ხუტა ბერულავა – „ტრიალ მინდორზე”
ტრიალ მინდორზე შემაჩერა პატარა ბორცვმა:
- მგზავრო,ამ ლოდქვეშ ვაჟკაცი წევს,განა მტვერია,
აქ მოისმინე სუნთქვა მიწის,ვით დედის ლოცვა,
და წაიკითხე,მის გულ-მკერდზე რაცა სწერია:
* * *
„მე ის ვარ,ვისაც არ სჩვეოდა ღალატი კაცის,
მე ის ვარ,ვინაც ეკუთვნოდა მსახურად არ ვის.
მოძმის ტკივილზე თუმცა ზოგჯერ ცრემლიც მიღვრია,
მე ჯავრი მტრისა ამ სოფლიდან არ წამიღია.
* * *
თუმცა ჩემს დროშიც კიდევ იყო მტრობა და შური,
არ გამიყვია მე იმათთან ძმობა და პური…
მიყვარდა იგი,ვინც გულწრფელად ხალხს ჰყვარებია,
ვისაც ხალხისთვის არც სიკვდილი დაზარებია.
* * *
მიყვარდა იგი,როგორც უყვარს ვაჟკაცს ვაჟკაცი, -
ეს გრძნობა იყო წარუშლელი,წმინდა,წარმტაცი!
* * *
არა ვხარობდი უმეცართა უეცარ ტაშით
და თეთრმა ადრე გაზაფხულზე დასთოვა თმაში.
განა დასთოვა,საფეთქლებთან გაიწკრიალა,
ისე უეცრად,არაფერი გამიგია რა!
* * *
მე ფარი მეპყრა დღე და ღამე,მე თავს ვიცავდი,
და მაპატიე,შენს მოსვლამდე ვერ დავიცადე.
მე ფარი მეპყრა ერთი ხელით,მეორით – ხმალი,
არ მეშინოდა კაცისა თუ ეშმაკის ძალის.
* * *
ვიყავ ამაყი,ვიყავ ფიცხი,ვიყავ გულჩვილი,
არ შევყურებდი მოძალადეს ბაიყუშივით.
და ამის გამო თუ დამჩაგრავ ნება შენია!
საიმედოდ და სანუგეშოდ ესღა მშთენია,
რომ თითქოს შევძელ იდუმალთა ფიქრთა გამხელა
და ქვეყანაზე ჯარისკაცი დამრჩა სახელად”.
* * *
ეს იყო და ეს.არცა გვარი,არცა სახელი,
ეს იყო და ეს.შთაგონება არა მწვევია
და არ შემითხზავს მისი ფიქრი,მისი სათქმელი…
ამ შემთხვევაში მე უბრალო გადამწერი ვარ!