„ნეტა რა მოხდებოდა ამქვეყნად,რომ სიჭაბუკის ყიდვა შეიძლებოდეს?”
„ბებრულ სიდინჯეს და გამოფიტულ სიბრძნეს ისევ უმანკო ცუღლუტობა მირჩევნია,ისევ გიჟმაჟური თავგადასავალი,გულიანი სიცილი,ადევნება,ქსელის გაბმა,შიგ ფართხალი,თუნდაც დარდი,იჭვით ხერხვა და უიმედობით წამება სჯობია.
ნეტა რა მოხდებოდა ამქვეყნად,მეგობრებო,რომ სიჭაბუკის ყიდვა შეიძლებოდეს? ყველაფერი ყირამალა შეტრიალდებოდა: მეფე თავის ტახტზე ყველაზე ჯანსაღ ავარას აიყვანდა,თვითონ კი ვინმე გომბიოს დაედევნებოდა.ჯანფუღურო მილიარდერი თავის ბანკებს ვინმე სისხლმაჭარას დაუთმობდა და თვითონ შიშველ კანჭებს გამოუდგებოდა.უდიდესი,უკვე გამოფიტული მეცნიერი თავის კათედრას ვინმე მეთევზეს მიუგდებდა,თვითონ კი თავისსავე მსმენელ ქალს მიუჯდებოდა.სამად მოკეცილი ფილოსოფოსი მთელი თავისი სიცოცხლის ნაცოდვილარს ვინმე ყასაბს მიაჩეჩებდა და თვითონ კი,ფეხშიშველი,უქუდო და შალვარდახეული,ქუჩის ბიჭივით კიჟინით მოჰკურცხლავდა, და რომელიმე ლიტერატორიც,თუნდაც რუსთაველის ტოლი,„ვეფხისტყაოსანს” ვინმე მებოსტნეს შეაპარებდა და თვითონ… თვითონ კი თუნდაც უფასო მოჯამაგირედ დაუდგებოდა.
მაგრამ,მეგობრებო,ბუნება ჩვენზე უფრო გონიერია და მარტო ჭკუათხელი მიუდგება მას მაკრატლით,ნემსით,ხელეჩოთი და ცულით.ასეთი ხალხი და ბუნება ერთმანეთს დავანებოთ.დეე ურთერთი სჭრან,ჰკერონ და აწვალონ.მე კი იმ ერთ ბრძენს ვეთანხმები,რომელმაც სთქვა: ყოველი გონივრული არსებობს და ყოველი არსებულიც გონივრულიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ამონარიდი მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „გივი შადური”