კრიპტია (კანონიერი მკვლელობა სპარტაში)
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,მდინარე ევროტასის ხეობაში გაშენებული სახელგანთქმული ძველ ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოს – ლაკედემონის მაცხოვრებელებისათვის მეცნიერება,ხელოვნება,განათლება და მიწათმოქმედება უცხო ხილს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არა და, მიწათმოქმედებით დაკავება ნებისმიერი სპარტელი მამაკაცისათვის სამარცხვინო საქმედ მიიჩნეოდა,რის გამოც სოფლის მეურნეობის ეს უმნიშვნელოვანესი დარგი ლაკედემონელებს თავიანთი მონებისათვის – ჰილოტებისათვის ჰქონდათ ჩაბარებული.ერთადერთი,რაც სპარტელებს ღირსეულ საქმედ მიაჩნდათ, – ბრძოლა იყო,რისთვისაც ისინი შვიდი წლის ასაკიდან იწყებდნენ მომზადებას სპარტულ სკოლაში,რომელსაც თავის მხრივ,- „აგელას” უწოდებდნენ.„აგელა” წარმოადგენდა 7-დან 12 წლამდე ასაკის მქონე სპარტელების აღზრდის პირველ ეტაპს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აღნიშნული სასწავლებელი საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.დიდი ძველ ბერძენი ისტორიკოსისა და მწერლის – ქსენოფონტის გადმოცემის თანახმად,„აგელას” ხელმძღვანელად ანუ – „პედონომად” სპარტელები ნიშნავდნენ დიდი ნდობით აღჭურვილ პიროვნებას.ცნობისათვის,„პედონომის” თანამდებობა საკმაოდ მაღალ სახელმწიფო თანამდებობას წარმოადგენდა ლაკედემონში.
12 წლის ასაკიდან სპარტელი ბავშვების „ნამდვილი” ანუ პრაქტიკული სამხედრო აღზრდა იწყებოდა,რაც თავის თავში,სისასტიკესა და ადამიანთა მკვლელობებისათვის მომზადებას გულისხმობდა.სწორედ ამ პერიოდიდან აძლევდა მათ ოფიციალურად სპარტის კანონმდებლობა „კრიპტიას” ანუ პერიოდული სადამსჯელო ღონისძიებების ჩატარების უფლებას მათსავე დაქვემდებარებაში მყოფ უიარაღო მონების – ჰილოტების წინააღმდეგ.
შესაბამისად,მოზარდი სპარტელების პირველი მსხვერპლი სრულიად უდანაშაულო ჰილოტები ხდებოდნენ.თუმცა მანამდე კი სპარტული კანონმდებლობის მიხედვით,ეფორები ვალდებულები იყვნენ ბრძოლა გამოეცხადებინათ ჰილოტებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდგომ მოკლე ხმლებით შეიარაღებული სპარტელი მოზარდები თავს ესხმოდნენ მინდვრებში მომუშავე უიარაღო და უდანაშაულო მონებს და ადგილზევე კლავდნენ მათ.ამ ამაზრზენ და დაუნდობელ „ლაშქრობაში” ყველაზე მეტად იმ მოზარდ სპარტელებს უფასდებოდათ „გარჯა”,რომლებიც მსხვერპლს შეუმჩნევლად გამოსალმებდნენ წუთისოფელს.„კრიპტიას” მიმდინარეობისას ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ ფიზიკურად ძლიერ ჰილოტებთან შებმას.იმ ჰილოტებთან,რომლელთაც სპარტელების წინააღმდეგ შესაძლო ამბოხების მოწყობა ძალუძდათ.იმ შემთხვევაში (და იყო ასეთი შემთხვევებიც),თუკი ჰილოტები სპარტელ მოზარდს მათზე ნადირობის დროს მოკლავდნენ,სოფელში,სადაც ეს ფაქტი დაფიქსირდებოდა,იგზავნებოდა სპეციალური დანაყოფი,რომელიც არად დაგიდევდათ დამნაშავის გამოვლინებას და ერთიანად ანადგურებდა სოფლის უდანაშაულო მოსახლეობას.მათ შორის ბავშვებსა და ქალებს.
გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა,„კრიპტიას” მიზანს ასევე წარმოადგენდა სპარტელების მფლობელობაში მყოფი ჰილოტების მუდმივ შიშში ცხოვრება,რათა მათ ყოველგვარი შესაძლო ამბოხებისაგან თავი შორს დაეჭირათ.ეს დაუნდობელი ნადირობა,რომელიც სპარტაში კანონიერ მკვლელობად იყო მიჩნეული,სპარტას მთელი არსებობის ისტორიის მანძილზე გრძელდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)