დიდებულო მოძღვარო,დარწმუნდი,რომ “შენი კარგი ქვეყანა გკლავს”?
“თავისი დიდებული მოძღვარი მოჰკლა ქართველმა ერმა; იმ ერმა,რომელიც დიდებულ მოძრაობაში მარტო ერთი გრძნობითა და აზრით იკვებებოდა – საქართველოს,ქართველი ერის,ესე იგი,თავის თავის უარყოფითა და ზიზღით,ეს გრძნობა გამოხატა საშინლად,მხეცურად და საეროვნო გრძნობის დიდებული დარაჯი ვერაგულად,საზიზღრად მოჰკლა.
ქართველი ერი ამ მოქმედებით წყეულ ერთა რიცხვში ჩაეწერა,ქვეყანაზე სამაგალითოდ შეიქმნა: ქრისტე ჯვარს აცვეს, – დღევანდელი ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ – “ბურჟუებს” შეგვიძლია გადავაბრალოთ.სოკრატე თუ მოსწამლეს,ისიც “ბურჟუებს” შეგვიძლია გადავაბრალოთ გულის მოსაფხანად… მაგრამ ისტორიის განგებამ იცის ხალხი,ერი და არა ბურჟუა და ფეოდალი, და ის ერი,რომელიც თავის დიდებულ კაცსა ჰკლავს,მორიელია,რომელიც თავისის შხამით თავის თავსვე იწამლავს.
ამიტომაც ურიასტანი მოისპო,საბერძნეთი დაემხო და ქართველმა ერმა არ იკმარა,რომ თავის შესარცხვენად საქვეყნოდ განაცხადა – ქართველობის წოდება სათაკილოდ მიმაჩნიაო,მოჰკლა ქართველის ერის სული, – დიდებული კაცი ერისა არის მისი სული.
ქართველმა ერმა დიდებულის მოძღვრის სულის მოკვლაც მოიწადინა და ვითა საშუალო საუკუნეებში,ამ რამდენიმე წლის წინათ დიდუბის მოედანზე დიდებულის მოძღვრის ნაწარმოები ცეცხლს მისცა.ქართველმა ერმა თავისი მადლობა დიდებულ მოძღვარს იმითი გადაუხადა,რომ როცა ტფილისში,”სახალხო” თეატრის დარბაზში მოძღვრის სახელის ხსენება უნდოდათ,ამის მსურველს კინაღამ სცემეს,ხოლო დიდებულის კაცის სურათი ფეხქვეშ განართხეს.დღეს კი სამარეში ცალი ფეხის მექონე მოძღვარს სიცოცხლე დაუმოკლეს….
ეს ფაქტი მაჩვენებელია იმისი,რომ ქართველი ერი უკურნებელის სენით არის ავად და მისი დღეები დათვლილია,ეს ცხადზედ უცხადესია.ეს სიმპტომი ისეთია,როგორც სულთმობრძავის ხრიალი.
მოჰკლა და მერე პარადი გააკეთა… მოძღვრის დასაფლავებაზე ქართველს რომ ნამუსი ჰქონოდა,არც კი უნდა გამოჩენილიყო,თავზედ ნაცარი უნდა დაეყარა და სახლში ჩაკეტილიყო,თავის თავისაც უნდა შინებოდა…
იტირა – ვინ? სამძიმარი გამოუცხადა – ვის? ნუგეში სცა – ვისა?.. განა არ იცოდა,რა ხდებოდა იმ დღეს? ამ დღეს ქართველმა ერმა თავისთვის საფლავი გაითხარა…
მესმის ჯოჯოხეთური სიცილი ბოროტის ძალისა – “ჩემო კარგო ქვეყანავ,რატომ მოგიწყენია”? – თითქოს დასცინოდეს დიდებულ მოძღვარს: ეგეც შენი უკურნებელი ოპტიმიზმი,ეგეც შენი შეურყეველი რწმენა,აი,შენი “კარგი ქვეყანაო”.
მესმის ეს სიტყვები და თანაც მელანდება დიდებულის მოძღვრის დასისხლიანებული,დამშვიდებული სახე,საუკუნო საიდუმლოებით მოცული…
აი,ეს არის ეხლა ჩემი (და ჩემიანების) დაუსრულებელი ტანჯვა; ეს არის ჩემი (და ჩემიანების) უსაზღვრო კაეშანი და ვარამი… რა საუკუნო გრძნობით შეუერთდი გამოუცნობელს,დიდებულო მოძღვარო? გაგახსენდა ეს სიტყვები? დარწმუნდი,რომ “შენი კარგი ქვეყანა” გკლავს და საუკუნო გულისტკივილით განუტევე სული,რაიცა უფრო მწარეა ყოველ სიკვდილზე?..
უეჭველია,უეჭველი,თორემ რად დამხარხარებს ეს წყეული ხმა,რად ურევს მწარე ირონიასა და გესლს,რადა სწყვეტს შუაზედ დიდებულს გრძნობას დიდებულის სულით შექმნილსა: “ჩემო კარგო ქვეყანავ,რაზედ მოგიწყენია?”..
P.S. ამონარიდი კიტა აბაშიძის პუბლიცისტური წერილიდან – “დიდებული მოძღვარი”. – (ავტორი გენია.ჯი)