დილის კარგი განწყობისთვის…
“გათენდა პეტრე-პავლობის დილა,გწყალობდეთ,ჩემო ბატონო მთავარ მოციქულთა მადლი!.. ღამის ბინდ-ბუნდი ჯერ კიდევ სრულიად არ ახდოდა დედამიწას.გამოველ სახლიდან,შევჯექ ცხენზე და გავწიე სოფელ ნაზვრევისკენ.ამ სოფელში ცოტაოდენი საქმე მქონდა,მაგრამ ისე ეს საქმე არ იზიდავდა ჩემს ყურადღებას,როგორც სურვილი იმ მხარის ნახვისა.წინააღმდეგ ქართული ანდაზისა,განვიზრახე ერთი სროლით ორი კურდღლის მოკვლა.შევჯექ და გავუდექ გზასა.ეს გზა გადიოდა მთაზე,რომელიც იქვე,ჩვენი სოფლის ბოლოს,ამართულიყო.შევუდექ ნელ-ნელა მის ამწვანებულ ფერდობს.ღამის ნამით პირდაპანილი ბუნება სიცოცხლით სავსე,ახლად გაღვიძებულ ბავშვივით იღიმებოდა.ქოჩორა ტყით შემოსილი მთის ქედი ჯერ ისევ ნისლში იყო გახვეული; ძირს კი ეს ნისლი,უკვე დაწყებული დღის სითბო-სინათლის გავლენით,გათხელებულიყო,სადღაც მიიპარებოდა.აქა-იქ ამ ნისლიდან მაღალ ბუჩქნარებს ამოეყოთ თავები; გეგონებოდათ – პატარ-პატარა კუნძულებით მოფენილი ტბა არის შემს წინ გადაშლილიო.არა მგონია,რომ რომელიმე ძლევამოსილი მეფის,ანუ დიდებული გმირის გზა ყოფილიყვეს ოდესმე ისე საოცნებოთ შემკული,ისე მშვენივრად მორთული,როგორც იმ დილით ჩემი! უთვალავი სხვადასხვა ფერის ყვავილბი ტურფად მოჰფენოდნენ მთის ფერდობს.მათის სურნელიანობით გაჟღენთილიყო მთელი ჰაერი,წმინდა,მსუბუქი,გრილი ჰაერი,რომელშიაც დროგამოშვებით სულგანაბული დასრიალებდა ცელქი ნიავი.ხან ერთისა და ხან მეორის მხრიდან ოდნავ წამოუბერავდა ამ “მინდვრის კეკლუცთა” სამთავროს და იმავე წამს მთელი ეს თვალგაუწვდენელი კრება ყვავილებისა ბრუნდებოდა ჩემსკენ,ლამაზ კოპწია თავებს ეშხიანად იხრიდა,პირღიმილიტ სალამს მაძლევდა,საიდუმლო ტიკტიკით “დილა მშვიდობისას’ მეუბნებოდა.ჩემ წინ რეზინის ბურთივით მარდად მიხტოდა კაი ამბების მოციქული,მარად სასიამოვნო სტუმარი,სწორედ ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული კაჭკაჭი.როგორი შნო,ულაზათო ხმა აქვს წყეულსა!.. მაგრამ რომელი ფრთოსანი მგოსნის გალობა და სტვენა ასიამოვნებდნენ ქართველი კაცის გულს ესოდენ,როგორათაც ეს ერთგვარი,თავისუფალი და მარად მხიარული ჭახჭახი კაჭკაჭისა?.. სიამოვნებით ვუცქეროდი მის დაუღალავ მოძრაობას და ხმამაღლა მივძახოდი უკანიდან: კაი ამბავი კაჭკაჭო,კაი ამბავი!.. შენ პირს შაქარი,ოქროს ნისკარტი!.. ერთ წამს ჩერდებოდა,თავს უკან იბრუნებდა,თითქო ამ სიტყვებს ყურს უგდებსო,მერმე ისევ აგრძელებდა ხტუნაობას და მხიარულის ჭიკჭიკით მიჰქროდა გატკეცილ ბილიკზე; მირბოდა,თითქო წინა კაციაო… გატაცებით,განუწყვეტლივ ხმაურობდა და ამით თითქო მთელს თავის ნაცნობ-ნათესაობას ატყობინებდა უცხო მგზავრის მიახლოვებას. და ისმოდა ყოველ მხრიდან სიცოცხლით სავსე განუწყვეტელი ჟრიამული,ჭიკჭიკი,გალობა,სტვენა…
სინათლითა და ადგილმდებარეობის წყალობით ჩემ წინ თითქმის ყოველ წამს იცვლებოდა სურათი.ერთი მეორეზე უმშვენიერესი სანახაობა ჩნდებოდა ჩემს გარშემო… უცებ ვიგრძენ სველი,ნოტიო,შემოგომური სიცივე.ჩემმა მერანმა უკვე ნისლისა და დაბურული ტყის სამფლობელოში შემიყვანა.ორ ნაბიჯზე კაცი ვერაფერს გაარკვევდა.ბურუსში გახვეული უზარმაზარი ხეები და ამგვარათვე უეცრად ჰქრებოდნენ ორიოდე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ.