ადრეული წარმოდგენები აფთრების შესახებ…
აფრიკისა და ევრაზიის კონტინენტებზე გავრცელებული აფთრისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველები – აფთრები,დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე იდუმალებით მოსილ და ნაკლებად შესწავლილ ცხოველებს წარმოადგენდნენ ადამიანებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) ადრეული ეპოქებიდან მოყოლებული მათ შესახებ უამრავი დაუჯერებელი და შიშის მომგვრელი ინფორმაცია იყო გავრცელებული ხალხში.ამბობდნენ,რომ,თუკი ძაღლს აფთრის ჩრდილი დაეცემა,იგი არა მხოლოდ ყეფის უნარს,არამედ გონებასაც კი კარგავსო.გარდა ამისა,ამბობდნენ იმასაც,რომ აფთრის სიკვდილის შემთხვევაში მისი თვალები ქვებად იქცევიანო.აფრიკის კონტინენტზე მაცხოვრებელი ხალხების რწმენით,აფთრები ბოროტ სულებთან იყვნენ დაკავშირებული და მაქციებს წარმოადგენდნენ.ისინი ღრმად იყვნენ დარწმუნებულები,რომ ღამით ჯადოქრები აფთრებათ იქცეოდნენ და შიშის ზარს სცემდნენ ადამიანებს.არაბები აფთარის მოკვლის შემდეგ,მას თავს ჰკვეთდნენ და სილაში ღრმად მარხავდნენ,რათა მას შური არ ეძია მის მკვლელებზე.შესაბამისად,უძველესი დროიდან ეს მტაცებელი ცხოველები ადამიანებს ძალიან სძულდათ და მაქსიმალურად ცდილობდნენ მათ განადგურებას.გენიალური ძველ რომაელი პოეტი – ოვიდიუსი,მის მიერ დაწერილ „მეტამორფოზებში” აფთარს – „ჰერმაფროდიტად” მოიხსენიებდა და შენიშნავდა,რომ მას სქესის შეცვლა ძალუძდა; სახელოვანი ძველ რომაელი მწერალი – პლინიუს უფროსი გვამცნობდა,რომ აფთრებს ადამიანის ხმის იმიტირება შეეძლოთ,რითაც ისინი სახლებიდან იტყუებდნენ მათ და შემდგომ ნაკუწებად გლეჯდნენ; კლაუდიუს ელიანე თავის ბრწყინვალე ქმნილებაში – „ცხოველების ბუნების შესახებ” წერდა,რომ მათი ჩრდილის დაცემა ძაღლებს ყეფის უნარსა და გონებას უკარგავდა,რის შემდგომაც მათი იოლი ნადავლი ხდებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც უკეთებდნენ თავიანთ ძაღლებს ლიბიელები კისერზე ეკლიან საყელოებს; ნადირობაზე ფანატიკურად შეყვარებული დიდი ამერიკელი მწერალი – ერნესტ ჰემინგუეი აფთრების შესახებ წერდა – „აფთრები მიცვალებულთა საფლავების შეურახმყოფელი ჰერმაფროდიტები არიანო”, და ეს მართლაც ასე გახლავთ.რადგან ცნობილია,რომ დამშეულ აფთრებს არაერთი საფლავი გაუნადგურებიათ საკვების მოძიების ჟამს.
არაბები დარწმუნებული იყვნენ,რომ იმ შემთხვევაში,თუ ადამიანი აფთრის ტვინს შეჭამდა,იგი უცილობლად შეიშლებოდა ჭკუიდან.გარდა ამისა,მათ სწამდათ,რომ აფთრის ტყავს ჯადოსნური თვისებებიც გააჩნდა.ადრეულ პერიოდებში მიიჩნევდნენ,რომ აფთრის ტყავის მომცრო ნაჭრებს,რომლებიც გლეხებს კალათებით ედგათ თავიანთი სახნავ-სათესი მიწების პერიმეტრზე,მოსავალს სეტყვისაგან იცავდა.ალფრედ ბრემი წერდა,რომ აფთრის ღვიძლისაგან თვალების სამკურნალო უებარი საშუალება,ხოლო საშვილოსნოს ყელიდან კი ნერვების დამამშვიდებელი წამალი მზადდებოდა.
პირველი ცენტრი,რომელიც აფთრების სათანადო შესწავლით დაკავდა,გახსნილი იქნა 1984 წელს აშშ-ი განთავსებულ ბერკლის უნივერსიტეტში.მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევებისას სხვა უამრავ საინტერესო ფაქტთან ერთად დადგინდა,რომ დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ბინადრების – აფთრების ორგანიზმს,სხვადასხვა სახეობის ვირუსებისა და ეპიდემიების გადატანის უნიკალური უნარი შესწევთ.ამის დასტურია 1987 წელს მდინარე ლუანგვას მიდამოებში (ზამბიასა და ზიმბაბვეში არსებული მდინარე) გავრცელებული ციმბირის წყლული,რომელსაც ასეულობით ბეჰემოთი ემსხვერპლა.ამ საშინელი დაავადებით განადგურებული ეს უზარმაზარი ცხოველები აფთრების ლუკმად იქცნენ.თუმცა-კი ამას მათთვის არავითარი ზიანი არ მოუტანია.დადგენილი იქნა ისიც,რომ აფთრები გახლავან ერთადერთი მტაცებელი ცხოველები დედამიწაზე,რომელთაც თავიანთი ბასრი კბილებითა და მასიური ყბებით ყველაზე დიდი ცხოველების ძვლების დამსხვრება-გადამუშავება შეუძლიათ სპილოს ძვლების გარდა. – (ავტორი გენია.ჯი)