ტომას მაკოლეი – „ინგლისური საზოგადოების მანკიერი მხარე”
ვიქტორიანული ეპოქის დიდი შოტლანდიელი ისტორიკოსი,პოეტი და პროზაიკოსი – ტომას მაკოლეი (1800-1859 წლები) ინგლიურ საზოგადოებაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის შესახებ წერდა:
„მე არ ვიცი უფრო სასაცილო სანახაობა,ვიდრე ინგლისური საზოგადოება იმ დღეებში,როცა მას მორალური კრუნჩხვების პერიოდული პაროქსიზმი ეწყება.საერთოდ,სხვათა ცოლების გატაცება,განქორწინება და ოჯახური უსიამოვნებანი ინგლისში მშვიდობიანად მიმდინარეობს და არავის ყურადღებას არ იქცევს.ჩვენ,ინგლისელები,ვკითხულობთ ხოლმე მომხდარ სენსაციებზე,ვმსჯელობთ მათზე ერთი დღე-ღამის განმავლობაში და შემდეგ სამუდამოდ ვივიწყებთ.მაგრამ ექვსი ან შვიდი წლის თავზე ჩვენი სათნოება ზოგჯერ უცებ დააჭყეტს თვალებს და საბრძოლველად აენთება.იმ წუთებში ჩვენთვის აუტანელი ხდება რელიგიისა და ზნეობის შელახვა მეუღლეთა ოჯახურ ურთიერთობაში.ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს,ციხესიმაგრეები ვაშენოთ მდაბალ ვნებათა შემოტევისაგან თავის დასაცავად.უეცრად წარმოგვეშლება სურვილი,გამოვაცხადოთ,საზეიმოდ ვაღიაროთ მთელი მსოფლიოს გასაგონად,თუ როგორი ყოჩაღები ვართ ოჯახური კავშირის უდიდესი მნიშვნელობის გაგებაში.ამ გრიგალივით თავს დატეხილ,მოულოდნელ გარემოებათა გამო,ვინმე უბედური,რომელიც არაფრით არ არის სხვებზე უფრო დაცემული,რომელთა შეცოდებანი ყოველთვის შეწყალებას იმსახურებენ,უცბად საღმრთო ზვარაკად იქცევა.თუ შვილები ჰყავს – ართმევენ,თუ თანამდებობა უკავია – სამსახურიდან ითხოვენ.ინგლისის მმართველი და მაღალი კლასების წარმომადგენელნი,თავიანთი დარბაზებიდან აძევებენ და სალმის ღირსადაც არ თვლიან. (ავტორი გენია.ჯი) დაბალი კლასების ბიჭბუჭები ღრიანცელითა და სტვენით ხვდებიან და ჭყივილითა და გოროხების სროლით აცილებენ.ერთი სიტყვით,ისინი იმ უბედურ მოსწავლეებს ემსგავსებიან,რომლებსაც ამხანაგების დასაშინებლად სჯიან ხოლმე და აი,ყოველივე ეს განხორციელდა.ჩვენ შინაგანი თვითკმაყოფილების გრძნობით ვსხდებით სასადილო მაგიდასთან,სიამოვნებით ვიხსენებთ საკუთარ სიმკაცრეს და უდიდესი სიამაყის გრძნობით ვადარებთ ინგლისის მიერ მიღწეული ზნეობის უმაღლეს საფეხურს,სარდაფების იმ უბადრუკ ზღურბლებს,რომლებზედაც ძლივძლივობით მიბობღავენ თავქარიანი პარიზელები.
სადილის ბოლოს,საჭმლის მონელებასთან ერთად,მრისხანების ცეცხლი ნელდება.ამბობენ,რომ ჩვენი ქველმოქმედების მსხვერპლი განადგურებული და გაღატაკებულია.ბოლოს,ჩაროზის შემდეგ,გვატყობინებენ,რომ ჩვენი ქველმოქმედების მსხვერპლს სასოწარკვეთილებისაგან თავი მოუკლავს. და აი,ყველაფერი დასრულდა.ჩვენი მაძღარი სათნოება კვლავ შვიდი წლის ძილს მიეცემა”. – (ავტორი გენია.ჯი)