეფე თამარი – უქონელთა,უპოვართა,გლახაკთა,ქვრივთა და ობოლთა უხვად დასაჩუქრების შემდგომ.
* * *
5.”იმდენია დამნაშავე – ყველა მართალიაო”, – ამბობს დიდი ქართველი კინორეჟისორისა და მსახიობის – რეზო ესაძის მიერ გადაღებული შესანიშნავი ფილმის – “ნეილონის ნაძვის ხის” ერთ-ერთი პერსონაჟი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. პირველი დიდებული,რომელსაც საქართველოში “ათაბაგის” საპატიო წოდება მიენიჭა,ქართული ლაშქრის ეროვნებით სომეხი სარდალი – ივანე I მხარგრძელი გახლდათ.
* * *
7. 1958 წლის მარტში,მოსკოვში,ქართული კულტურის დეკადაზე ყოფნისას გალაკტიონს მურმან ლებანიძისათვის უთქვამს: “ბევრი მტერი ჰყავს,ძამიკო,თქვენს გალაკტიონს,ბევრი მტერი! მაგრამ პატრიოტებიც ხომ ჰყავს?! მერე?! სირცხვილი არ არის,რომ დღემდე,საქართველოში,არსებობს შექსპიროლოგია და არ არსებობს გალაკტიონოლოგია,როგორც ასეთი?!”
* * *
8. იუდაიზმის აღმსარებელთა რწმენით,იმ ებრაელის სული,რომელმაც ებრაელი იმსხვერპლა ან თავის ძირძველ,იუდაისტურ სარწმუნოებას უღალატა,გარდაცვალების შემდეგ მცენარეებსა და ცხოველებში გადასახლდება,შემდგომ თორმეტი თვე ჯოჯოხეთში იტანჯება,ტანჯვის ვადა რომ გაუვა,გამოსასწორებლად ქვებსა და ხეებში გადადის,შემდეგ – მხეცებში,შემდეგ – წარმართებში და ბოლოს კი კვლავ ებრაელის სხეულს უბრუნდება.
* * *
9. საყოველთაოდ ცნობილია,რომ მეფე თამარის მმართველობის ეპოქაში საქართველოში აკრძალული იყო დანაშაულში მსჯავრდებული პირების ფიზიკური დასჯა.მაქსიმალური სასჯელის ზომად დამნაშავის განკვეთა (გაძევება) იყო დაშვებული.ერთადერთი ადამიანი,რომელიც ფიზიკურად იქნა დასჯილი თამარ მეფის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში (ისიც თამარის უჩუმრად მისივე მეუღლის დავით სოსლანის მიერ),მარად ღალატსა და მზაკვრობაში გაწაფული – გუზან ტაოელი გახლდათ.
* * *
10. “მინდა ისეთ საქმეს ვაკეთებდე,რომელიც თავაშვებულს ლაგმავდეს და გულგატეხილს ამხნევებდესო”, – ამბობდა აკაკი წერეთელი. – (ავტორი გენია.ჯი)