როგორ ებრძოდა ინგლისის ხელისუფლება ჯორჯ ბაირონს?!
„მე ამ ქვეყნად მეგობრები არ გამაჩნია, თუმც ბევრი სკოლის ამხანაგი მყავდა. ახლა ისინი „ცხოვრებას შეერწყნენ”. ესე იგი, მოგვევლინენ საშინელ ნიღბებში, – ვინ სამხედრო ნიღბით, ვინ ვექილის წამოსასხამით, ზოგმა ანაფორა ჩაიცვა და რელიგიის მსახურად მოაქვს თავი,ზოგმა უბრალოდ მაღალი საზოგადოების ნიღაბი აიფარა და ამ მასკარადს ისინი ცხოვრებას უწოდებენ”. – აღნიშნული სიტყვების ავტორი გახლავთ გენიალური ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი – ჯორჯ გორდონ ბაირონი (1788-1824 წლები), რომელსაც სამწუხაროდ, იმ პერიოდის ინგლისში მოუწია მღვაწეობა, როდესაც ნისლიან ალბიონზე მართალი სიტყვა სასტიკად იდევნებოდა. ბაირონი კი თავისი შემოქმედებით სწორედაც რომ მართალი სიტყვის აპოლოგეტი პოეტი გახლდათ, რასაც მისი ერთ-ერთი ლექსიც აშკარად მოწმობს. ის ლექსი, რომელიც მან ინგლისის მეფეს – ჯორჯ IV-ს მაშინ მიუძღვნა, როდესაც იგი უინძორში, სამეფო საძვალეში ჰენრიხ VIII-ისა და კარლოს I-ის აკლდამებს შორის იხილა:
„ვინც შერყვნა ძმობა და შერისხა ღმერთიც და ერიც,
ამ აკლდამებში განისვენებს ცოდვილი მძორით,
ერთად უთავო კარლოსი და უგულო ჰენრი
და მესამესაც უკვე ვხედავ მე იმათ შორის.
თუმცა ის კიდევ ცოცხალია, იღწვის ერისთვის,
მეფეა იგი, მაგრამ მაინც მეფედ ვერ ითქმის.
ჰენრი მეუღლეს აწამებდა, ერს კი კარლოსი,
და დღეს ორივე ერთად ცხოვრობს ამ უგვანოში.
ერთის მკვლელისა და მეორის ძალმომრეობა
ერთად აღზევდნენ ამ მესამის გვამში ღრეობად.
ორი ვამპირი, ორი მეფე, უფალმა უწყის,
ისევ გაცოცხლდა და ორივე ერთს შეუერთდა.
ჯორჯ მეფეში აკლდამებმა, თითქმის უეცრად
გადმოანთხიეს დამარხული სისხლი და ჭუჭყი”.
ბაირონის აღნიშნულმა ლექსმა სპირტიანი სასმელების დიდი მოტრფიალე და მთავრობის ანტიდემოკრატიული კურსის მხარდამჭერი ჯორჯ IV იმდენად განარისხა, რომ მონარქმა მის წინააღმდეგ „ანტი-ბაირონული” კამპანიის ავტორობაც კი იტვირთა. მეფის უშუალო მითითებით გენიალური ინგლისელი პოეტის წინააღმდეგ გამოვიდა იმ პერიოდის ინგლისური პრესა, რომელმაც საშინელი სიტყვებით დაუწყო ლანძღვა გენიალურ პოეტს. და არა მხოლოდ ლანძღვა, არამედ ბაირონს სახელმწიფო ღალატშიც კი დასდო ბრალი. ჟურნალებში გამოჩნდა ბაირონის პოემებზე მიძღვნილი პაროდიები, ანონიმი ავტორების მიერ შეთხზული ცინიზმით აღსავსე წერილები. ფაქტობრივად, არ დარჩენილა არც ერთი ინგლისური ჟურნალი თუ გაზეთი, რომელსაც კბილი არ გაეკრა დიდი რომანტიკოსი პოეტისათვის. მას ჩამოაცილეს ყოველგვარი დიდების შარავანდედი და დევნა დაუწყეს. მიუხედავად ამისა, ბაირონი კვლავაც აგრძელებდა მაღალ საზოგადოებაში გავრცელებული მანკიერი მხარეების წარმოჩინებასა და გამათრახებას თავისი შემოქმედებით. იგი დასცინოდა იმ ხანდაზმულ არისტოკრატებს, რომლებმაც ახალგაზრდა გოგონებზე იქორწინეს. ასეთი სახის ქორწინების მიზანი კი, როგორც წესი, – ანგარება გახლდათ. აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ უმეტეს წილად ასეთი სახის ქორწინებებისათვის ღალატი დამახასიათებელი მოვლენა გახლდათ, რასაც ბაირონი შემდეგი სიტყვებით აღნიშნავდა – „ახალგაზრდა ცოლების ბებრუხანა ქმრები, ბრაზმორეული შუბლს ისრესენ რქების დადგმის მოლოდინშიო”.
