გიორგი შარვაშიძე – “ვარადა”
განგებავ! ამას ნუ მიწყენ,
ვერ გადავგვარდე გვარადა,
ხანდისხან დავიღუღუნო
მამაპაპური ვარადა.
* * *
იგი ღუღუნუნი-სიმღერა
არ არის გასახარადა,
ის არის მძიმე მოთხრობა
გულისა სატკივარადა.
* * *
ისა ჰგავს დედის საფლავზედ
ობლისა მოთქმას მწარადა,
კვნესის და კვნესის,ქვითინებს
მტირალის ჩვილის გვარადა.
* * *
უბნობს,თუ ვითა ცხოვრება
ათასის წლისა წყნარადა,
ერთბაშად,ერთის მობერვით
სულ წარხვეტილა ქარადა!
* * *
ზოგჯერ გიჟურად შეჰკივლებს
ბედისა სამუქარადა.
ეტყვის: მარტოკა დამაგდე
ნაწყვეტად,ნაოხარადა.
* * *
მიკვირს საწუთროს ვნებანი
ვინ ჰფხვრიან,ვის სახმარადა,
და მსგავსსა ბოროტებასა
ყურსა არ უგდებს ცა რადა!
* * *
განგებავ! გვედრებ,ნუ მიწყენ,
თუ რომ შეგჩივი მარადა,
ხანდისხან დავიღუღუნო?
ვაი და ვაი ვარადა!