მთის უმაღლეს ქედზედ ვიყავ ასული,როდესაც აღმოსავლეთის მთებიდან მზემ თავი ამოჰყო.მისი უთვალავი სხივები ბრწყინვალებით მოეფინნენ ცასა და ქვეყანას,მთასა და ბარს,ტყესა და მინდორს.მეუფება ნისლისა შეირყა,თავით ბოლომდე შეინძრა.სამხრეთიდან წამოუბერა სასიამოვნო,თბილმა ნიავმა და წამს ეს ამოდენა ზღვა ბურუსისა დაჰგლიჯა.გამოჩნდნენ ჯერ კენწეროები ხეებისა,მერმე ტოტები.გადაიშალა გასაოცარი,კალმით აუწერელი სურათი: ზღვა,მღელვარე მოუსვენარი ზღვა ნისლისა და ბურუსისა, და მის მშფოთვარ ტალღებზე მოტივტივებული უზარმაზარი,დაუსრულებელი ტყე.ამ ტყის ნამით დაბანილ ფოთლებს მოჰფენოდნენ მზის ბრწყინვალე სხივები,ნიავისაგან ირხეოდნენ,კანკალებდნენ,თრთოდნენ და გაჰქონდათ სწორედ ისეთივე თვალის წარმტაცი და გულის ამგზნები ბრწყინვალე ლაპლაპი,მოელვარე ციმციმი,როგორც ზამთრის უმთვარო ღამეში ვარსკვლავებით მოჭედილ-მოკრიალებულ ცასა.გავიდა ორიოდ წამიც და სურათმაც ხელახლა იცვალა ფერი.ძალზედ გათხელებული ნისლი ძირს დაეშვა,დედამიწას გაეკრა,მაგრამ მზის ნათელი სხივები არც აქ სტოვებდნენ მოსვენებითა: ძლევამოსილ რაზმებად ესხმოდნენ თავსა,შეუბრალებლად ჰგლეჯდნენ,აქეთ-იქით ჰფანტავდნენ.ნისლსაც თითქო თავზარი დასცემოდა: გზა და კვალი ვეღარ გაეგნო… ხან აქეთ მოსრიალებდა ფეხაკრეფით,ხან იქით.ერთგან რო ბუჩქებში ძვრებოდა,თითქო ემალება ვისმეო,მეორე ადგილას მაღლა,ხის ტოტებისკენ,მიჰქროდა,მათ შორის იჟუჟებოდა; შემდეგ იმედგადაწყვეტილივით განათებულ ლაჟვარდ სივრცეში ადიოდა და კომლივით იფანტებოდა ჰაერში.ამ დროს მთელი ეს უსაზღვრო ტყე მოსე წინასწარმეტყველის მაყვლოვან ბუჩქს წააგავდა: ტყეს კომლი ასდიოდა,თითქოს ცეცხლი ეკიდა,მაგრამ კი არ იწვოდა.
გადავდგი კიდევ ორიოდე ნაბიჯი და შემდეგ დავეშვი მთის მეორე,აღმოსავლეთის,ფერდობზე.ახლა ჩემ თვალწინ გადაიშალა ფართო,ტრიალი მინდორი,სავსე სხვადასხვა გვარის მოსავლითა.მთელი მინდორი: როგორც ნათესი მიწები,ისე მოუხნავი ველი,როგორც უთვალავი,აქა იქ გაფანტული ბუჩქები,ისე ასწლოვანი ბებერი მუხები ხასხას მწვანედ ღაღანებდნენ,თვალის წარმტაც სინაზით ელვარებდნენ.ზედ შუა მინდორზე მარდად გარბოდა პატარა მდინარე.მის ანკარა წყალს უხვად მოჰფენოდნენ მზის ნათელი სხივები და ახავერდებულ ნაპირებს შორის სარკესავით გაჰქონდა ლაპლაპი.უთვალავ ფრინველთა ჭიკჭიკ-გალობის ფერხულში ჩვენი მდინარეც ჩაბმულიყო: ლურჯად მოკამკამე პაწია ტალღებს ახლიდა ერთმანეთს,სცემდა ნაპირებს,ისროდა აქეთ-იქით მარგალიტ წინწკლებს,ხტოდა,მღეროდა,თამაშობდა.ერთგან რომ დარბაისლურის სიდინჯით ჩუმად,წყნარად მიბრძანდებოდა,მეორე ადგილზე ფიცხი ვეფხვივით მიხტოდა,ციბრუტივით ტრიალებდა,დაგვიანებულ მგზარსავით მიეშურებოდა.ისმოდა ხან გაჯავრებული შხუილი,მუქარით სავსე ბუტბუტი,ხანაც საიდუმლოებით მოცული ნაზი,წყნარი ჩურჩული,თითქოს ეალერსება ვისმეო… მერმე უცებ არღვევდა სიჩუმეს: ხელ-ახლა იწყებდა ხმა მაღალ შრიალ-შხუილსა, და ამ დროს მისი მხიარული,სიცოცხლით სავსე ჩხრიალ-ჩუხჩუხი მთელს მინდორს ეფინებოდა და, ჭიკჭიკ-გალობასთან შეერთებული,ბუნების დიდებულ ღაღადებად ისმოდა.ოხ,ბუნებავ,ბუნებავ!.. რა კარგი რამა ხარ,შე დალოცვილო!”
P.S. ამონარიდი ნიკო ლომოურის მოთხრობიდან – “ბერუა ქრისტესიაშვილი”. – (ყოველ თქვენგანს გენია.ჯი ასეთი სახით გიძღვნით: “დილა მშვიდობისა!”))