შედეგად, ბაირონისადმი მტრულად განეწყო ინგლისური არისტოკრატიაც. ამას თან დაერთო მისი კრიტიკული გამოსვლა ინგლისის პარლამენტშიც. შეიძლება ითქვას, რომ ჯორჯ გორდონ ბაირონის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული იქნა მთელი სახელმწიფო მანქანა: პოეტის ანგარიშებს ყადაღა დაადეს, რამაც ბაირონის გაღატაკება გამოიწვია; მისი ნაწარმოების კრიტიკის შემცველ ფურცლებთან ერთად პოეტის ბინას მიაწყდა მრავალი სააღმასრულებლ ბიუროდან გაგზავნილი ფურცლები, რომლებმაც იგი აიძულეს ასეთი გაჭირვების ჟამს ყველაფერი, თვით ბიბლიოთეკაც კი გაეყიდა.
„უკანასკნელ დღეებში, – წერდა ბაირონი – ჩემთან ზედიზედ ცხადდებოდა ათასობით აღმასრულებელი. სახლში ნივთს ვერ ნახავთ, რომ ყადაღა არ ედოს. მაგრამ ამასაც თანდათან ვეჩვევი და წინანდებურად ვმუშაობ”.
გარდა ამისა, ბაირონს ბინაზე მისდიოდა ანონიმი ავტორის მიერ დაწერილი მუქარის შემცველი წერილები, რის გამოც პოეტმა პისტოლეტის მუდმივად ტარება დაიწყო. და, როდესაც მას მიზეზი ჰკითხეს, ბაირონისაგან ასეთი პასუხი მიიღეს – „საფუძველი მაქვს იძულებით სიკვდილს ვუფრთხილდეო”.
მიუხედავად ამისა, გენიოსისათვის ჩვეული შეუწყნარებელი დიდსულოვნება, რომელიც ბაირონს ახასიათებდა,ხშირად მას სიფრთხილის გრძნობას უკარგავდა, რაც მის ბიოგრაფიაში კარგად არის ასახული.
სხვა უამრავ უსიამოვნო მოვლენასთან ერთად,პოეტს ბრალი დასდეს პლაგიატში. სპეციალურად იქნა გავრცელებული ხმები, თითქოს ბაირონმა თავის ქმნილებაში – „მანფრედში” მოყვანილი ფრაზები გოეთეს შემოქმედების მწვერვალად მიჩნეული ნაწარმოებიდან – „ფაუსტი”-დან გადაიღო. აღნიშნულ ფაქტს ბაირონი შემდეგი საპროტესტო წერილით გამოეხმაურა:
„ერთნი ამბობენ, რომ „მანფრედი” მე მარლოს „ფაუსტიდან” გადმოვიღე. მეორენი ბრალს მდებენ იმაში, რომ გოეთეს „ფაუსტი” მივითვისე, მაგრამ ღმერთმა დასწყევლოს ყველა ფაუსტები, ინგლისურებიც და გერმანულებიც. მე არავისთვის არაფერი წამირთმევია. მარლოს „ფაუსტი” არც კი წამიკითხავს, ხოლო გოეთეს „ფაუსტის” წაკითხვის შესაძლებლობა არა მქონია, რადგან გერმანული ენა არ ვიცი. ერთი ჩემი მეგობარი, სახელად ლიუზი, მოგვიანებით „ფაუსტის” ნაწყვეტებს ხმამაღლა მიკითხავდა ჟენევის ტბის სანაპიროზე. მე განცვიფრებული ვიყავი ამ დიდებული ქმნილებით”.
გარდა ჯორჯ ბაირონისა, ქვეყნის ხელისუფლება ანხორციელებდა მისი დის დევნა-შევიწროებასაც, რაც პოეტს კიდევ უფრო აღაშფოთებდა. თავისი სვე-ბედით შეწუხებულმა გადაწყვიტა, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინა სამშობლო. იგი ცდილობდა, რომ ინგლისელთა საშინელი ჭორებისა და მითქმა-მოთქმისაგან ეხსნა თავი. ბაირონი მართალი აღმოჩნდა: მას ინგლისში გაუვრცელეს უბინძურესი ხმები, თითქოსდა ჯორჯს ინტიმური ურთიერთობა გააჩნდა საკუთარ დასთან. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ამ ბინძური და უსამართლო ხმების არ სჯეროდა ისეთ სახელოვან ინგლისელ პერსონას, როგორიც გახლდათ – უოლტერ სკოტი. იგი არავის ერიდებოდა და თავის შეხედულებას საჯაროდაც აფიქსიარებდა.
ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ინგლისის მთელმა ხელისუფლებამ ჯორჯ IV-ს უშუალო ხელმძღვანელობით, თავისი გაუგონარი რეპრესიული პოლიტიკის წყალობით დროებითი გამარჯვება იზეიმა ერთ გენიალურ ადამიანზე, დიად გონებასა და ბრწყინვალე ნიჭზე.
ბაირონს, თავისი ქვეყნის უდიდეს მოქალაქეს მასზედ გამხეცებულმა ინგლისმა, „სატანის მიმდევარი” და „ადამიანის მოდგმის” მტერი უწოდა.
ალბათ ამიტომაც წერდა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე იგი – „მე მძულს ჩემი ერი და ერს ვძულვარ მეო”. – (ავტორი გენია.ჯი)