იოსებ დავითაშვილი – “ქართველ ქალებს”
ქართველნო ქალნო,იმხნევეთ,
გვარი არ წაგიხდენიათ;
მარად იშრომეთ ქართულად,
თქვენ ძველებს ვით უშრომიათ.
* * *
შვილები ზარდეთ მხნე,მშრომნი,
უყვარდეთ ქართველთ გვარია,
მამულის იყვნენ ერთგულნი,
როგორც ვაჟკაცის ვალია.
* * *
იზრუნეთ სიწმინდისათვის
და გაახილეტ თვალია,
შვილთ შთააგონეთ,რომ ქვეყნის
მათ აწვეთ დიდი ვალია.
* * *
და ვინც უმტყუნოს მამულსა,
გაუწყრეს მაცხოვარია,
ვეღარ იხილოს განთიადს
ვარსკვლავი “ხარიპარია”.
* * *
და ახლა თუ წყვდიადში ვართ,
შემდეგ გვინათდეს მთვარია,
დაგვიდგეს კაი ზაფხული,
ამწვანდეს მთა და ბარია.
* * *
აღარა დარჩეს სვავ-ყორანს
მშრომელის მონაგარია,
აგვშორდეს უსწავლელობა,
გაგვეღოს სიბრძნის კარია.