კიტა აბაშიძის ფილოსოფიიდან…
“მართალია,კაცის ოცნება ცხოვრებისაგან თითქმის უმეტეს ნაწილად შემუსვრილი რჩება,მაგრამ კაცი სიმხნევეს მაინც არა ჰკარგავს.ერთი იმედი გაუცრუვდება,სხვა ახალი იმედი დაებადება,ერთ რამეში განიცდის სასოწარკვეთილებას,სხვა რამეში სასოება ფრთას შეისხამს.კაცის რთულისა და მრავალფერის ცხოვრების ნიშანდობლივი თვისება სწორედ ის არის,რომ მისი იმედი,ოცნება და სასოება ჰქრება და თანდათან ახალი ჩნდება.მთელი მისი ცხოვრება ბრძოლაა დაუსრულებელი საწადელ ოცნების მისაღწევად და თანვე დაუბოლოებელი დამარცხება ამ ბრძოლაში,რადგან,რამდენსაც ახლო მივა სალტოლველ საგანთან,იმდენად ეს საგანი მისგან შორს გაიწევს.ადამიანის ცხოვრების მხატვრული გამომსახველი სიზიფის მითია.საბრალო სიზიფი დიდს ლოდს დღესაც კი მიაგორებს მაღალის მთის წვერისაკენ,მაგრამ მიაღწევს თუ არა, ქვა ხელიდან გაუსხლტება და ქვეითკენ დაექანება.
ადამიანის მშვენიერება,მისი სულის სიმაღლე კი იმაში გამოიხატება,რომ თუმც ბრძოლა და მოღვაწეობა მისი ხშირად უნაყოფოდ თავდება,მაინც თავს არ იხრის ხოლმე ულმობელის ცხოვრების კანონის წინაშე და მედგრად,შეუპოვრად,მხნედ განაგრძობს ბრძოლას და წინ მიდის.მართალია,იქნება დიდს არას გამოელოდეს,ხოლო ის მაინც დღევანდელს მდგომარეობას ვერ შერიგებია და, რაგინდ კარგი იყოს ეს მდგომარეობა,უკეთესი უნდა,საუკეთესო მომავლისკენ ისწრაფვის.მისი სული და გული,მისი აზრი და გრძნობა გაუმაძღარია. (ავტორი გენია.ჯი) ცხოვრების საუკეთესო ელემენტად,ცხოვრების ცოცხალ წევრად უნდა ჩავთვალოთ,ვინც დაუდგრომელის ხასიათისაა,რომელსაც ეხლანდელობა მოსწყენია და მობეზრებია და უმჯობესს ეტანება.ცხოვრებას ამოძრავებს “აღშფოთებული მეომარი მონა” და არა ტახტზე მოსასვენებლად და დასაძინებლად გაგორებული უფალი.”გული კაცისა კრულია,ხარბი და გაუძღომელი”.დიაღ,”გაუძღომელი”,რადგან მისი გული სამარადისო უკმაყოფილებითაა სავსე.ის ადამიანი,რომლის გულიც დაწყნარებულია და დამშვიდებული,მკვდარია,სიცოცხლეს მოკლებული,იგი აღარ მოძრაობს და მოძრაობა ხომ სიცოცხლის მომასწავებელია.
ცხოვრებასა და სიცოცხლეს ისა ჰქმნის,ვინც ცოტად თუ ბევრად უკეთესს იძიებს.ვერც ერთს მოქმედ ადამიანს დღევანდელობა ვერ დააკმაყოფილებს.მდიდარი უსაზღვრო სიმდიდრის შეძენასა სცდილობს.ამა თუ იმ სახელმწიფო წესწყობილების გულწრფელი დამცველიც კი სცდილობს,საუკეთესო გზაზედ დააყენოს იგი,რათა გახრწნილება არ მიუახლოვოს; თვით უბედნიერეს მიჯნურს კიდევ მეტი უნდა და დაუსრულებელს,საუკუნო სიყვარულსა და შეერთებას ელამუნება; თვით ღმერთად მიჩნეული მეგობარი არ კმაყოფილდება ამგვარის გაღმერთებით და კიდევ მეტს მოითხოვს; მხნე მეომარს მთელის ცისქვეშეთის დაპყრობა ჰსურს,ნიჭით მოსილს ხელოვანს არ აკმაყოფილებს ერთმხივი თაყვანისცემა ერისა,მთელის კაცობრიობისა.მას ისა სწადიან,ვარსკვლავები ყურს უგდებდნენ მის გალობას,ხეები და ყვავილები მისის სიმღერით ერთობოდნენ და ბულბული,ეს “აშიკთ მეფე”,მის სიტყვებში თანაგრძნობას ხედავდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)