არტურ შოპენჰაუერის შესახებ…
„ფილოსოფიამ არაფერი შემძინა, სამაგიეროდ ბევრი რამ შემინარჩუნაო”, – წერდა უცნაური თვისებებით გამორჩეული გენიალური გერმანელი ფილოსოფოსი, თუმცა-კი ირაციონალურად მოაზროვნე მიზანთროპი - არტურ შოპენჰაუერი (1788-1860 წლები). (ავტორი გენია.ჯი) დეპრესიისადმი მიდრეკილი, მაგრამ კეთილშობილი რეპუტაციის მქონე მამისაგან – ჰენრიხ ფლორის შოპენჰაუერისაგან განსხვავებით, არტური ერთობ აგრესიული ბუნებით ხასიათდებოდა. ფილოსოფოსის დედა – იოანა ტროზინერი ლიტერატურული შემოქმედებით დაკავებული ქალი იყო და ერთ-ერთ ლიტერატურულ სალონსაც ფლობდა. „ცხოვრება ძალიან საეჭვო რამ არის, რის გამოც გადავწყვიტე მთელი ჩემი სიცოცხლე მისი განსჯისათვის დამეთმო და მიმეძღვნაო”, – ასე გამოხატა თავისი პესიმიზმი ჯერ კიდევ ყმაწვილურ ასაკში მყოფმა შოპენჰაუერმა. ის „პესიმიზმი”, რომლის ტერმინიც სწორედ რომ მის მიერ იქნა დამკვიდრებული ხმარებაში. თუმცა არტურს არც ის დავუკარგოთ, რომ იგი რამდენიმე ოპტიმისტური ტერმინის შემოქმედიცაა. მაგალითად ისეთის, როგორიც გახლავთ – „სულიერი სიამოვნება”.
1814 წელს შოპენჰაუერმა დედასთან საბოლოოდ გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი. მან იოანას არ და ვერ აპატია ავადმყოფი მამის მიმართ გამოჩენილი გულგრილი დამოკიდებულება და დრეზდენში გადასახლდა. დროთა განმავლობაში დაეუფლა ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და იტალიურ ენებს. 30 წლის ასაკში კი დაასრულა მუშაობა თავის ყველაზე გამორჩეულ ნაშრომზე – „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა”. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფილოსოფოსს ღრმა იმედგაცრუება ელოდა წინ: მისმა ნაშრომმა, რომელიც 800-იანი ტირაჟით იქნა გამოცემული, მკითხველის მხრიდან ყურადღება ვერ დაიმსახურა და ორი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ასიოდე ეგზემპლარი გაიყიდა. საბოლოო ჯამში, ის 50 ეგზემპლარი, რომელთა ყიდვისგანაც მკითხველმა თავი შეიკავა, გამომცემელმა მაკულატურად აქცია.
გარდა ამისა, შოპენჰაუერმა სრული ფიასკო განიცადა პედაგოგიურ ასპარეზზეც. 1820 წელს მას მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაში მოუწია ლექციების კითხვა ფილოსოფიაში ბერლინის უნივერსიტეტში. შეიძლება ითქვას, რომ მისი პედაგოგიურ ასპარეზზე განხორციელებული ფიასკოს მიზეზი სახელოვან გერმანელ ფილოსოფოსთან – გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელსთან კონკურენცია გახდა. იმ ჰეგელთან, რომელიც არტურს – „მოუქნელ ყალთაბანდად” მოიხსენიებდა. ბერლინიდან ფრანკფურტში გადასახლებული ფილოსოფოსი ძირითად დროს თავის ორ ოთხიან ბინაში განთავსებულ სამუშაო კაბინეტში ატარებდა, რომელსაც თავის მხრივ, იმანუელ კანტის ქანდაკება, იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს უზარმზარი პორტრეტი, ბუდას ტიბეტური ბრინჯაოს ქანდაკება და ძაღლების გამოსახულებიანი 16 გრავიურა ამშვენებდა.
ცხოვრების მკაცრი რეჟიმის დამცველი შოპენჰაუერი ქუჩაში უმეტესწილად ძველმოდური ფრაკითა და ყელზე გაკეთებული საგულდაგულოდ მოვლილი თეთრი ბაფთით გადიოდა. ძირითადად ერთსა და იმავე დროს სტუმრობდა მის სახლთან განთავსებულ პატარა რესტორანს. სადილობის შემდეგ სასეირნოდ მიდიოდა და ამ დროს მის თანამგზავრს მუდმივად წარმოადგენდა შოპენჰაუერის საყვარელი პუდელის ჯიშის ძაღლი – ატმა. ნიშანდობლივია, რომ, როდესაც არტურს იგი მოუკვდა, ერთ-ერთ მოქანდაკეს თაბაშირისაგან მისი ქანდაკება დაამზადებინა. აღნიშნული ქანდაკება გერმანელმა ფილოსოფოსმა საკუთარ საძინებელში დაიდგა. (ავტორი გენია.ჯი)
ცხოველების მოყვარული შოპენჰაუერი ეჭვის თვალით შესქეროდა ადამიანებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას დედამიწაზე არსებული ერთადერთი სულიერი არსების – ადამიანის არაფერი სჯეროდა. და არა მხოლოდ არ სჯეროდა, არამედ სძულდა კიდეც.
იმის შიშით, რომ არ გაეძარცვათ, არტური ძვირფასეულობასა და ფულს თავის საძინებელ ოახში განთავსებულ საიდუმლო საცავში ინახავდა. გარდა ამისა, ყოველთვის ბალიშის ქვეშ დადებულ იარაღთან ერთად იძინებდა. პანიკურად ეშინოდა რაიმე დაავადების შედეგად გამოწვეული სიკვდილის. თუკი ეპიდემიის (მაგალითად – ქოლერის) შემთხვევა დაფიქსირდებოდა მისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, იგი უმალვე ტოვებდა ბინას და დროებით სხვა სახლში გადადიოდა საცხოვრებლად.
გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე, ფილოსოფოსს მეგობრებმა ჰკითხეს, თუ სად ისურვებდა დაკრძალვას სიკვდილის შემდგომ, რაზეც მისგან მეტად მრავლისმეტყველი პასუხი მიიღეს – „რა მნიშვნელობა აქვს სად დავიკრძალები. სადაც არ უნდა დავიკრძალო, ისინი მაინც მომძებნიანო”.
1860 წლის 21 სექტემბერს არტურ შოპენჰაუერი პნევმონიის შედეგად გარდაიცვალა. უშვილ-ძიროდ გადაგებული ფილოსოფოსის საფლავზე კი მხოლოდ ორიოდე სიტყვა იქნა ამოკვეთილი: „არტურ შოპენჰაუერი”. – (ავტორი გენია.ჯი)
იოანა ტროზინერი (არტურ შოპენჰაუერის დედა)