ჩვენდა სავალალოდ!
“კუდი კუდს გადაგიბამთ და კიდევ მეკითხებით,გული რატომ გეწვისო? დასაბამითგან მოყოლებული შენა და ის მამაძაღლი მამასახლისი რომ ერთად ხართ,სულს რომ ერთად გვხდით,გულს ეგ მთუთქავს! ვინა გყავთ ცოდვის გამკითხავი? ერთი სცოდავს,მეორე ცოდვებისაგან ათავისუფლებს და ვინა გყავთ ანგარიშის ჩამომრთმევი? ერთად მიდიხართ,მიიმღერიხართ.ღმერთი ისე შორსაა,ისე შორს,რომ მგონი,არც უნდა არსებობდეს და ჩვენ,საცოდავი გლეხები,ვაკვდებით ამ მიწას,ვიხრჩვებით ამ წყალში.ცეცხლში რომ იშოვებოდეს რამე,ცეცხლში შეგვიშვებდით და თქვენ ჩრდილში მოგვიცდიდით,თუ რამე გამოიტანეს,ხელში გამოვგლიჯოთო; ჯაფით ტანს ჭირის ოფლი გვასკდება და თქვენ მოგვდგომიხართ და პირში კიდევ სულსა გვხდით; ტყავს ცოცხლად გვაძრობთ და სულშეჭირვებულნი რომ ვყვირით,ეს არაფერია.თქვენ ძმურად გვანუგეშებთ,გვირჩევთ,ნუ ვიყვირებთ,ნუგეშსა და მათრახს ერთად გვცემთ.ნაობახში გავგდებთ,ციმბირს გასაგრილებლად გვგზავნით,თუ საჭირო იქნება,ჩამოგვახრჩობთ კიდევაც,იმიტომ,რომ სულელი ცხვრები ვართ და ჭკუა უნდა ვისწავლოთ. და ჩვენს ახალგახდილ ტყავს რომ ორთქლი ასდის და ტყავგადილნი ვტირით,ეს არაფერია,ეს ორთქლი კი არ არის,ჩვენი სულია,სული,ცოდვებისაგან გათავისუფლებული,საიქიოდ სანეტაროდ მიემგზავრება.თუ ასე გაგრძელდა,ვიცი,კარგად ვიცი,რომ საქმე სულ სხვაგვარად მოტრიალდება.რა ვქნათ,მანამ უნდა ვითმინოთ,სანამ ყრუნი ვართ და თქვენ კიდევ უფრო გვაყრუებთ,უსინათლონი ვართ,თქვენ კიდევ უფრო გვაბრმავებთ,უთქმელნი ვართ,თქვენ სულ გვამუნჯებთ და მერე,როცა ამდენ ყრუ-მუნჯებს პატრონი დაგვჭირდება,თქვენვე გვპატრონობთ,გვმწყემსავთ,რომ მგელმა არ მოგასწროთ ჩვენი შეჭმა.შენ გვიქადაგებ,მამასახლისი თავში გვიბსაკუნებს და ორივე ერთად ტკბილად,ძმურად გვაძრობთ ტყავს და ჩვენ,ამ საწყალ ცხვრებს,პეტელის ნებაც არა გვაქვს.ათას ზარმაცსა და მუქთახორას გინახავთ და ნამუსი მაინც არა გაქვთ,ზურგზე კიდევ უფრო მძიმედ გვაწვებით.ეს ზურგი,ბიძია,ჩვენს გამჩენს იმიტომ კი არ მოუცია,რომ თქვენ მოგვჯდეთ.უსაქმურობის დროს საფხანად მოუცია და თქვენც გვფხანთ,როგორც შეგიძლიათ და როგორც გაგივათ,მაგრამ ხელით კი არა,მათრახებით.შენ გვასწავლი,ხორცი ცოდვააო,სამოთხის გზაზე დამდგარ ცხვარს დუმა ამძიმებსო და აკი გვათლით კიდევაც; მაშ რა უნდა ქნათ? გეშინიათ,სამოთხის გზაზე დამდგარი ცხვრები დუმამ არ წაგვაქციოს.დუმის გულისთვის სულსაც ხომ არ დაღუპავთ? გაჭირვება რომ გვაპენტელებს,ეს არაფერია.განა სულისათვის ყოველივე არ უნდა დავთმოთ? დუმა რომ შემოგელევათ,მერე ხორცს მიდგებით და მაშინ კი ფრთხილად იყავით,ცხვარი ცხვარია,მაგრამ თუ გაბრაზდა,ცხარეა”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ამ დილით გავეცანი ინფორმაციას იმის შესახებ,რომ შუქის დავალიანების გადაუხდელობას ორი ჩვენი თანამემამულის (დედა-შვილის) სიცოცხლე ემსხვერპლა (გაიყინენ)… სულის სიღრმემდე შემძრა ამ ცნობამ,ისევე როგორც შეგძრათ თქვენ…
…ან რა უნდა თქვა,ან რა უნდა დაწერო კაცმა ამ უმძიმეს და შემზარავ ფაქტზე,მაგრამ ჩემის მხრივ აღნიშნულ პოსტს,რომელიც დემნა შენგელაიას რომანიდან – “ბათა ქექეია”-დან არის აღებული,სწორედ მათ ხსოვნას ვუძღვნი.
P.S.S. აი,ეს კი მათ გასაგონად,ვისაც ეხება: “კარგად გაახილეთ თვალები,ბატონებო! კარგად გაახილეთ! სხვისი ნათქვამი თუკი არ გესმით,სხვისგან მონათხრობი თუკი არ გჯერათ,ეგებ თქვენი თვალით დანახულმა მაინც აღგიძრათ გულში ელემენტარული ადამიანური გრძნობა კაცთმოყვარეობისა და სიბრალულისა.ისიც კარგად დაიხსომეთ,რომ – სამშობლო – მხოლოდ მაღალფარდოვანი სიტყვებით დახუნძლული სადღეგრძელო არ არის და ქართველობა – მხოლოდ გულის ფიცრის მჯიღის ცემით ჩანგრევა!” - (ავტორი გენია.ჯი)